თანამედროვე ბავშვებისგან განსხვავებით, რომელთა ყოველი წუთი მკაცრად არის გაწერილი და უფროსების ზედამხედველობის ქვეშ მიმდინარეობს, ძველი თაობის ბავშვები, ანუ დღევანდელი მშობლები, სამყაროს საკუთარი გამოცდილებით სწავლობდნენ. აწყდებოდნენ სირთულეებს, იღებდნენ სწორ თუ მცდარ გადაწყვეტილებებს და პასუხს აგებდნენ შედეგებზე. რა თქმა უნდა, იმ დროში ყველაფერი იდეალური არ ყოფილა და უმეთვალყურეოდ დარჩენილ ბავშვებს ხშირად საფრთხეც ემუქრებოდათ, თუმცა იმ „ვინტაჟური“ აღზრდის ზოგიერთი მეთოდი დღესაც ბევრს ენანება დასავიწყებლად.
დღეს ბავშვების მარტო გაშვება ეზოში იშვიათობაა. სამაგიეროდ, ისინი საათობით სხედან ეკრანებთან. არადა, ნორმალური განვითარებისთვის ბავშვს ჰაერივით სჭირდება თანატოლებთან ურთიერთობა უფროსების ჩარევის გარეშე. სწორედ ეზოს თამაშებში სწავლობს პატარა არჩევანის გაკეთებას, კონფლიქტების მოგვარებას, ფანტაზიორობასა და საკუთარი გადაწყვეტილებების დაცვას.
ადრე, თუ ბავშვი იწყენდა და წუწუნებდა, თავში არავის მოსდიოდა აზრად, სასწრაფოდ გასართობი მოეფიქრებინა მისთვის. უფროსებს თავიანთი საქმეები ჰქონდათ, ბავშვი კი იძულებული იყო, თავად ეპოვა თავშესაქცევი. სინამდვილეში, მოწყენილობა ძალიან სასარგებლო მდგომარეობაა — სწორედ ამ დროს იღვიძებს შემოქმედებითი უნარი, წარმოსახვა და გარესამყაროს შესწავლის სურვილი.
საღამოობით ერთ სუფრასთან შეკრება ადრე ბევრი ოჯახისთვის შეუცვლელი ტრადიცია იყო. დღეს, როცა ბავშვები სხვადასხვა წრეზე დადიან, მშობლები კი გვიანობამდე მუშაობენ, ამის ორგანიზება რთულია. თუმცა, საერთო ვახშამი ბავშვს პასუხისმგებლობის განაწილებას ასწავლის - ვიღაც ამზადებს, ვიღაც სუფრას შლის, ვიღაც კი ალაგებს. გარდა ამისა, სუფრასთან ბავშვი სწავლობს უფროსების მოსმენას, საკუთარი რიგის დალოდებასა და ურთიერთობის კულტურას.
წარსულში მშობლები არ ერეოდნენ სასკოლო ცხოვრების ყველა დეტალში - არ არსებობდა მშობელთა საერთო ჩატები, არავინ აკეთებდა შვილის მაგივრად პროექტებს და ყოველ გაუგებარ დავალებაზე მასწავლებელს არ ურეკავდა. ბავშვები თავად იღებდნენ ცუდ ნიშნებს, განიცდიდნენ მარცხს და თავადვე სწავლობდნენ სიტუაციის გამოსწორებას. სწორედ ეს გამოცდილება აყალიბებდა მათში სიმტკიცეს, რომელიც ზრდასრულ ასაკში ასე სჭირდებათ.
დედები და მამები არ თვლიდნენ, რომ მთელი თავისუფალი დრო მხოლოდ შვილებისთვის უნდა მიეძღვნათ. ისინი დადიოდნენ სტუმრად, თეატრში, კინოში, იღებდნენ მეგობრებს სახლში და ამის გამო დანაშაულის გრძნობა არ აწუხებდათ. ბავშვებმა იცოდნენ, რომ უფროსებს თავიანთი სივრცე და ინტერესები აქვთ, რაც სულაც არ ნიშნავდა უყურადღებობას.
თანამედროვე ბავშვის გრაფიკი ხშირად დიდი კორპორაციის ხელმძღვანელის განრიგს ჰგავს: სკოლა, უცხო ენა, სპორტი, მუსიკა, საშინაო დავალება - და ასე დილიდან გვიან ღამემდე. ამოსუნთქვის დროის არქონა იწვევს ქრონიკულ სტრესს, სწავლისადმი ინტერესის დაკარგვასა და კონფლიქტებს ოჯახში. ბავშვს აუცილებლად სჭირდება თავისუფალი დრო, როცა უბრალოდ არაფერს აკეთებს და ისვენებს.
სმარტფონებისა და პლანშეტების ეპოქაში გაქცევა ძალიან ადვილი გახდა — როგორც კი ოჯახში ოდნავი დაძაბულობა ან მოწყენილობა გაჩნდება, ყველა საკუთარ ეკრანში იკეტება. ადრე ეს შეუძლებელი იყო. ოჯახის წევრებს უწევდათ ერთმანეთთან საუბარი, ნეგატიური ემოციების გარკვევა, ხუმრობით სიტუაციის განმუხტვა და კომპრომისების პოვნა. სწორედ ამ ყოველდღიურ ურთიერთობებში ყალიბდებოდა ის სოციალური უნარები, რომლებსაც ვერც ერთი გაჯეტი ვერ ჩაანაცვლებს.