წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის საბავშვო ბაღში ბავშვების მიმართ შესაძლო ძალადობის შესახებ პოლიციას ორმა მშობელმა განცხადებით მიმართა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია TOK2REGIONS ავრცელებს.
ერთ-ერთი მშობლის განცხადებით, გადაწყვეტილება ბავშვების მონათხრობის საფუძველზე მიიღეს და შესაბამის ორგანოებსაც სწორედ ამ ინფორმაციის საფუძველზე მიმართეს.
"საბავშვო ბაღში ბავშვზე ხელით შეხების ფაქტი მოხდა. ძილის დროს ბავშვებს თავზე ბალიშებს აფარებენ და ისე აძინებენ. გამოიყენება არასწორი დასჯის მეთოდები: ბავშვებს აყენებენ კუთხეში და უკრძალავენ სხვა ბავშვებთან თამაშს. ამ ყველაფრის შესახებ განვაცხადეთ ბაღების გაერთიანებულ სააგენტოშიც, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, რეაგირების მაგივრად, უკუშეტევაზე წამოვიდნენ", – აცხადებს მშობელი TOK2REGIONS-თან საუბრისას.
გამოცემის ცნობით, ბავშვები ფსიქოლოგის თანხლებით გამოკითხეს. მშობლები ასევე ითხოვენ საბავშვო ბაღში სათვალთვალო კამერების დამონტაჟებას, თუმცა ეს საკითხი ამ დრომდე არ გადაჭრილა.
მომხდართან დაკავშირებით TOK2REGIONS-ს წალკის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, მელსიდა მეზიროვა ესაუბრა. მისი თქმით, ინფორმაციას ფლობს და მიმდინარეობს გამოძიება, დამატებით დეტალებზე კი არ უსაუბრია.
საბავშვო ბაღის აღმზრდელ-მენეჯერი ჟუჟუნა ბერიძე ბრალდებებს უარყოფს და მომხდარს ცილისწამებას უწოდებს. მისი განცხადებით, ამ გზით მისი თანამდებობიდან ჩამოშორება სურთ. რაც შეეხება სათვალთვალო კამერებს, მენეჯერის განმარტებით, მათი დამონტაჟება დაგეგმილია და შესაბამისი ხარჯები მომავალი წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროში Mshoblebi.ge-ს განუცხადეს, რომ გამოძიება 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას გულისხმობს. როგორც წალკის მერიაში განგვიცხადეს, ინფორმაციას ამოწმებენ.