გუშინ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე და დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. მატჩის მთავარი გმირი ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია იყო.
მიუხედავად იმისა, რომ იმ დღეს მას მძიმე განსაცდელი ჰქონდა, მაინც ითამაშა. კაპიტანს თამაშამდე ბებია გარდაეცვალა, თუმცა გუნდს მაინც დაეხმარა და 25 ქულით ისტორიული გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი გახდა! როგორც თანაგუნდელები ყვებიან, გზაში გაიგო, რომ ბებიამისი გარდაიცვალა, მაგრამ მაინც ითამაშა და ბოლომდე დაიხარჯა.
თორნიკე შენგელია წლებია, საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი და კაპიტანია, რომელმაც თავისი შრომითა და შეუპოვრობით ევროპული კალათბურთის უმაღლეს დონეს მიაღწია.
მისი წარმატების ისტორია ბავშვობიდან იწყება — ოჯახში, სადაც კალათბურთი უბრალოდ სპორტი კი არა, ცხოვრების ნაწილი იყო.
ბავშვობა და პირველი ნაბიჯები
თორნიკე შენგელია 1991 წლის 5 ოქტომბერს თბილისში დაიბადა. მისი მშობლები, კახა და ქეთი შენგელიები, ყოფილი კალათბურთელები არიან. მამა, კახა შენგელია, საქართველოს ნაკრებშიც თამაშობდა და შვილისთვის პირველი სპორტული მაგალითი სწორედ ის გახდა.
თორნიკეს თქმით, მამამისის თამაშების ყურებამ ბავშვობიდან შეაყვარა კალათბურთი. დედა კი მის სპორტულ გზაზე მუდმივი მხარდამჭერი იყო — როგორც თავად იხსენებს, დედას ვარჯიში თითქმის არასდროს გაუცდენია.
მომავალი კალათბურთელი ჯერ კიდევ პატარა ასაკში გამოირჩეოდა ფიზიკური მონაცემებით, შრომისმოყვარეობითა და თამაშისადმი განსაკუთრებული ინტერესით.
14 წლის ასაკში მისი ნიჭი ესპანელმა სპეციალისტებმა შენიშნეს და ახალგაზრდა სპორტსმენს კარიერის გასაგრძელებლად ვალენსიაში გადასვლის შესაძლებლობა მიეცა. 16 წლის თორნიკე უკვე უცხო ქვეყანაში ცხოვრობდა და პროფესიული კალათბურთის გზას დამოუკიდებლად იკვალავდა.
პირველი წარმატება და გზა დიდ კალათბურთამდე
2009 წელს შენგელიას ესპანეთის უმაღლეს ლიგაში დებიუტი ჰქონდა. შემდეგ იყო ბელგიური „სპირუ შარლერუა“, სადაც მისი თამაში კიდევ უფრო დაიხვეწა.2012 წელს თორნიკე NBA-ს დრაფტზე აირჩიეს — „ფილადელფია სიქსერსმა“ 54-ე ნომრად შეარჩია, თუმცა მისი უფლებები საბოლოოდ „ბრუკლინ ნეტსს“ გადაეცა. მოგვიანებით მან „ჩიკაგო ბულსის“ შემადგენლობაშიც ითამაშა.
NBA-ში გატარებული პერიოდის შემდეგ მის კარიერაში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ესპანურმა „ბასკონიამ“. სწორედ ამ კლუბში ჩამოყალიბდა შენგელია ევროპის ერთ-ერთ გამორჩეულ ფორვარდად. 2018 წელს ის ევროლიგის სეზონის საუკეთესო ხუთეულშიც მოხვდა.
შემდეგ იყო მოსკოვის ცსკა, იტალიური „ვირტუს ბოლონია“ და „ბარსელონა“. 2022 წელს „ვირტუსთან“ ერთად ევროთასის ჩემპიონი გახდა, 2025 წელს კი იტალიის ჩემპიონობა და ფინალის ყველაზე ღირებული მოთამაშის ჯილდო მოიპოვა.
ოჯახი და პირადი ცხოვრება
თორნიკე შენგელია 22 წლის ასაკში დაქორწინდა. მისი მეუღლე სალომე (სალი) ჯუღელიაა, რომელიც კალათბურთელ ზაზა ფაჩულიას დეიდაშვილია.


![]()
წყვილმა ერთმანეთი ზაზა ფაჩულიას შვილის ნათლობაზე გაიცნო. იმ პერიოდში თორნიკე ბელგიაში თამაშობდა, სალომე კი პარიზში ცხოვრობდა. კალათბურთელი იხსენებდა, რომ გაცნობის შემდეგ ცდილობდა, თავისუფალ დროს მასთან ჩასულიყო.
მათ ოჯახში სამი შვილი იზრდება. თორნიკე არაერთ ინტერვიუში საუბრობს, რომ დატვირთული სპორტული გრაფიკის მიუხედავად, შვილებთან ურთიერთობისთვის ყოველთვის ცდილობს დრო გამონახოს.

მისი დედის, ქეთი შენგელიას თქმით, თორნიკე მოსიყვარულე მეუღლე და მზრუნველი მამაა. ოჯახის მხარდაჭერას კი მისი სპორტული წარმატების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საყრდენად მიიჩნევს.
2025 წელს, საქართველოს ნაკრების მორიგი წარმატების შემდეგ სალომე წერდა:
