თუ ბავშვი ხშირად ცივდება, ჯერ ეს ვიტამინი შეუმოწმეთ - უმნიშვნელოვანესია სიმაღლეში ზრდისთვისაც - მშობლები

თუ ბავშვი ხშირად ცივდება, ჯერ ეს ვიტამინი შეუმოწმეთ - უმნიშვნელოვანესია სიმაღლეში ზრდისთვისაც

2026-11-19 09:32:57+04:00

ბავშვებში A ვიტამინის დეფიციტი ერთბაშად არ ვითარდება. ეს ვიტამინი ცხიმში ხსნადია, ღვიძლში გროვდება და ორგანიზმი მის მარაგს თანდათანობით ხარჯავს.

A ვიტამინი მონაწილეობს მხედველობისა და იმუნური სისტემის გამართულ მუშაობაში და უმნიშვნელოვანესია ბავშვის ზრდისთვის. სწორედ ამიტომ აუცილებელია, დეფიციტის სიმპტომები დროულად შევამჩნიოთ და რაციონი დავაკორექტიროთ. როდესაც ორგანიზმში მარაგი იწურება, ზიანდება მხედველობა, კანი, ლორწოვანი გარსები და იმუნიტეტი. ხშირად ამ ნიშნებს გადაღლილობას, გათბობისგან გამომშრალ ჰაერს ან სეზონურ გაციებას მიაწერენ, რის გამოც დეფიციტი შეუმჩნეველი რჩება.

A ვიტამინის ნაკლებობის სიმპტომები ბავშვებში

რადგან დეფიციტი ნელ-ნელა ყალიბდება, სიმპტომებიც გარკვეული თანმიმდევრობით ჩნდება: თავდაპირველად ზიანდება მხედველობა, შემდეგ — კანი და ლორწოვანი გარსები, ბოლოს კი — იმუნიტეტი.

1. მხედველობის გაუარესება შებინდებისას

ბავშვი ბინდში ცუდად ხედავს: ფეხს წამოჰკრავს ხოლმე, ვერ ცნობს ნაცნობ საგნებს და წუწუნებს, რომ „ბნელა“. დღისით მხედველობა ნორმალური რჩება, ამიტომ მშობლები პრობლემას გვიან ამჩნევენ.

2. თვალებისა და ლორწოვანი გარსების სიმშრალე

ბავშვი თვალების სიმშრალეს უჩივის, ხშირად ახამხამებს თვალებს, უწითლდება. უფრო გვიან სტადიაზე კონიუნქტივაზე თეთრი ლაქები ჩნდება. მძიმე ფორმამ კი შესაძლოა რქოვანას დაზიანებაც გამოიწვიოს.

3. კანის სიმშრალე და ფოლიკულების გარქოვანება

კანი შრება და იქერცლება, თმის ფოლიკულების გარშემო კი წვრილი კვანძები ჩნდება — უმეტესად მხრებზე, ბარძაყებსა და დუნდულებზე. თმა კარგავს ბზინვარებას და მტვრევადი ხდება, ფრჩხილები კი იქერცლება.

4. ხშირი ინფექციები

დეფიციტისას სასუნთქი გზების ლორწოვანი შრება და თხელდება, ვირუსებსა და ბაქტერიებს ორგანიზმში შეღწევა უადვილდებათ. ამიტომ დეფიციტის მქონე ბავშვს უფრო ხშირად ემართება რესპირატორული ინფექციები, ჭრილობები ნელა უხორცდება და ნაწლავური ინფექციებიც უფრო რთულად მიმდინარეობს.

5. ზრდის შენელება და უმადობა

A ვიტამინი არეგულირებს ზრდასა და უჯრედების გაყოფას, ამიტომ მისი ნაკლებობისას ბავშვი ნელა იზრდება. ქვეითდება მადაც: ნაწლავის ლორწოვანი გარსი უარესად მუშაობს და საკვები სრულფასოვნად აღარ შეიწოვება. ხშირ ინფექციებთან ერთად, ეს წონასა და სიმაღლეში ჩამორჩენას იწვევს.

6. ანემია

ვიტამინი ორგანიზმს ღვიძლიდან რკინის მარაგების გამოთავისუფლებასა და ჰემოგლობინში ჩართვაში მონაწიოებს. შესაბამისად, მისმა დეფიციტმა შესაძლოა ანემიის განვითარებასაც შეუწყოს ხელი.

5 პროდუქტი A ვიტამინის დეფიციტის შესავსებად

რადგან ცხოველური რეტინოლი უკეთ აითვისება, მცენარეულ ბეტა-კაროტინს კი შეწოვისთვის ცხიმი და ორგანიზმში გარდაქმნა სჭირდება, ბავშვის მენიუში ორივე ფორმა უნდა გავაერთიანოთ.

ღვიძლი — რეტინოლის ყველაზე კონცენტრირებული წყარო

ბავშვისთვის სრულიად საკმარისია კვირაში ერთხელ 30-50 გრამი ღვიძლი. რაციონში ის თანდათანობით შეიტანეთ, მაგალითად, დაამატეთ ღვიძლის პიურე ჩვეულებრივ გუფთაში.

სტაფილო — ბეტა-კაროტინი ცხიმთან ერთად

სტაფილო, გოგრა, ტკბილი კარტოფილი და გარგარი მდიდარია ბეტა-კაროტინით. მისი გარდაქმნა სრულად არ ხდება: ბეტა-კაროტინის 12 ნაწილიდან დაახლოებით 1 ნაწილი რეტინოლი მიიღება, ამიტომ დღიური ნორმის შესავსებად მცენარეული პროდუქტი უფრო მეტია საჭირო, ვიდრე ცხოველური. სამაგიეროდ, ბეტა-კაროტინს დიდი უპირატესობა აქვს — ის დიდი დოზებითაც არ არის ტოქსიკური და ჭარბი რაოდენობა მხოლოდ კანის მსუბუქ გაყვითლებას იწვევს, რაც დოზის შემცირებისთანავე ქრება.

ბეტა-კაროტინის ასათვისებლად აუცილებელია ცხიმი, ამიტომ კარაქთან, ზეთთან ან არაჟანთან ერთად მომზადებული სტაფილო ბევრად უკეთ შეიწოვება. ბიოშეღწევადობას ზრდის მოშუშვა და ღუმელში გამოცხობაც.

ისპანახი

ისპანახი, ბროკოლი და მწვანილი შეიცავს როგორც ბეტა-კაროტინს, ისე მხედველობისთვის სასარგებლო ლუთეინსა და ზეაქსანტინს. სტაფილოს მსგავსად, ეს ბოსტნეულიც ცხიმთან ერთად უკეთ აითვისება. მცირე ასაკის ბავშვებისთვის უმჯობესია ისპანახი დააქუცმაცოთ და წვნიანებს ან ომლეტს დაუმატოთ.

კვერცხი

კვერცხის გული შეიცავს მზა A ვიტამინს, ასევე D ვიტამინსა და ქოლინს. ერთი კვერცხი რეტინოლის მცირე, მაგრამ სტაბილურ ულუფას (დაახლოებით 70-100 მკგ) იძლევა. ბავშვებისთვის უმჯობესია მოხარშული კვერცხი ან ორთქლზე მომზადებული ომლეტი. წლამდე ასაკის პატარებს გულს რაციონში თანდათანობით, მცირე ულუფებით აცნობენ.

ცხიმიანი რძის პროდუქტები

მოუხდელი რძე, ხაჭო, ყველი და კარაქი შეიცავს როგორც რეტინოლს, ისე ცხიმებს, რომლებიც მის შეწოვას უწყობს ხელს. ერთ წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის სასარგებლოა ნატურალური, ცხიმიანი რძის პროდუქტები, ხოლო კარაქი შეგიძლიათ დაუმატოთ ფაფაში ან წაუსვათ პურზე.

როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვი უარს ამბობს ამ პროდუქტებზე?

ბევრ ბავშვს არ უყვარს ღვიძლი და მოხარშული ბოსტნეული. რაციონში A ვიტამინის შეუმჩნევლად დასამატებლად რამდენიმე მარტივი ხერხი გამოგადგებათ:

  1. შეურიეთ ღვიძლი ნაცნობ კერძებში: კატლეტებში, ხორცის სუფლეში, კარტოფილის პიურეში ან ღვეზელის გულსართში. ასე მისი სპეციფიკური გემო იფარება, სარგებელი კი რჩება.

  2. გამოიყენეთ სტაფილო და გოგრა დესერტებში — დაამატეთ მათი პიურე ოლადებში, მობრაწულაში ან სმუზიში.

  3. შესთავაზეთ კვერცხი განსხვავებული ფორმით — საცხობ ფორმებში მომზადებული მინი-ომლეტები ან მაფინები ბავშვს ბევრად უფრო დააინტერესებს, ვიდრე ჩვეულებრივი მოხარშული კვერცხი.

4 ხრიკი, რომელიც ბავშვს ჰემოგლობინს სწრაფად აუწევს

მოსაზრება, რომ რკინის მთავარი წყარო ვაშლი და წიწიბურაა, მხოლოდ ძველი მითია. სინამდვილეში ვაშლში რკინა ძალიან ცოტაა, წიწიბურიდან კი ის თითქმის არ შეიწოვება.

ბავშვის ორგანიზმი პატარა ბიოქიმიური ლაბორატორიაა. ჰემოგლობინის ასაწევად საკმარისი არ არის მხოლოდ რკინით მდიდარი საკვების მიცემა — საჭიროა დავეხმაროთ მას სისხლში მოხვედრაში. რკინა საკმაოდ „პრეტენზიული“ ელემენტია: მის ასათვისებლად აუცილებელია C ვიტამინი და მჟავე გარემო, ხოლო რძე, ჩაი და ყავა, პირიქით, ხელს უშლის მის შეწოვას. თუ რამდენიმე კულინარიულ ხრიკს გამოიყენებთ, ჰემოგლობინის ამაღლებას ჩვეულებრივი საკვებითაც მარტივად შეძლებთ.

მოამზადეთ მჟავე კერძები თუჯის ტაფაზე ჩვეულებრივი, საფარის გარეშე დამზადებული თუჯის ტაფა რკინის დამატებითი წყაროა. როდესაც მასში მჟავე გარემოს მქონე საკვებს ამზადებთ — პომიდვრის სოუსს, ლიმონის წვენით შეზავებულ კერძებს ან მოშუშულ პომიდორს — ლითონის იონები ტაფის კედლებიდან პირდაპირ საკვებში გადადის. თუჯის ტაფაზე მომზადებული ტომატის სოუსი 2-3-ჯერ მეტ რკინას შეიცავს, ვიდრე სხვა ზედაპირზე მომზადებული. ხორცსა და ერბოკვერცხში მატება შედარებით მცირეა (დაახლოებით 15-20%), თუმცა დღიური ნორმის შესავსებად ესეც კარგი დანამატია. კერძის გემო ამით არ იცვლება.

საბავშვო საუზმისა და სადილისთვის შეგიძლიათ პატარა თუჯის ტაფა გამოყოთ. პომიდვრიანი ერბოკვერცხი, ტომატის სოუსში ჩაშუშული ქათამი თუ ბოსტნეულის რაგუ ჰემოგლობინის ამაღლებაზეც იმუშავებს. გაითვალისწინეთ, რომ ახალ ტაფას თავდაპირველად ზეთით გამოწვა სჭირდება დამცავი ფენის შესაქმნელად, რეცხვისას კი აგრესიული სარეცხი საშუალებები და ჭურჭლის სარეცხი მანქანა არ უნდა გამოიყენოთ.

მოამზადეთ ისპანახის სმუზი საუზმეზე ისპანახი, ბროკოლი და ოსპი მცენარეულ პროდუქტებს შორის რკინის შემცველობით ლიდერობენ, თუმცა მათგან რკინა ძალიან ცუდად — მხოლოდ 1-5%-ით აითვისება. ორგანიზმს მცენარეული ბოჭკოებიდან რკინის „გამოთავისუფლებაში“ ბლენდერი ეხმარება.

მწვანილის დაბლენდერებისას უჯრედის კედლები ირღვევა და რკინა უფრო ხელმისაწვდომი ხდება. თუ ისპანახს კივის, მარწყვს ან ფორთოხალს დაუმატებთ, ბიოშეღწევადობა 2-3-ჯერ გაიზრდება — ხილში არსებული C ვიტამინი რკინის სისხლში გადამტანის როლს ასრულებს. სწრაფი რეცეპტი ასეთია: ერთი მუჭა ისპანახი, ნახევარი ბანანი, ერთი მუჭა მარწყვი და ნახევარი კივი დააბლენდერეთ ფორთოხლის წვენთან ერთად.

როდის უნდა გაუჩნდეს მშობელს ეჭვი, რომ ბავშვი სიმაღლეში ზრდაში ჩამორჩება და ვის უნდა მიმართოს ასეთ დროს - სპეციალისტი საუბრობს
ჩემი 12 წლის შვილი ერთი წელია, სიმაღლეში არ გაზრდილა, მეორემ კი მხოლოდ ერთი სანტიმეტრი მოიმატა. რომელ ექიმს უნდა მივმართო? - როგორ შევამოწმოთ ბავშვის ზრდის ტემპი
მხოლოდ მშობლის სიმაღლეს მნიშვნელობა არ აქვს... ზრდაზე ორი მთავარი ფაქტორი მოქმედებს - შოთა ჯანჯღავა განმარტავს, როგორ შევუწყოთ ხელი ბავშვის სიმაღლეში ზრდას