18 ნოემბერს თბილისში, გამრეკელისა და მიცკევიჩის ქუჩების კვეთაზე, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) მაგისტრალური წყალსადენი დაზიანდა. დაზიანების შედეგად, ძლიერი წნევის გამო ჩაინგრა გზის საფარი და დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია, სარდაფები და საცხოვრებელი ბინების პირველი სართულები. ბევრი ადამიანი დაზარალდა, მათ შორის აღმოჩნდა ცნობილი მოდელის, რუსა ჩაჩუას მშობლების სახლი. შემთხვევის დროს სახლში მისი დედა და ქალიშვილი იმყოფებოდნენ და რუსა ყვება, რომ ისინი სასწაულებრივად გადარჩნენ. სახლი კი სრულიად დაზიანდა.
რუსა ჩაჩუა:
- დღეს დედაჩემი და ნადინკა კარგად არიან, მართლა სასწაულებრივად გადარჩნენ. დედაჩემს მრავლობითი ჰემატომა აქვს სახეზე. ცურვით გამოვიდნენ. ღამის 4-ის ნახევარზე გამოხეთქა წყალმა და წელამდე წყალში მოცურავდნენ. სახლში წარმოუდგენელი ხდება, საცხოვრებლად არ ვარგა არც ერთი ოთახი. რკინის კარს ვერ აღებდნენ, რომ გარეთ გამოსულიყვნენ. დიდი რაოდენობით წყლის ნაკადი აწვებოდა და კარს ვერ აღებდნენ. იხრჩობოდნენ საკუთარ სახლში... მართლა ტრაგედია ხდებოდა. სახლს რომ თავი დავანებოთ, უბრალოდ გადამირჩნენ... ფრთხილად იყავით ყველანაირად, სახლშიც კი არ ვართ დაცულები.