როგორ შევარჩიოთ ხარისხიანი შებოლილი პროდუქტი, ჩირი და ძეხვეული, რა უნდა გავითვალისწინოთ მათი შენახვისას და რა საფრთხეებს შეიცავს არასწორად დამუშავებული საკვები - ამ საკითხებზე გადაცემაში "დღის პოსტი" სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, ირაკლი არაბული, საუბრობს:
- პირველ რიგში, იმით დავიწყოთ, რომ, ზოგადად, ნებისმიერი შებოლილი პროდუქტი - ხორცი იქნება, თევზი, ყველი თუ სხვა - მიუხედავად იმისა, ტრადიციული მეთოდით არის შებოლილი თუ თანამედროვე ტექნოლოგიების მიხედვით, მთლად ჯანსაღი არ არის. თუმცა, ვისაც ეს პროდუქტები უყვართ, თუ მცირე რაოდენობით მივირთმევთ, არაფერ ცუდს არ გავაკეთებთ. მთავარია, დიდი რაოდენობით არ მივიღოთ და ამ პროდუქტების მირთმევა ჩვენი ყოველდღიური კვების რაციონის ნაწილი არ იყოს.
აქ მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორი მეთოდით ხდება პროდუქტების შებოლვა და რა პროდუქტია, რადგან შებოლვის რამდენიმე მეთოდი არსებობს. ყველაზე პოპულარული, შეიძლება ითქვას, ცხლად და ცივად შებოლვაა. ასევე არსებობს კვამლის არომატიზატორითა და სითხით შებოლვა, რომელიც ბოლო პერიოდში დაიწყო.
ცივად შებოლვის პროცესში ხორცი იქნება თუ თევზი, დაბალ ტემპერატურაზე იბოლება. ასეთი შებოლილი თევზი უფრო მყარ მდგომარეობაშია, ანუ უფრო გამომშრალი და მყარი სტრუქტურა აქვს.
ცხლად შებოლვის შემთხვევაში კი, როდესაც პროდუქტი იბოლება, ტემპერატურა უფრო მაღალია. ასეთი შებოლილი თევზი, მაგალითად, უფრო რბილია და, შესაბამისად, ასეთ პროდუქტს შენახვის მეტი დრო აქვს, რადგან ტემპერატურაზე მუშავდება. თუ პროდუქტი ტემპერატურაზე მუშავდება, იქ საფრთხე ნაკლებია და, შესაბამისად, ცივად შებოლილი პროდუქტისგან განსხვავებით, ვადაც უხანგრძლივდება.
ასევე არსებობს სითხით შებოლვის მეთოდი. ეს მეთოდი მე არ მომწონს, რადგან პროდუქტების სწრაფად შებოლვისთვის გამოიყენება, მაგალითად, იმისთვის, რომ პროდუქტებს უფრო მკვეთრი არომატი ჰქონდეთ. უმჯობესი იქნება, თუ ყველა მწარმოებელი ისეთ ტრადიციულ მეთოდებზე გადავა, რომლებიც ნაკლებად საფრთხის შემცველია.
მნიშვნელოვანია, რომ როდესაც შებოლილ პროდუქტებს ვყიდულობთ, ძალიან შებოლილი და სიშავისკენ წასული არ იყოს, რადგან შებოლვის პროცესში ისეთი არასასურველი ნივთიერებები წარმოიქმნება, როგორიც ბენზპირენი და აკროლეინია. შესაბამისად, ძალიან სიშავისკენ მიდრეკილი პროდუქტები არ უნდა გამოვიყენოთ და არ უნდა შევიძინოთ.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თევზს შებოლვის დროს მწვანე ადგილები არ ჰქონდეს, დიდად ტენიანი არ იყოს.
- ეს იმ შემთხვევაშია საშიში, თუ გახსნისას სპეციფიკური სუნიც აქვს, შებოლილისგან განსხვავებული. სუნიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს, მით უმეტეს, თუ პროდუქტი შებოლილია და ბოლისგან განსხვავებული, არასასიამოვნო სუნი აქვს. ასეთ პროდუქტს არ უნდა მივირთვათ და არ უნდა გამოვიყენოთ.
- რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ პროცესი დიდხნიანია და ამ დიდი ხნის განმავლობაში პროდუქტი მეტად შრება. ზოგადად, ნებისმიერ პროდუქტში რაც უფრო ნაკლები წყალია, მით უკეთესია, რადგან მაღალი ტენიანობის გარემო ბაქტერიების გამრავლებისთვის იდეალური პირობაა. თუ პროდუქტი გამომშრალია, უკეთესია.
გარდა ამისა, ტრადიციული მეთოდებით სხვადასხვა ხის ნახერხზე იბოლება, რაც უფრო მიზანშეწონილი და უვნებელია, ვიდრე, მაგალითად, კვამლის არომატიზატორით ან თხევადი ბოლით შებოლილი პროდუქტები.
- წელს, მაგალითად, ივნისიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე კვამლის არომატიზატორებისა და თხევადი ბოლის გამოყენება აიკრძალა ჩიფსებში, ბარბექიუ-სოუსებში და სხვადასხვა პროდუქტში. მათი გამოყენება საერთოდ აიკრძალა. ყველის, ხორცისა და თევზის მწარმოებლებს, რომლებიც ამ არომატიზატორს იყენებენ, ორწლიანი ვადა მიეცათ, რომ საერთოდ ამოიღონ და ტრადიციული მეთოდით შებოლვაზე გადავიდნენ.
ევროკავშირში სურსათის უვნებლობის მიდგომა ისეთია, რომ რაღაცის აღმოჩენის შემდეგ კვლევა მუდმივად მიმდინარეობს. ამ კვლევებით დადგინდა, რომ კვამლის არომატიზატორი და თხევადი ბოლი ადამიანის დნმ-ს საფრთხეს უქმნის და ამიტომ პირდაპირ ამოიღეს.
- ზოგადად, ჩირი ძალიან კარგი პროდუქტია. ხილის გამოჩირვა და ასე შენახვა კარგია, იმიტომ, რომ ამ პროცესის დროს პროდუქტი სასარგებლო თვისებებსა და ვიტამინებს ყველაზე მეტად ინარჩუნებს, რაც შეიძლება ჰქონდეს. ამიტომ, როდესაც ჩირს ვიყენებთ, მასში უფრო მეტი სასარგებლო კომპონენტია, ვიდრე, მაგალითად, კომპოტში.
- ორივე თითქმის თანაბრადაა, მაგრამ როდესაც გამოჩირვა ხდება, ზოგადად წყალი იქიდან უნდა აორთქლდეს, რომ შესაბამისად გაშრეს. როგორც აღვნიშნე, პროდუქტში რაც უფრო ნაკლები წყალია, მით უკეთესია, რადგან ნაკლებწყლიან პროდუქტში არც ბაქტერიები მრავლდება და, შესაბამისად, არც ობის სოკოები იზრდება. თუ ობის სოკოები გაიზარდა, პროდუქტი უკვე საშიში ხდება.
პატარა ობი, რომელსაც მოვაცილებთ, მთლად ძალიან საშიში არ არის, მაგრამ თუ არასწორად შევინახავთ და ამ პროდუქტს მაღალტენიან გარემოში შევინახავთ, მაგალითად, მაცივარში, ჩირის შენახვა არ შეიძლება, იმიტომ, რომ მაცივარი მაღალი ტენიანობის ადგილია. სინესტე ხელს უწყობს იმას, რომ ობის სოკოები გაიზარდოს და პროდუქტს უფრო მოეფინოს.
ამიტომ პატარა ტომრებშიც შეგვიძლია შევინახოთ და მინის ქილებშიც, ოღონდ მინის ქილის შემთხვევაში ბოლომდე გამომშრალი უნდა იყოს, რადგან როდესაც მინის ქილაში მოვათავსებთ, ტენის გამოყოფა ისევ არ დაიწყოს. ქილაში ტენი გარეთ ვეღარ გამოვა და ობის სოკოები გაიზრდება და განვითარდება.
ორივე მეთოდით შეგვიძლია შენახვა. მთავარია, პროდუქტი კარგად, სრულყოფილად იყოს გამომშრალი.
- ეს სწორი მეთოდია. დღეს თანამედროვე ინდუსტრიაში სპეციალური აპარატები არსებობს, რითაც ხილის გამოჩირვა ხდება, მაგრამ ეს მეთოდი იმ დროიდან მოდის, როცა არანაირი აპარატი არ გვქონდა და გამოჩირვა ჰაერზე, მზის პირდაპირი სხივების ქვეშ ხდებოდა. საშიში არ არის. უბრალოდ, უფრო მეტი დრო სჭირდება, ვიდრე აპარატს.
ადრე ხალხმა ეს ყველაფერი იცოდა… თვითონვე იცოდნენ, რა პროდუქტში, როგორ უნდა გამოეყენებინათ, როგორ უნდა გამოეჩირათ. გამოცდილებით, თუნდაც ის, რომ პროდუქტი დაემარილებინათ, გამოეშროთ - ეს ცოდნა ბუნებრივად ჰქონდათ.
დღეს უბრალოდ ეს ცოდნა, რაც მათ უკვე წლების წინ ჰქონდათ, თანამედროვე ინდუსტრიამ უფრო მაღლა აწია.
- როგორც შებოლილ პროდუქტებზე, ისე ძეხვეულზეც იგივეა: ჯანსაღი ძეხვი არ არსებობს, უბრალოდ, უფრო მაღალი ხარისხის და უფრო დაბალი ხარისხის ძეხვი არსებობს.
მაღალი ხარისხის ძეხვში, რა თქმა უნდა, ხორცის რაოდენობა პროცენტულად უფრო მეტია, დაბალი ხარისხის ძეხვში კი პროცენტულად უფრო ნაკლები, იმიტომ, რომ დღეს ბაზარზე, მაგალითად, გვხვდება პროდუქტი, რომელსაც საქონლის ძეხვი აწერია, მაგრამ შიგნით საქონლის ხორცი 2%-ია.
ამასთან დაკავშირებით კანონი იცვლება და 2027 წლის 1-ლი იანვრიდან, თუ მეწარმეს სურს, სახელი დააწეროს, რომ, მაგალითად, ეს საქონლის ხორცით არის, საქონლის ხორცი 50%-ზე მეტი უნდა იყოს. ეს მომხმარებელს უკვე სწორ არჩევანს გააკეთებინებს, რადგან ეცოდინება, რომ როდესაც საქონლის ძეხვს ყიდულობს, მასში საქონლის ხორცი 50%-ზე მეტია. რძის პროდუქტებზეც იცვლება მიდგომა.