თბილისში, ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს დაზიანებული ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი.
როგორც თვითმხილველები „ინტერპრესნიუსთან“ ჰყვებიან, აფეთქების ხმა, დაახლოებით 9:00 საათზე გაიგეს. დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსიდან კი მოსახლეობის ნაწილი უვნებელი გამოიყვანეს.
„აფეთქება,127 - ე სკოლის უკან მოხდა, ერთი დაშავებული გამოიყვანეს, იმდენად დაზიანებულია კორპუსი, ვერ არკვევდნენ კორპუსში
მყოფი ადამიანების რაოდენობას. რამდენიმე ადამიანი გამოიყვანეს უვნებლად“,- აღნიშნავენ თვითმხილველები.
სააგენტოს ცნობით, აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სამივე პირი, კონტაქტურ მდგომარეობაში, სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.