სახის იშვიათი თანდაყოლილი ანომალია, რომლის გამოც ჩინელ ბიჭს "ნიღბიანი ბავშვი" შეარქვეს - რა ვიცით ჟაო ჰუიკანგის ისტორიის შესახებ - მშობლები

სახის იშვიათი თანდაყოლილი ანომალია, რომლის გამოც ჩინელ ბიჭს "ნიღბიანი ბავშვი" შეარქვეს - რა ვიცით ჟაო ჰუიკანგის ისტორიის შესახებ

2026-11-25 11:12:34+04:00

2009 წელს ჩინეთში დაბადებული ჟაო ჰუიკანგის ისტორია წლების წინ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ბიჭს სახის განივი ნაპრალის განსაკუთრებით მძიმე ფორმა ჰქონდა, რის გამოც მისი სახე თითქოს ნიღაბს ჰგავდა. იშვიათი თანდაყოლილი ანომალიის გამო მას მედიაში "ნიღბიანი ბიჭი" შეარქვეს.

hiukangi-1-1795591241.jpg
ჟაო ჰუიკანგი

ჰუიკანგი 2009 წლის 4 მარტს, ჩინეთის სამხრეთით, ხუნანის პროვინციაში, ქალაქ სიანგტანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონგშაში, ღარიბი ფერმერების ოჯახში დაიბადა. ბავშვს სახის ორივე მხარეს, პირის კუთხეებიდან ყურების მიმართულებით, ღრმა და ფართო ნაპრალები ჰქონდა. მდგომარეობა მხოლოდ რბილ ქსოვილებს არ ეხებოდა - დაზიანებული იყო სახის რამდენიმე ძვალიც.

ბიჭის დაბადება განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა მისი დედისთვის, იი ლიანსისთვის, რომელიც იმ დროს 23 წლის იყო. ქალის თქმით, მშობიარობის შემდეგ ექიმები თავიდან ბავშვის ჩვენებას თავს არიდებდნენ. მან რამდენჯერმე მოითხოვა ახალშობილის ნახვა, თუმცა, როდესაც შვილი მიუყვანეს, მომხდარით იმდენად შეძრწუნდა, რომ, როგორც თავად იხსენებდა, "მთელი სხეული გაუშეშდა".

hiukangi-2-1795591272.jpg
ჟაო ჰუიკანგი დედასთან ერთად

"დავინახე, რომ ბავშვი ტიროდა და მეც ავტირდი. ვიგრძენი, თითქოს გული გამისკდა. ვკითხულობდი, რატომ დამემართა ეს მე?" - უთხრა მან ჩინური გამოცემა Changsha Evening News-ის ჟურნალისტს.

დედისთვის მომხდარი კიდევ უფრო გაუგებარი იყო, რადგან ორსულობის პერიოდში სამი ულტრაბგერითი გამოკვლევა და ერთი დოპლეროგრაფიული კვლევა ჰქონდა ჩატარებული, თუმცა ნაყოფის განვითარების რაიმე დარღვევა არცერთ მათგანს არ გამოუვლენია.

ჰუიკანგის ბებიის თქმით, ოჯახის ნაცნობების ნაწილმა მათ ბავშვის თავიდან მოშორებაც კი ურჩია, თუმცა ოჯახმა ამ რჩევის გათვალისწინება არ ისურვა. ბიჭის უჩვეულო გარეგნობის გამო მათ სოფლის მცხოვრებლებისგან დაცინვისა და არასათანადო მოპყრობის ატანაც უწევდათ.

hiukangi-3-1795591301.jpg
ჟაო ჰუიკანგი დედასთან ერთად

ჰუიკანგის ისტორია ფართოდ 2010 წელს გაშუქდა, როდესაც დედამ სამკურნალოდ ჩანგშაში მდებარე №163 სამხედრო ჰოსპიტალში მიიყვანა. ბავშვის მდგომარეობას ექიმი ვან დუეცუანი აფასებდა. მისი განმარტებით, ჰუიკანგის შემთხვევა უკიდურესად იშვიათი და მძიმე იყო.

"დაზიანებული, დარღვეული და გადაადგილებული იყო არა მხოლოდ მისი რბილი ქსოვილები, არამედ საფეთქლის ძვალი, ყვრიმალის ძვლები, სოლისებრი ძვალი და ზედა ყბაც", - აცხადებდა ექიმი.

მკურნალობისთვის საჭირო თანხის შეგროვება ოჯახს დამოუკიდებლად არ შეეძლო. მას შემდეგ, რაც ბავშვის ისტორია მედიაში გავრცელდა, საზოგადოებამ თანაგრძნობა გამოხატა და ფინანსური დახმარების შეგროვება დაიწყო. შემოწირულებების წყალობით, ჰუიკანგის ოჯახმა 2010 წელს ორი ქირურგიული ოპერაციის დაფინანსება შეძლო.

პირველი ოპერაცია 2010 წლის 19 მაისს, მეორე კი იმავე წლის 1 სექტემბერს ჩატარდა. მკურნალობას ექიმი ვან დუეცუანი ხელმძღვანელობდა. მოგვიანებით, Hunan Public Channel-ისთვის მიცემულ სატელევიზიო ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ორივე ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. პირველი ჩარევის შემდეგ გადაღებულ კადრებშიც ჩანდა, რომ ბიჭის გარეგნობა უკვე გაუმჯობესებული იყო.

hiukangi-5-1795591331.jpg
ჟაო ჰუიკანგი ოპერაციის შემდეგ

hiukangi-6-1795591361.jpg
ჟაო ჰუიკანგი ოპერაციის შემდეგ

მიუხედავად ამისა, ექიმმა განმარტა, რომ ჰუიკანგის სახის ძვლების შემდგომი განვითარების შესაფასებლად დაახლოებით ათი წელი უნდა გასულიყო. სწორედ ამ პერიოდში გახდებოდა ცნობილი, შეძლებდა თუ არა მისი სახის ძვლოვანი სტრუქტურა ნორმალურად განვითარებას.

a-boy-with-a-mask-like-face-this-1-year-old-chinese-boy-was-v0-fc464-96v0q7t9lehnsgltvc8fuwdz7odngjp0555au-1795676916.webp

ჰუიკანგის ისტორია მომდევნო წლებშიც არაერთხელ გავრცელდა სხვადასხვა ქვეყნის მედიაში. 2016 წლის დეკემბერში მისი ფოტოები კვლავ გამოჩნდა ჩინურენოვან საინფორმაციო ვებგვერდებსა და სოციალურ ქსელებში, რის შემდეგაც ამბავი საერთაშორისო მედიაშიც ხელახლა გაშუქდა.

2017 წლის იანვარში Daily Mail-მა ბიჭის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა. გამოცემის ჟურნალისტი ლიუ ჯუნს დაუკავშირდა - სწორედ მას ჰქონდა ჰუიკანგის ისტორია წლების წინ Changsha Evening News-ისთვის მომზადებული. ჟურნალისტმა MailOnline-ს განუცხადა, რომ 2010 წელს ჰოსპიტალში ბიჭის მონახულების შემდეგ მის ოჯახთან კონტაქტი აღარ ჰქონია. შესაბამისად, არც მისთვის იყო ცნობილი, კვლავ ჰქონდა თუ არა ჰუიკანგს სახის დეფორმაცია და როგორ მიმდინარეობდა მისი გამოჯანმრთელება. Daily Mail-ის ცნობით, გამოცემა იმ დროისთვის №163 სამხედრო ჰოსპიტლისგანაც ელოდა დამატებით ინფორმაციას.

ჰუიკანგის შესახებ ცნობები მოგვიანებითაც გამოჩნდა. 2021 წელს ჩინურენოვან მედიაში გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც ავტორი კვლავ ცდილობდა გაერკვია, რა ბედი ეწია "ნიღბიან ბიჭს". მასში აღნიშნული იყო, რომ ბავშვის შესახებ ახალი ინფორმაცია დიდი ხნის განმავლობაში აღარ გავრცელებულა. ავტორი ვარაუდობდა, რომ შესაძლოა, ოპერაციების შემდეგ ოჯახს აღარ სურდა პირადი ცხოვრების გასაჯაროება და ბიჭისთვის მშვიდ გარემოში გაზრდის შესაძლებლობის მიცემა ერჩივნა.

თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია და ოჯახის წევრებს მსგავსი გადაწყვეტილება საჯაროდ არ დაუდასტურებიათ. არც შემდგომი სანდო ცნობები გამოქვეყნებულა, რომლებიც ჰუიკანგის ჯანმრთელობის მდგომარეობას, სახის ძვლების განვითარებასა თუ დამატებით ქირურგიულ ჩარევებს დაადასტურებდა.

ბავშვებს თვეობით ეძინათ, თითქოს კომაში იყვნენ... - როგორ არიან ახლა მოზარდები, რომელთაც იდუმალი დაავადება გადაიტანეს და რას ამბობენ მეცნიერები
ძმები საიდუმლო დაავადებით, რომელმაც ექიმები დააბნია - ისინი მზის ჩასვლისას მოძრაობის უნარს კარგავენ. მზის ბიჭების დღევანდელი ცხოვრება
საშინელი ავარიის შემდეგ ექიმებმა 2 წლის ბიჭს თავი ხელახლა მიაკერეს - ოლივერის სასწაულმა მსოფლიო მოიცვა

მიუხედავად იმისა, რომ ბიჭის ისტორია წლების განმავლობაში არაერთხელ გავრცელდა, უცნობია, როგორ გამოიყურება ახლა, როგორ განვითარდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და შეძლო თუ არა თანდაყოლილი ანომალიით გამოწვეული პრობლემების სრულად დაძლევა.