გადაცემა Speakeasy-ის სტუმარი შეფმზარეული ლუკა ნაჭყებია იყო, რომელმაც სხვა თემებთან ერთად, მამობაზეც ისაუბრა:
- ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ბავშვთან დროის გასატარებლად ბევრი დრო არ მრჩება ხოლმე და ძალიან მინდა, რომ მეტი დრო გავატარო. იმიტომაც მინდა, რომ ეს ძალიან სახალისოა... ახლა იმ ეტაპზეა — ორი წლის ასაკს გადაცდა და უკვე პიროვნებად ჩამოყალიბება დაიწყო, ასე ვთქვათ. აქვს თავისი სურვილები, გემოვნება და რაღაცები. აი, გუშინ, მაგალითად, საშოპინგოდ ვიყავით წასულები და უკვე თვითონ იზომავს ტანსაცმელს, რაღაცები მოსწონს... თან გოგოა და ხომ იცი, გოგოსთვის ასეთი რაღაცები რამდენად საინტერესოა... და აი, დავდნი! ერთი ხუთჯერ მოვკვდი ადგილზე სიხარულისგან. ბოლოს კროქსები ვიყიდეთ, ყვავილები და რაც თვითონ აარჩია. ეს ცოტა უფრო ბრუტალურად გაქცევს, იმიტომ, რომ როცა შვილი გყავს, პრიორიტეტები ცხოვრებაში ძალიან მარტივად ლაგდება. ჯერ არის შვილი და მერე ყველაფერი სხვა...
რაც არ უნდა მწარე და საზიზღარი იყოს დღე, დღის ბოლოს იცი, რომ ის არის იქ. მოვა და... კოცნას სწავლობს ახლა ლოყაზე... თავიდან „ფუს“ აკეთებდა ხოლმე, ახლა უკვე კოცნას სწავლობს... და როცა იცი, რომ ჩაგეხუტება და ამას იზამს, არაფერს მნიშვნელობა აღარ აქვს. ყველაფერი კარგად არის ხოლმე... რა დეპრესია, რა ცუდად ყოფნა, რა შფოთვა — აბსოლუტურად ყველაფერი ერთ წამში... მოგეხუტება, ბურთს გადმოგიგდებს და იცი, რომ გაეხარდება და... მორჩა, ყველაფერი. წამალია, პანაცეა...