"საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ... “ინვიტრო” განაყოფიერებით მხოლოდ ჩვენი მოქალაქეები ისარგებლებენ..." - ირაკლი კირცხალია - მშობლები

"საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ... “ინვიტრო” განაყოფიერებით მხოლოდ ჩვენი მოქალაქეები ისარგებლებენ..." - ირაკლი კირცხალია

2026-11-22 14:45:56+04:00

საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ - აღნიშნულ საკითხზე აქტიური კომუნიკაცია გვაქვს საქართველოს საპატრიარქოსთან და შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს მომავალში დაინიცირდება, - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გააკეთა.

როგორც კირცხალიამ აღნიშნა, გადაწყვეტილების მთავარი საფუძველია სუროგაციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ეთიკური და სამართლებრივი რისკები.

„მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ. აღნიშნულ საკითხზე აქტიური კომუნიკაცია გვაქვს საქართველოს საპატრიარქოსთან და შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს მომავალში დაინიცირდება.

გადაწყვეტილების მთავარი საფუძველია სუროგაციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ეთიკური და სამართლებრივი რისკები, განსაკუთრებით ადამიანით ვაჭრობის - ტრეფიკინგის, ქალების შესაძლო ექსპლუატაციისა და ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით.

კარგად გვესმის, რომ სუროგაციის აკრძალვას შესაძლოა გარკვეული ეკონომიკური გავლენა ჰქონდეს, თუმცა მიგვაჩნია, რომ ეკონომიკური სარგებელი ვერ იქნება აღნიშნული რისკებისა და ეთიკური საკითხების საპირწონე", - განაცხადა კირცხალიამ.

"ე.წ „ინვიტრო“ განაყოფიერება რჩება ისევ როგორც არის, ბევრი ფაქტორისა და მიზეზის გამო. საკმაოდ ობიექტური და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიზეზის გამო მკაცრი რეგულირების ქვეშ დარჩება. მხოლოდ ჩვენ მოქალაქეები შეძლებენ ამ სერვისით სარგებლობას", - აღნიშნა ასევე კირცხალიამ.

როგორც მან თავად აღნიშნა, სუროგაცია ბევრი რისკის შემცველი ფაქტორის გამო სრულიად აიკრძალება, მათ შორის, ტრეფიკინგისა და ქალთა ექსპლუატაციის საფრთხეების გამო, „რადგან წლების განმავლობაში ამ სფეროს კომერციალიზაცია მოხდა, რასთან ერთადაც რისკები გაზიარდა“.

„სუროგაცია სრულად იკრძალება და საინტერესოა ვისგან უნდა მოყვეს მძაფრი და მწვავე რეაქცია. მზად ვართ მოვისმინოთ ეს მწვავე და მძაფრი რეაქცია, შევიდეთ დისკუსიაში და გვცეთ პასუხები. ძალიან საინტერესო იქნება რა არგუმენტები ექნებათ ამ მწვავე რეაქციის ავტორებს. ზოგადად ეს სფერო კომერციულად გადაიქცა და სწორედ ეს რისკებია, რაც ჩამოვთვალე მოკლედ.

ჯერ კანონპროექტზე მიმდინარეობს მუშაობა და დროთა განმავლობაში ჟურნალისტები და დაინტერესებული მხარეები მეტს გაიგებენ, უბრალოდ პრაქტიკაზე, როცა ვსაუბრობთ თითქმის ქვეყანა აღარ არსებობს, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებიც, რომ ავიღოთ ან აკრძალულია ან ძალიან მკაცრად არის დარეგულირებული, მაგრამ რაც შეეხება ამ თემის კომერციალიზაციას, რამაც რეალურად წლების შემდეგ, 2023 წელსაც იდგა, მაგრამ ციფრები რომ შეადაროთ 2023 წლის ვითარება ამ ბაზარზე სამწუხაროდ ამ სიტყვის გამოყენება მიწევს და დღევანდელი ციფრები კოლოსალურად არის. ეს წარმოშობს შემდეგ იმ უმნიშვნელოვანეს რისკებს რაც შემდგომში ჩამოვთვალეთ, აქაც ძალიან ოქროს შუალედში უნდა გავიაროთ და ვისაც უსარგებლიათ ამ სერვისით მათზე არ ვსაუბრობთ, სიცოცხლეა და აქ არ შევდივართ, რაც იყო და როგორც იყო. ჩვენ ვაზღვევთ მომავალ რისკებს, რომელიც ამ საკითხს თან სდევს. ფაქტობრივად 5-6 ქვეყანაა, მათ შორისაა საქართველოც, პოსტ-საბჭოთა სივრციდან, სადაც ჯერ კიდევ ეს თემა დარჩენილია. ჩვენი გადაწყვეტილება ძალიან მკაფიოა და ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ, მხოლოდ სუროგაციას ეხება თემა და მის სრულიად აკრძალვას.

აკრძალვის შემდეგ კიდევ უფრო ორმაგად და სამმაგად საკონტროლებელია აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კონკრეტულად ეს მიმართულება სრულიად ასაკრძალია, აქ შეიძლება საზოგადოებას წინასწარ გაუჩნდეს კითხვა, ერთი არის ე.წ „ინვიტრო" განაყოფიერება ეს რჩება ისევ, როგორც არის, ბევრი ფაქტორისა და მიზეზის გამო. საკმაოდ ობიექტური და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიზეზის გამო მკაცრი რეგულირების ქვეშ დარჩება. მხოლოდ ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ ამ სერვისით სარგებლობას, მაგრამ კონკრეტულად ეს საკითხი [სუროგაცია], რომელიც მართლაც დიდი სფეროდ გადაიქცა და წლიდან წლამდე ვნახეთ, რომ გაიზარდა, მასთან ერთად ძალიან გაზარდა ის ეთიკური და არა მხოლოდ მათ შორის, ტრეფიკინგისა და ექსპლუატაციის რისკები, ამას ვერ დავუშვებთ, ამიტომაც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება”, - განაცხადა კირცხალიამ.

ინტერპრესნიუსი

ნებისმიერ სამშობიაროში რომ შეხვიდეთ, მიხვდებით, რომ ორსულთა ნახევარზე მეტი სუროგატია... იმაზეც მიხვდებით, რომ ეს ქალები ხშირად ქართველები არ არიან - ინტერვიუ ქართველ რეჟისორთან, რომელმაც სუროგაციის თემაზე იმუშავა
ბავშვი სუროგაციით იქნება დაბადებული, ხელოვნური განაყოფიერებით თუ ბუნებრივად, ეკლესიის კარი ყველასთვის ღიაა, მაგრამ... - რა დამოკიდებულება აქვს ეკლესიას ხელოვნურ განაყოფიერებასა და სუროგაციასთან