"ძალიან რთული ცხოვრება გავიარე, ბავშვთა სახლში გავიზარდე... 22 წელიწადია, ქუჩის მუსიკოსი ვარ" - ვინ არის "ნიჭიერის" ვარსკვლავი, რომლის ვიდეოებს ასი ათასობით ნახვა და უამრავი მოწონება აქვს - მშობლები

"ძალიან რთული ცხოვრება გავიარე, ბავშვთა სახლში გავიზარდე... 22 წელიწადია, ქუჩის მუსიკოსი ვარ" - ვინ არის "ნიჭიერის" ვარსკვლავი, რომლის ვიდეოებს ასი ათასობით ნახვა და უამრავი მოწონება აქვს

2026-11-19 10:48:48+04:00

პროექტ „ნიჭიერის“ სცენაზე გამოსულმა ქუჩის მუსიკოსმა რაფაელ არუთინიანმა ჟიურის, დარბაზის და ტელემაყურებლის აღფრთოვანება დაიმსახურა. მისი გამოსვლა იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ შოუს წამყვანი თიკა ფაცაცია ჟიურის მაგიდასთან მიიჭრა და ოქროს ღილაკს დააჭირა ხელი. რაფაელის ვიდეოებს ასი ათასობით ნახვა და უამრავი მოწონება აქვს.

როგორც თავად რაფაელი იხსენებს, ამ აღიარებამდე 22-წლიანი რთული გზა გაიარა. კაჭრეთის ბავშვთა სახლში გაიზარდა და საკრავებზე დაკვრაცა და ვოკალიც სრულიად დამოუკიდებლად, ქუჩაში, გამვლელების თვალწინ შეისწავლა.

„წარმოუდგენელია, როდესაც 22 წელიწადი ხარ ქუჩის მუსიკოსი და ერთ დღესაც მოდის აღიარება. ნიჭიერის სცენაზე გასვლის შემდეგ ჩემი ცხოვრება ერთ დღეში რადიკალურად შეიცვალა.

ძალიან რთული ცხოვრება გავიარე, სამწუხაროდ. გავიზარდე კაჭრეთის ბავშვთა სახლში. რვა წლის ასაკიდან აღმოვაჩინე ჩემს თავში ნიჭიერება და დავიწყე სხვადასხვა საკრავების შესწავლა. დღემდე ვსწავლობ, სწავლა სიკვდილამდეაო. ასევე დავამუშავე ჩემი ვოკალური მონაცემები. ეს ყველაფერი ქუჩაში, ხალხის თვალწინ. იქიდან გამომდინარე, რომ არ მქონდა საშუალება, ოჯახსაც არ ჰქონდა საშუალება, რომ მე მესწავლა სკოლაში, განვვითარებულიყავი. მომიწია ეს ყველაფერი ჩემით შემესწავლა და ჩემით გამეკეთებინა.

1dab0695-26bd-48cb-8c79-951eadd4749a-1795077953.png

ჩემი შემოსავლის წყაროც ქუჩა არის, ჩემი სარეპეტიციოც ეგ არის. ქუჩამ ძალიან ბევრი რამე და დიდი გამოცდილება მომცა მუსიკალურ სამყაროში. იყო ქუჩის მუსიკოსი რთულია, რადგან ბევრი რამ შეიძლება გადაგხდეს თავს. ნაირ-ნაირი ადამიანები არსებობენ: კეთილები, ბოროტები... ყველას შენი სიმღერა არ სიამოვნებს, რაც არ უნდა ძალიან მაგრად მღეროდე, სამწუხაროდ. მაგრამ ის ფაქტი ყოველთვის გაბედნიერებს, როცა მსმენელი გაივლის და „შენი ბულბული“, ბულბულის ხმას ეძახიან ჩემს ხმას, როცა დავიწყებ სიმღერას, ესეთი ბებო შემოიხედება ხოლმე და „რა ხმა გაქვს შვილო!“ და ამით ძალიან დადებითი ემოციები მოდის.

ჩემი ოცნება ის არის და ის, რომ ჩემი თავი ჩემი ნიჭიერებით დავდგე ფეხზე, იმიტომ რომ ბედნიერი ვარ, მყავს ძალიან ულამაზესი პატარა შვილი, რომლის გულისთვისაც ვცხოვრობ, ვარსებობ და მინდა, რომ კარგი მომავალი მივცე მას. ის მივცე, რაც მე არ მქონია.

f4aafb65-6626-44a2-8f62-d434d8c50a2e-1795078512.png

ბავშვთა სახლში ცხოვრება ვისთვის რთულია და ვისთვის არა, იმიტომ რომ როცა არ იცი, დავუშვათ, სახლში როგორ ცხოვრობენ, იქ შენთვის უკვე კომფორტულია, იმიტომ რომ მიჩვეული ხარ, სხვა ბავშვებს ხარ მიჩვეული, ქართველი აღმზრდელები გყავს და ასე შემდეგ და...

ჩემი ერთ-ერთი ოცნება ის არის, რომ... მე ვარ ეთნიკურად სომეხი. ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო. სომხეთიც ძალიან მიყვარს, მაგრამ ჩემი სამშობლო არის საქართველო. აქ დავიბადე, აქ გავიზარდე და ქართულ ფოლკლორს მივყვები. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეს არის: რახან შემეძლო სომხურადაც მემღერა — ჩემს ენაზე ვმღერი კიდეც, შემეძლო სხვა ჟანრებში გადავსულიყავი, უპრობლემოდ გამომდის — უბრალოდ, თითქოს ჩემშია რა და მინდა, რომ ქართველ ხალხს სამადლობელი ამით ვუთხრა, რომ აქ გავიზარდე, ქართველებმა გამზარდეს, აღმზარდეს და ქართულად მიდის მთელი ჩემი ცხოვრება.

d018453c-4945-4788-9046-d3faf2b3e2f9-1-1795077984.png

ერთადერთი ადამიანი იყო დედაჩემი, ვისაც სჯეროდა ჩემი წარმატების. სულ მეუბნებოდა: „მოვა ისეთი დღე, როცა შენ ამ სცენაზე დადგები და ეს ნაწვალები წლები, რაც შენ გაიარე, ერთიანად დაგიფასდება“. ჩემთვის ნიჭიერის სცენა ძალიან ბევრს ნიშნავს. პირველ რიგში, დედაჩემის ოცნების ახდენას. ეს იყო ჩემი მთავარი ოცნება: დედაჩემის ცრემლები მენახა ნიჭიერის სცენაზე. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გავახარე. როცა ვუყურებდი სხვის გამოსვლას და სხვისი დედების ემოციას ვხედავდი, დედაჩემის ემოციაც მინდოდა მენახა და ეს სურვილი ამიხდა. ძალიან დიდი მადლობა კიდევ თიკა ფაცაციას, რომ ეს ოცნება აგვიხდინე, თიკა! მადლობა ძალიან!

ოქროს ღილაკს საერთოდ არ ველოდებოდი რა, სიმართლე გითხრათ. უფრო ჩემს გამოსვლას... ვიცოდი, დარწმუნებული ვიყავი უბრალოდ, რომ გადავიდოდი შემდეგ ტურში, მაგრამ ოქროს ღილაკი იყო ძალიან ისეთი ამბავი ჩემს ცხოვრებაში, რასაც ყველაზე მეტად ვნატრულობდი. ისეთი რამ მოხდა, რომ ჩემთვის წარმოუდგენელია, დღესაც შოკში ვარ.

ახლა უკვე ნახევარფინალისტი ვარ და ჟიურისგან, წამყვანებისგან და მაყურებლისგან როგორი ემოციებიც წამოვიდა, მინდა, რომ ეს ყველაფერი დავუფასო და ძალიან მაგარი ნომერი შევთავაზო ნახევარფინალში. მინდა, რომ ყველაფერი უკეთესი წარმოვაჩინო და უფრო მეტი გავაკეთო და აუცილებლად გავაკეთებ. ნახევარფინალს დაელოდეთ. წინ ყველაფერია!“ - ამბობს რაფაელი.

ალექსის და სტელას არაჩვეულებრივი გამოსვლა ნიჭიერის სცენაზე - ნიჭისა და სიყვარულის ზეიმია...
ვინ არის 15 წლის ჯაბა ვაშაძე, რომელმაც ნიჭიერის სცენაზე შესრულებული არიით ფურორი მოახდინა