"სახლში ცალკე გამათბობელი არ მქონია... მქონდა ცენტრალური გათბობა და გაზქურა... ვერსია არა, გარკვეული კითხვები მაქვს" – რას ამბობს იმ ბინის მეპატრონე, რომლიდანაც, სავარაუდოდ, ქვემო ფონიჭალაში აფეთქება მოხდა - მშობლები

"სახლში ცალკე გამათბობელი არ მქონია... მქონდა ცენტრალური გათბობა და გაზქურა... ვერსია არა, გარკვეული კითხვები მაქვს" – რას ამბობს იმ ბინის მეპატრონე, რომლიდანაც, სავარაუდოდ, ქვემო ფონიჭალაში აფეთქება მოხდა

2026-11-24 16:41:31+04:00

ქვემო ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად მძიმედ დაშავებული ილია ისაევი იმ სახლის მეპატრონის შვილია, სადაც აფეთქება მოხდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.

მისი მამა, ემზარ ისაევი, დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს და მომხდარის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. ის კატეგორიულად უარყოფს შვილის ბრალეულობის შესახებ გავრცელებულ მოსაზრებებს და აცხადებს, რომ ილიაც ამ ტრაგედიის მსხვერპლია.

ემზარ ისაევს კითხვები აქვს აფეთქების გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით. მისი თქმით, სახლში გაზის გამათბობელი, რომლის ჩართვასაც თავდაპირველად აფეთქება დაუკავშირეს, საერთოდ არ ჰქონდათ. ის ასევე არ ეთანხმება ინფორმაციას, რომ სახლი ერთი წლის განმავლობაში დაკეტილი იყო და ოჯახის წევრები იქ არ იმყოფებოდნენ.

ემზარ ისაევი "ფორმულასთან" ინტერვიუში შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც საუბრობს.

- პირველ რიგში, ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახების მწუხარებას და თანავუგრძნობ დაზარალებულებს. ძალიან მტკივა გული ყველაფრის გამო, რაც მოხდა.

რაც შეეხება ჩემს შვილს, მინდა გითხრათ, რომ ის არც მკვლელია და არც ტერორისტი. სრულიად ადეკვატური ადამიანი იყო. კი, ჰქონდა ტრავმა, ყველამ იცის, რომ თავში სისხლჩაქცევა ჰქონდა, მაგრამ სრულიად ადეკვატური, გულკეთილი ბავშვი იყო.

ბოლოს სექტემბერში იყო ჩამოსული, დაახლოებით ერთი კვირით, შესაძლოა, ათი დღით. გაზის მრიცხველი გადაკეტილი ჰქონდა, ამის დადასტურებაც შემიძლია. თანხას მე ვრიცხავდი, როდესაც პერიოდულად ჩავდიოდი. მანამდე, ზაფხულში, უფროსი ბიჭი იყო ჩასული. იანვარშიც ვყოფილვარ, დაახლოებით სამი დღით. შარშან, მარტიდან მოყოლებული, თითქმის ყოველთვე ვიყავი და გადახდებიც მქონდა", - ამბობს ისაევი და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სახლში გამათბობელი საერთოდ არ ჰქონიათ.

"მინდა ვთქვა, რომ სახლში ცალკე გამათბობელი არ მქონია, არც მეყენა და თვითონ კომპანიამაც დაადასტურა, რომ გამათბობელი არ მქონდა. მქონდა ცენტრალური გათბობა და გაზქურა. ჩემი ბიჭი ცენტრალური გათბობის ჩართვას არც ცდილობდა. ალბათ, გაზქურაზე საჭმლის გაკეთება უნდოდა. გაზქურა კიდევ ისეთი მაქვს, ცეცხლი თუ არ უნთია, გაზს კეტავს. [მომხდართან დაკავშირებით] არანაირი ვერსია არ მაქვს, კითხვები კი მაქვს, იმიტომ, რომ გაზქურა მარჯვენა კუთხეში იყო, აფეთქება კი მოხდა ე.წ. ზალაში, საძინებელში იდეაში. ის ჩაინგრა. რანაირად?! ეს მაინტერესებს.შინაგან საქმეთა მინისტრი საუბრობდა გამათბობელზე, მე კი გამათბობელი არ მქონია. მით უმეტეს, გაზის დანადგარები შემოწმებული ჰქონდათ და თვითონვე დაადასტურეს, რომ არანაირი დარღვევა არ იყო.ძალიან ცუდი საუბრები მიდის, თითქოს ჩემი ბიჭი დამნაშავეა. არანაირად, ისიც ისეთივე დაზარალებულია, როგორც ყველა. მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ცვლილებები არ არის, სტაბილურად მძიმეა. ყოველდღე ველოდებით რაიმე პასუხს, მაგრამ ჯერჯერობით ახალი არაფერი გვაქვს", - განაცხადა ემზარ ისაევმა.

ტრაგედიამ წაგვართვა პატარა სიცოცხლე, დედა-შვილის განუყოფელი სიყვარული... - ახლობლები ფონიჭალის აფეთქებისას გარდაცვლილ დედა-შვილს ემშვიდობებიან
ნინოს სამი შვილი სკოლაში წავიდა და მალევე კორპუსი აფეთქდა... მეპატრონე გუშინ საღამოს ჩამოვიდა ბათუმიდან და ამ დილით გამათბობლის ჩართვას ცდილობდა - ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის დეტალები