ქართველი ფიტნეს ინსტრუქტორი მარიამ შარმანაშვილი და მისი მეუღლე, დირიჟორი, სოფი ლორენის ვაჟი, კარლო პონტი ერთმანეთს დაშორდნენ.
ამის შესახებ მარიამ შარმანაშვილმა სოციალური ქსელით ამცნო გულშემატკივრებს.
"მეც არ მჯერა რომ ამას ვწერ მაგრამ, რადგან ჩვენს სიყვარულს უამრავი გულშემატკივარი ჰყავდა. სწორედ ამიტომ, თავს ვალდებულად ვთვლი, გაურკვევლობაში არ გამყოფოთ და დაგიდასტუროთ, რომ ჩემი ქორწინება დასრულდა. მიზეზებსა და დეტალებზე არ ვაპირებ საუბარს, რადგან ეს სწორ საქციელად არ მიმაჩნია თუნდაც იმიტომ, რომ ამ ექვს წლიან ურთიერთობაში უბედნიერესი ვიყავი. გარდა ამისა, ეს ამბავი მხოლოდ ჩვენ ორს, მე და კარლოს გვეხება და საჯაროდ მიზეზების განხილვა არაეთიკურად მიმაჩნია. არ ვარ ადამიანი, რომელიც პირად ურთიერთობაში იმპულსურ გადაწყვეტილებებს იღებს, მინდა იცოდეთ, რომ ეს ნაბიჯი ბევრი ფიქრის შედეგად, სრულიად შეგნებულად გადავდგი. მიუხედავად იმისა, რომ ტკივილი განუზომელია მე ეს უნდა გამეკეთებინა ორივეს ბედნიერებისთვის, მე მადლიერი ვარ კარლოსი, მასთან გატარებული ყველა ბედნიერი წუთისა და დღისთვის. ის ჩემი ცხოვრების ულამაზესი წლების შემოქმედი იყო. გულწრფელად ვუსურვებ მას ბედნიერებას და ცხოვრების ბოლომდე მის გულშემატკივრად დავრჩები.. ზოგჯერ გაშვება სიყვარულის ყველაზე ჭეშმარიტი გამოვლინებაა..." - წერს მარიამ შარმანაშვილი.

კარლო პონტისა და მარიამ შარმანაშვილს შორის შორის 22 წლიანი ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, წყვილი ყოველთვის ბედნიერი ჩანდა, თუმცა, დიდი ხნის განმავლობაში ცალ-ცალკე ცხოვრება უწევდათ.
"ადამიანებს უკვირთ, რატომ არის ახლა კარლო სხვა ქვეყანაში და მე - აქ. კარლოს პროფესიიდან გამომდინარე ისედაც ხშირად უწევს გასტროლებზე, სხვადასხვა ქვეყანაში ყოფნა. გარდაუვალია, რომ ხანდახან მოგვიწევს ცალ-ცალკე ყოფნა და ამ აზრს შეგუებული ვართ მეც და კარლოც. ჯერჯერობით კარგად ვუმკლავდებით ამ გამოწვევას. ხანდახან საჭიროც კია წყვილებისთვის დისტანცია, საინტერესოსაც კი ხდის ურთიერთობას. უფრო მეტი მონატრებაა, უფრო დიდხანს გრძელდება აღფრთოვანების მომენტი... ჩვენ ყოველდღიური და აქტიური ურთიერთობა გვაქვს." - წერდა მარიამ შარმანაშვილი.