"მამა რომ გარდაიცვალა, დედა მარტო დარჩა სამი შვილით და ჭაბუა სულ მის გვერდით იყო... ყველანაირად გვეხმარებოდა, რომ მის დას ეს სიმძიმე არ შეხებოდა..." - როგორ იხსენებენ ირაკლი და ნინია კაკაბაძეები მშობლებს, ბავშვობას და ცნობილ ბიძას - მშობლები

"მამა რომ გარდაიცვალა, დედა მარტო დარჩა სამი შვილით და ჭაბუა სულ მის გვერდით იყო... ყველანაირად გვეხმარებოდა, რომ მის დას ეს სიმძიმე არ შეხებოდა..." - როგორ იხსენებენ ირაკლი და ნინია კაკაბაძეები მშობლებს, ბავშვობას და ცნობილ ბიძას

2026-11-18 18:26:59+04:00

პოდკასტში "ბაბუა წესების გარეშე", ბიძინა ბარათაშვილთან სტუმრობისას ცნობილმა და-ძმამ - ირაკლი და ნინია კაკაბაძეებმა, გაიხსენეს წარსული, ბავშვობა და ისეთ გამორჩეულ ოჯახში გაზრდა, როგორიც მათ ჰქონდათ. ირაკლის და ნინიას დედა ხელოვნებათმცოდნე, მშვენიერი ნათია ამირეჯიბი იყო, მამა - მეცნიერი და ფილოსოფოსი ზურაბ კაკაბაძე, ბიძა (დედის ძმა) - ქართველი მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი, მეორე ბიძა კი - ნოდარ კაკაბაძე, ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგი.

როგორ იხსენებენ და-ძმა კაკაბაძეები დედას, მამას, ჭაბუა ამირეჯიბს:

ნინია:

- ჩვენ მაინც ამ ბავშვების აღქმები სხვადასხვანაირი გვაქვს. იმიტომ, რომ მე ძალიან პატარა ვიყავი, ირაკლის უფრო ჰქონდა ურთიერთობა ჭაბუასთანაც, დეიდაჩემ როდამთანაც, მის მეუღლე ბრუნოსთანაც - მიუჯდებოდა და რაღაცებს ეკითხებოდა. ეს მახსოვს...მე მაშინ პატარა ვიყავი, 9, 10, 11 წლის და აბსოლუტურად სხვა ინტერესები მქონდა.

სხვათა შორის, დედა რომ გარდაიცვალა და მე და ირაკლი ბევრს ვლაპარაკობდით, მაშინ იმასაც მივხვდი, რომ ჩვენ აბსოლუტურად განსხვავებული ნათია გვყავს. ერთმანეთისგან განსხვავებული. როგორც ერთ ადამიანს შეიძლება ორი მხრიდან ხედავდე — აქ ცუდსა და კარგზე არ არის ლაპარაკი — უბრალოდ, მე სულ სხვანაირ ნათიას ვიცნობ, ირაკლი კი სულ სხვანაირ ნათიას იცნობს.

natia-1795014046.png
ნათია ამირეჯიბი

ასეა მთლიანად ჩვენი ბავშვობაც და ბავშვობისდროინდელი აღქმებიც.

მამა რომ გარდაიცვალა, რვა წლის ვიყავი. მამას გოგო ვიყავი, პატარა გოგო, რომელიც, წარმოიდგინე, ზურას არანორმალურად ჰგავდა გარეგნულად.

133574336-3778313952188953-3294897539847970517-n-1795014079.jpg
ზურაბ კაკაბაძე

საწყალი თურმე, როცა ეუბნებოდნენ: „შენი გოგო ვნახეთ, როგორ გგავსო“, ცოტა შეწუხებული სახით პასუხობდა, რადგან დედას არ ვგავდი და მამას:"ბოდიში, მაპატიეთ, დიდი ბოდიში, რა გავაკეთო?" - ასე ამბობდა მამაჩემი (იცინის). თუმცა ძალიანაც მოსწონდა, რომ ვგავდი.

ძალიან მანებივრებდა...ყველამ იცოდა, რომ ზურა როცა მუშაობდა, სახლში მისი შეწუხება არ შეიძლებოდა. აკრძალული კი არ იყო, მაგრამ ყველა უფრთხილდებოდა, რომ მშვიდად ემუშავა.მე, ცხადია, ეს არ ვიცოდი, პატარა ვიყავი. შევიდოდი, კალთაში ჩავუჯდებოდი, ავიღებდი მის კალამს და მის ნაწერებზე კარგად ვჯღაბნიდი... იმდენად ვუყვარდი, რომ ვერ მეუბნებოდა: „ბავშვო, შენს ნაჯღაბნებს ნუ მიკეთებო!“

...მამა რომ გარდაიცვალა, ორივე ბიძა (ჭაბუა და ნოდარი - რედ.) ჩემთვის რაღაცნაირად მამის არქეტიპები გახდნენ. ჩამინაცვლეს ნოდარმა და ჭაბუამ, ოღონდ ძალიან განსხვავებული ფუნქციებით და განსხვავებული ემოციები მაქვს მათ მიმართ.

ნოდარი იყო ის, ვინც მამა ჩამინაცვლა იმ მხრივ, რომ ყოველდღე მოდიოდა ჩვენთან, მამეცადინებდა, გაკვეთილებს გვიტარებდა, გერმანულს გვასწავლიდა მე და ირაკლის. მელაპარაკებოდა. ჩემი მეორე მეგობარი იყო ნოდარი, უკვე რვა წლის ასაკიდან.

nodar-1795014285.png

არანორმალურად მიყვარდა და დღესაც ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანია, რომელიც ყველაზე მეტად მენატრება. მისგან არანორმალური სითბო მახსოვს. ალბათ, ისიც ჰქონდა, რომ ჩემში კიდევ უფრო მეტად ხედავდა ამ კაკაბაძეს.

ჭაბუა კი, იცი, ასეთ დროს დედაზე ღელავდა — დედაზე, რომელიც მარტო დარჩა სამი შვილით და რთული პერიოდი ჰქონდა... უფროსი ძმაც გვყავდა, რომელიც ლოგინად იყო ჩავარდნილი... დედა მუშაობდა ყველგან, სადაც შეეძლო, რომ ჩვენ საჭმელი და სასმელი არ მოგვკლებოდა.

ჭაბუა იყო ის, ვინც მას გვერდში ედგა. ასე ვთქვათ, კაცი იყო ჩვენს ოჯახში, რომელიც ყველანაირად გვეხმარებოდა, რომ მის დას, ნათიას, ეს სიმძიმე არ შეხებოდა; ჩვენ არ გვეგრძნო უმამობა და ის, რომ ოჯახში კაცი არ იყო.

ერთი სიტყვით, ყველაფერს ჭაბუა გვიგვარებდა.

chabua-1795014305.png
ჭაბუა ამირეჯიბი

ირაკლი:

- ჭაბუა ციხეში იჯდა ჩვიდმეტი წელი და სისტემის წინააღმდეგ იბრძოდა. „თეთრი გიორგის“ დამფუძნებელი იყო. იმ პრივილეგიებითაც, რაც მაშინ შეიძლება ჰქონოდათ, ნაკლებად სარგებლობდა.

სხვათა შორის, მამაჩემსაც ჰქონდა ასეთი დამოკიდებულება — დიდად არ გვიშვებდა ელიტურ ადგილებში... სულ ამბობდა, უბრალო ხალხთან ერთად, სოფელში, გლეხებთან უნდა გაიზარდოთო.

ნინია რვა წლის იყო, მე კი ცამეტის, როცა მამა გარდაიცვალა. მანამდე სულ სოფელში ვიყავით, ჩვენი გამზრდელი საშიკოს ძუძუმტეებთან ვიზრდებოდით. მამა ამბობდა, ბავშვი გლეხებთან უნდა გაიზარდოს, სოფელში უნდა იყოსო.

ჭაბუაც ასეთი კაცი იყო. ქართლური დიალექტით ლაპარაკობდნენ დეიდაჩემიც, ჭაბუაც. ჭაბუას ძალიან გამოკვეთილი ქართლური ინტონაცია ჰქონდა...

იცი, რა არის საინტერესო? ამ თაობას საოცარი თვისებები ჰქონდა. ბევრი ძალიან კარგი თვისება ჰქონდათ, რომლებიც ახლა გასახსენებელია და, შეიძლება, რაღაცნაირად აღსადგენიც.ბევრი ადამიანი ერთად ახერხებდა რაღაცნაირად თავის გატანას და ერთმანეთს იტანდნენ.ახლა როგორ აიტანს ადამიანი ამდენ ხალხი ერთად ცხოვრებას, მე არც კი წარმომიდგენია. იმის ნახევარსაც კი ვერ აიტანენ, რასაც მაშინ იტანდნენ. დღეს ადამიანები ერთმანეთს ვეღარ იტანენ, როგორც წესი.ეს ინდივიდუალიზმი, მომხმარებლური დამოკიდებულებები ძალიან ღრმად არის გამჯდარი. მაშინ ეს ასე არ იყო.

ჭაბუასაც ჰქონდა რაღაც საოცარი თვისება, მისთვის ოჯახი ვიწრო გაგებით არ არსებობდა. ოჯახში თითქმის მთელი დასახლება იგულისხმებოდა. ანუ ოჯახი მხოლოდ შვილები და შვილიშვილები კი არა, დები, ბიძაშვილები, ნათესავები, მეზობლები იყვნენ.ყველას პატრონობდა, გესმის? და ეს მარტო ჭაბუას თვისება არ ყოფილა. მის თაობაში, ვინც ნორმალური ადამიანი იყო, ასე უნდა მოქცეულიყო. ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო...

ჭაბუა და ბაბუაჩემი კონსტანტინე გამსახურდიასთან მეგობრობდნენ. ჭაბუა გაიზარდა კონსტანტინესა და ამ ადამიანების გავლენის ქვეშ.ეს იმ თაობის ხალხისთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო — ასე უნდა ყოფილიყავი, ბევრი ადამიანის პატრონი.

ამას თავისი ნაკლიც ჰქონდა, ცხადია. არაფერია იდეალური. არც იქით იყო ყველაფერი იდეალურად და არც აქ არის... დღეს იმდენად შეცვლილია ვითარება, რომ კორპუსებში ხედავ, ყველა ჩაკეტილია, ოთახიდან გამოხედვისაც კი ეშინია ხალხს. არა იმიტომ, რომ მართლა რაღაც საშიშია, არამედ იმიტომ, რომ გარემო გაუცხოებულია.

და-ძმობა

ნინია:

- მე და ირაკლი აღარ ვჩხუბობთ. სერიოზულად არც ვჩხუბობდით, ვკამათობდით ხოლმე. სხვადასხვა დამოკიდებულება გვაქვს სხვადასხვა საკითხის მიმართ და ამას გამოვხატავდით. ირაკლიმ მასწავლა დემოკრატია, რომ განსხვავებული აზრები უნდა გვქონდეს.ამიტომ ხშირად მისი აზრისგან განსხვავებული აზრი მაქვს.

მაგრამ მერე, განსაკუთრებით დედა რომ გარდაიცვალა, მივხვდით, რომ კამათში და ამ ყველაფერში დრო არ უნდა დავკარგოთ. საბოლოო ჯამში, ერთმანეთის მეტი არავინ გვყავს... შეიძლება ისევ არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს, მაგრამ აღარ ვკამათობთ.მთავარი ეს არის: „შენ რაც გინდა, ის ქენი, მე არ ვბრაზდები“.

ასე, გადასარევად მივედით რაღაცნაირ სიმშვიდემდე... ირაკლის ვინც იცნობს და იცის, როგორი კეთილი ადამიანია, იმას წარმოუდგენლად მიაჩნია, რომ მისგან რამე შეიძლება სერიოზულად გეწყინოს, რაც არ უნდა გაგლანძღოს ან ცუდი გითხრას...

ქვიზი: რამდენად კარგად გახსოვს ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხია“ და რა იცი ამ ნაწარმოების შესახებ?
ერთხელ დახარა თავი და მაშინ მოკლეს... - ჭაბუა ამირეჯიბის უფროსი ვაჟის ისტორია, რომელიც აფხაზეთის ომში სნაიპერმა ქალმა მოკლა
ეს წერილი თვრამეტისას წააკითხეთ თქვენს ბალღებს! - რა უანდერძა შთამომავლებს ჭაბუა ამირეჯიბმა?