თბილისის 109-ე საბავშვო ბაგა-ბაღში განმარტავენ, რომ “კიბის მოაჯირიდან ორ აღსაზრდელზე დენი “მცირედით გადავიდა”.
მათივე ცნობით, ბავშვების ჯანმრთელობას საფრთხე არ შექმნია და სააღმზრდელო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
“კიბის მოაჯირიდან მცირედით გადაიტანა დენი 2 აღსაზრდელზე. დენის დარტყმა არ მომხდარა. ორივე ბავშვი ჯანმრთელად არის. სასწრაფო დახმარების საჭიროება არ ყოფილა. აბსოლუტურად ყველაფერი მოგვარებულია. მშვიდ გარემოში მიმდინარეობს სააღმზრდელო პროცესი”,- აღნიშნავენ “ინტერპრესნიუსთან” 109-ე ბაგა-ბაღში.
ინფორმაციისთვის, ერთ-ერთმა მშობელმა გაავრცელა ინფორმაცია სოციალურ ქსელში იმის თაობაზე, რომ 109-ე ბაგა-ბაღში აღსაზრდელებს დენმა დაარტყა.
ტელეკომპანია მთავარის ინფორმაციით, მათ მშობელმა მისწერა: „მინდა შეგატყობინოთ, რომ N109 საბავშვო ბაღში კიბის მოაჯირებიდან მოხდა დენის გატარება და რამდენიმე ბავშვს დენმა დაარტყა... მასწავლებლების სიყოჩაღე რომ არა, წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მომხდარიყო... 2 თვეში უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ჩვენი შვილების სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა... ჯერ დაწამლეს ბავშვები, ახლა დენმა დაარტყათ და, ამას დამატებით, გაჩუმებას გვთხოვენ, რომ არ გახმაურდეს ამბავი და ჩვენმა დირექტორმა მშვიდად განაგრძოს თავისი უპასუხისმგებლობა..."