32 წლის სამხრეთ კორეელი ბლოგერი ლი ჯინ-ვუ, რომელმაც ინტელექტის განვითარების საკუთარი მეთოდით მოიპოვა პოპულარობა, გარდაცვლილი იპოვეს მას მერე, რაც სოციალურ ქსელში მასობრივი ნეგატივი დაატყდა თავს - თითქოსდა გამოცდაზე გადაწერასთან დაკავშირებული ეჭვების გამო. პოლიცია ვარაუდობს, რომ ჯინ-ვუმ თავი მოიკლა.
YTN-ის ცნობით, ჯინ-ვუ სეულში, ჩეონგჰოს სადგურთან ახლოს მდებარე მოტელში გარდაცვლილი იპოვეს. მისი ცხედრის გვერდით იპოვეს წერილი, რომელშიც თვითმკვლელობის მიზეზად ფსიქიკური და ფიზიკური გადაღლილობა იყო მითითებული, თუმცა არ აღიარებს გამოცდებზე თაღლითობის ან ტყუილის ფაქტს.
დღეს დილით ჯინ-ვუს ონლაინ რეჟიმში პირდაპირ ეთერში უნდა გაეკეთებინა სწორედ ის ტესტი, რომლის თაღლითურად (გადაწერით) შევსებაში სდებდნენ ბრალს. თუმცა, ბლოგერი YouTube-ის ეთერში არ გამოჩენილა. მისმა გამომწერებმა ისიც შენიშნეს, რომ ჯინ-ვუმ თავისი ვიდეოების უმეტესობა წაშალა თავისი არხიდან და Instagram-ის გვერდიდან. მისი ტელეფონიც გამორთული იყო. ამის შემდეგ ჯინ-ვუს ნათესავები პოლიციას დაუკავშირდნენ. სამართალდამცველებმა კი ბლოგერის ადგილსამყოფელი ვიდეო სამეთვალყურეო კამერების მეშვეობით დაადგინეს.

ეჭვები, რომ ბლოგერმა პასუხები გადაიწერა, ინტერნეტში მას შემდეგ გაჩნდა, რაც ჯინ ვუმ გასაუბრების დროს კამერებში უჩვენა სამხრეთ კორეაში იურიდიულ ფაკულტეტზე ჩასაბარებლად LEET გამოცდის პასუხების ფურცლები. წელს ჯინ ვუ გახდა ქვეყნის ისტორიაში პირველი ადამიანი, რომელმაც გამოცდაზე მაქსიმალური ქულა დააგროვა. თუმცა, თავად ბლოგერის მიერ ინტერნეტში გამოქვეყნებულ სქრინებში ადამიანებმა შენიშნეს, რომ ენის ცოდნის განყოფილების ოთხ დავალებაში ჯინ ვუმ წინა დავალებების შემთხვევაში სწორი ვარიანტები შეარჩია, შემდეგ კი გადახაზა, რითაც ბევრმა ივარაუდა, რომ ბლოგერმა გამოცდის ჩასაბარებლად ხელოვნური ინტელექტი გამოიყენა.

მასობრივი ონლაინ კრიტიკის შემდეგ, ჯინ ვუს ჟურნალისტები ავიწროებდნენ და ბრალდებებზე კომენტარის გაკეთებას სთხოვდნენ: მას სახლთან დარაჯობდნენ, ბლოგერები კი სეულში დაეძებდნენ, პირდაპირ ეთერში. ერთ-ერთმა უდიდესმა საგანმანათლებლო კომპანიამ ბლოგერთან სარეკლამო კონტრაქტი შეწყვიტა, მიუხედავად იმისა, რომ ჯინ-ვუმ სოციალურ მედიაში ყველა ბრალდება უარყო.
სკანდალამდე ცოტა ხნით ადრე, ჯინ-ვუმ გამოაქვეყნა წიგნი „ტვინის აჩქარება“, რომელშიც ბლოგერი ინტელექტის განვითარების საკუთარ მეთოდს გვიზიარებს. ჯინ-ვუს რჩევები მოიცავს შაქრის მოხმარების შემცირებას, რეგულარულ ვარჯიშს და გაჯეტებთან დროის შემცირებას. წიგნი კორეაში ბესტსელერად იქცა თვითგანვითარების სახელმძღვანელოებს შორის.
ჯინ-ვუმ ადრე განაცხადა, რომ სამდღიანი ლაშქრობის შემდეგ, რომლის დროსაც ტელეფონი დაკარგა, მან ინტელექტის განვითარება შეძლო. ბლოგერის თქმით, შენიშნა, რომ მისი ტვინი, გაჯეტის გარეშე, ბევრად უკეთ ფუნქციონირებდა. ლაშქრობიდან დაბრუნების შემდეგ ჯინ-ვუმ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა აკადემიური მოსწრება, კორეის უნივერსიტეტში ჩააბარა და სეულის ეროვნული უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტზეც კი გადავიდა, რომელიც კორეაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ფაკულტეტია.
მან ძალიან მალე მოიპოვა პოპულარობა და გენიოსადაც მოიხსენიებდნენ. თუმცა როგორი სწრაფიც იყო აღმასვლა, ისევე სწრაფი აღმოჩნდა ძირს დაცემა და უამრავი ნეგატივი, რასაც, როგორც ჩანს, მან ვეღარ გაუძლო.