"გელამ დამირეკა, ირაკლი გარდაიცვალაო... ხმა ვერ გავეცი, გავშეშდი... წინათგრძნობა ჰქონდა, უცნაურ სიზმრებს ხედავდა..." "გამიმართლა, რომ მყავს ისეთი მამა, რომელზეც ძალიან ბევრი რამ მესმის... ჩვენი თაობისთვის ირაკლი ჩარკვიანი უფრო მეფეა..." - ქეთათო და ნანა ირაკლი ჩარკვიანზე - მშობლები

"გელამ დამირეკა, ირაკლი გარდაიცვალაო... ხმა ვერ გავეცი, გავშეშდი... წინათგრძნობა ჰქონდა, უცნაურ სიზმრებს ხედავდა..." "გამიმართლა, რომ მყავს ისეთი მამა, რომელზეც ძალიან ბევრი რამ მესმის..." - ქეთათო და ნანა ირაკლი ჩარკვიანზე

2026-11-28 20:12:56+04:00

19 ნოემბერს ირაკლი ჩარკვიანი 65 წლის გახდებოდა. ის 2006 წელს 44 წლისა გარდაიცვალა. 20 წელია, არ არის პოეტი და მუსიკოსი, რომელმაც საკუთარ თავს მეფე უწოდა, თუმცა მისი შემოქმედება კვლავ აქტუალურია და მას ახალგაზრდებიც ისევე უსმენენ, როგორც ერთ დროს მისი თანამედროვენი.

შუადღე Live-ში ნანუკა ქაჯაიას ვრცელი სიუჟეტი მიეძღვნა ცნობილი შემოქმედის ცხოვრებას - "მეფე სცენის მიღმა – უცნობი ირაკლი ჩარკვიანი მეუღლის, შვილისა და მეგობრების მოგონებებში". სწორედ ამ სიუჟეტში გაიხსენეს ის მეუღლემ - ქეთათომ და ქალიშვილმა ნანა ჩარკვიანმა.

ქეთათო:

- რაღაცნაირად ბავშვებივით ვიყავით. ორი ბავშვი ვიყავით, მუსიკის კეთების გარდა არაფერი გვაინტერესებდა. მთელი ჩვენი ნერვიულობაც, ჩხუბიც, ყველაფერი მუსიკის გარშემო ტრიალებდა.შეიძლება გვიჩხუბია რაღაც პატარა დეტალზე. მაგალითად, ეუბნები, მოდი, აქ ეს მონაკვეთი წაიღიღინე და უცებ თუ ვერ გაიგებდა, მერე ვჩხუბობდით, ვიბუტებოდით — მთელი ამბები იყო ხოლმე.

სტუდიიდან წამოსვლა არ გვინდოდა. ჩაის დასალევად და სიგარეტის მოსაწევადაც კი დრო მენანებოდა, ოღონდ სტუდიაში მეტი დრო გაგვეტარებინა. მერე უკვე სტუდია სახლში გვქონდა. ერთ-ერთ პირველებს გვქონდა საშუალება, სახლში ჩაგვეწერა. გელაც დაგვეხმარა, რომ ალბომები ჩაგვეწერა. პირველი ალბომი სახლში ჩავწერეთ.

იმდენ სახელს მარქმევდა, ხან რას მეძახდა, 40 სახელს დამიძახებდა დღის განმავლობაში, მოფერებით. 17 წლით იყო ჩემზე უფროსი, მაგრამ ისეთი ადამიანი იყო, რომ ასაკი უკვე აღარ იყო მნიშვნელოვანი. ჩემზე უფრო ბავშვი იყო. ბავშვი იყო, სიცოცხლითა და სიყვარულით სავსე ბავშვი...

სხვათა შორის, გარდაცვალებამდე სიზმრები ჰქონდა ხოლმე უცნაური. ერთხელ მეუბნება: თოვლი იყო სიზმარშიო და მთაზე ადიოდითო შენ და ნანაო. იქ ეკლესიაც ჩანდაო... ჩემს სასაფლაოზე ადიოდითო.

გავბრაზდი და ვუთხარი, ოდესმე რა ვიცით-მეთქი... არა, ნანა ჯერ კიდევ ძალიან პატარა იყო...

ირაკლისთან მთელი თანაცხოვრების განმავლობაში ღამღამობით რაღაცებზე ჩუმად მეტირებოდა ხოლმე. ისე, ხმას არ ვიღებდი და შეიძლება ბალიში დამსველებოდა. ეტყობა, მისი წინათგრძნობებიც... ჩემი წინათგრძნობებიც... თითქოს რაღაც დასასრულს უნდა მიუახლოვდეს...

irakli4-1-1769601582.png

ირაკლი თავის სახლში გავიცანი. მეგობრებთან ერთად მივედი. ძალიან განსაკუთრებული იყო მისი გაცნობა ჩემთვის.არ ვიცი, რა იყო... ბერლინიდან ახალი ჩამოსული იყო და მისი ფანი ვიყავი. ფაქტობრივად, ყველა მისი ფანი ვიყავით. შოკში ვიყავი — ძალიან სიმპათიური, ერუდირებული...თავისებური ლაპარაკი იცოდა — დუდუნებდა ხოლმე, ფილოსოფიაზე, ლიტერატურაზე საუბრობდა. ისე გემრიელად გასმენინებდა თავს, რომ მისი მოსმენა სიამოვნება იყო.

სიმართლე გითხრათ, ძალიან მაკლია...ადამიანი ზოგადად ისეთი, რომლისგანაც სულ რაღაცას სწავლობ — აი, ეს არის ყველაზე დიდი ფუფუნება. ჩვენი ცხოვრების მანძილზე გვხვდებიან ნიჭიერი, ჭკვიანი, ერუდირებული ადამიანები და ასეთ ადამიანებთან შეხება უდიდესი ბედნიერებაა. მე ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ადამიანი შემხვდა...

irakli-charkviani-1769895602.jpg

გარდაცვალების დღე...

იმ დღეს მოხდა ის, რომ დრო ამერია და უფრო ადრე წავედი ტელევიზიაში გადაღებაზე. მოკლედ, ამ დროს მოხდა, რომ ირაკლი გადავიდა სხვა განზომილებაში... მარტო არ იყო სახლში, გელაც იყო. გელამ მითხრა, დამირეკა, ირაკლი გარდაიცვალაო...

ხმა ვერ გავეცი. დავდუმდი, გავშეშდი და კარგა ხანს ვიყავი ასე გაშეშებული. ბოლომდე არ მჯეროდა. დღემდე მიჭირს იმ დღის გახსენება...

ბევრი ხალხი იყო. იმ გადაღებაზე, სადაც ვიყავი, „ღამის შოუს“ ბიჭები გამომყვნენ, ბევრნი. აქ რომ მოვედი, ბევრი ხალხი დამხვდა სადარბაზოსთან და არ მესიამოვნა. რა უნდათ-მეთქი ახლა ამათ? რატომ მოვიდნენ აქ? რატომ არიან? არ მჯეროდა, რაც მითხრა...

irakli-1795885258.pngirakli44-1795885256.png

მშობლები

გელას ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა ბავშვობაში. მუსიკისადმი, ჯაზისადმი სიყვარული გელამ გაუღვივა...გიჟდებოდა დედაზე, ნანაზე. არანორმალურად ახლო ურთიერთობა ჰქონდათ. დღის განმავლობაში ბევრჯერ ურეკავდნენ ერთმანეთს დედა-შვილი.

irakli4-1795885257.png

მშობლები ძალიან უყვარდა და ძალიან მჭიდრო კავშირი ჰქონდა მათთან.

ირაკლი - მამა

როგორი მამა იყო ირაკლი? არ ვიცი, ნანას გამო... აი, აკანკალებდა. ერთხელ, ბავშვი ტახტიდან გადმოვარდა, ისკუპა და აი, რა ემართებოდა... აბსოლუტურად იშლებოდა ნაწილებად. ძალიან ნერვიულობდა ნანაზე.

ეს პასუხისმგებლობა, რომ ბავშვი ჰყავდა და თან უკვე ისეთ ასაკში, შუა ხნის ასაკში შეეძინა შვილი, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო. სამწუხაროდ, ცხოვრობდა ისეთ ქვეყანაში, სადაც ასეთ უნიჭიერეს ადამიანს არ ჰქონდა მარტივი პასუხი კითხვაზე, როგორ უნდა ერჩინა შვილი...

irakli4-1781681776.jpg

ნანა ჩარკვიანი:

- მე, რადგან ისეთი მოგონებები არ მაქვს, ყველაფერი ჩემი პერსპექტივიდან, ირაკლის გარშემო აწყობილი ისტორიებიდან ვიცი... მახსენდება რაღაც განცდა, რომ რაღაცა მაკლდა. მახსოვს ეს გრძნობა, თითქოს რაღაც აღარ იყო ჩემს ცხოვრებაში...

მაგრამ მე, საბედნიეროდ, გამიმართლა, რომ მყავს ისეთი მამა, რომელზეც, მინდა თუ არ მინდა, ძალიან ბევრი რამ მესმის. ძალიან ხშირად გვხვდება, იქნება ეს ეკრანებიდან თუ ადამიანებისგან კეთილი სიტყვების სახით.

შესაბამისად, ჩემს წარმოდგენაში ირაკლი, როგორც მამა, ძალიან მრავალფეროვანია.

ერთადერთი, რასაც ახლა ჩავთვლიდი მნიშვნელოვნად სათქმელად, ან რაც რეალურად გულზე მეხება, არის ის, რომ ვაცნობიერებ, რამდენად უსწრებდა დროს ირაკლი...

იმდენი კითხვა მაქვს, ძალიან ბევრი კითხვა მექნებოდა მისთვის.

ჩემდა საბედნიეროდ, მომეცა საშუალება, მისი დღიურები წამეკითხა. მათ შორის ის ჩანაწერებიც, რომლებიც გარდაცვალებამდე ერთი-ორი წლით ადრე ჰქონდა გაკეთებული...ამ დღიურების წაკითხვისას ძალიან ბევრი კითხვა, რომელიც ზოგადად მქონდა, პასუხგაცემული აღმოვაჩინე. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

მაგრამ ახლა ალბათ უფრო ის მაინტერესებს, თვითონ რას მკითხავდა, რას მეტყოდა, როგორი გოგო ვარ ახლა, რა მიტაცებს, რა რჩევას მომცემდა.

რთულია ერთი კითხვის მოფიქრება, იმიტომ, რომ ჩემი ცხოვრების განმავლობაში, 22 წლის მანძილზე, ბევრი კითხვა დაგროვდა და ერთი არ მახსენდება...მაგრამ ძალიან საინტერესო საუბარი გვექნებოდა, იმედია. და გემრიელ ყავას გავუკეთებდი, რაც ვიცი, რომ ძალიან უყვარდა...

irakli-1795887616.jpg

ირაკლი იყო ნამდვილი პოეტი. პოეტებს ჩვევიათ, დაინახონ და შეიგრძნონ ისეთი რაღაცები, რაც მათ თვალწინ, შესაძლოა, საერთოდ არ არის.

ისე გამოვიდა, რომ ირაკლი ძალიან იშვიათი ტიპის მუსიკოსი იყო. იშვიათია, შეგხვდეს მუსიკოსი, რომელიც ბოლომდე მუსიკოსია. ვგულისხმობ, რომ არ აქვს სხვა სამსახური, რომლითაც თავს ირჩენს — მისი მთელი ცხოვრება კონცენტრირებული იყო შემოქმედებაზე.ეს დღესდღეობით ძალიან იშვიათი მოვლენაა, მით უმეტეს, ასეთ რთულ სიტუაციაში არსებობისთვის.როდესაც ამდენ დაუღალავ ენერგიას დებ რაღაცაში, შეუძლებელია, რომ ეს წლების შემდეგ, თუნდაც გარდაცვალების შემდეგ, არ დაფასდეს.

ირაკლი, როგორც მოგეხსენებათ, თავიდან, 90-იანებში, ერთგვარი ალტერნატივა იყო. ცხოვრების ბოლოს კი საკმაოდ მეინსტრიმულიც გახდა, რაც ბევრი არტისტისთვის შეიძლება ერთგვარი ოცნება იყოს.წლების განმავლობაში თითქოს უფრო დაფასდა ის, რაც დაგვიტოვა.

ეს ბავშვები და თუნდაც ჩემხელა ადამიანები როგორ ხედავენ მას, ჩემთვის ბოლომდე რთული გასაგებია. იმიტომ, რომ ისინი, ვინც ირაკლის სიცოცხლეში მოესწრნენ, სულ სხვანაირად აღიქვამენ მას.ჩვენი თაობისთვის ირაკლი ჩარკვიანი უფრო მეფეა, ვიდრე უბრალოდ ირაკლი ჩარკვიანი.ლეგენდა და მისტიკა როდესაც პერსონას თან ახლავს, ის ბევრად უფრო ადვილად აღწევს ადამიანების გულებამდე.მისი პოეზია და სიტყვები... ჩვენ თითქოს მის პოლიტიკურ და სულიერ ფასეულობებთან ძალიან ახლოს ვართ, ძალიან თანხვედრაშია ჩვენი ღირებულებები.

რას საქმიანობს ირაკლი ჩარკვიანის ვაჟი და როგორ იხსენებს მამასთან ურთიერთობას - ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა ირაკლის შვილობა...
ახლა მარტო ვარ და მარტოობაში მშვენივრად ვგრძნობ თავს... ირაკლი რომ ცოცხალი ყოფილიყო, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა... ყოველთვის მქონდა განცდა, რომ ასეთი ბედნიერება ძალიან დროებითია... ირაკლი სასწაული მამა იყო, გადარეული... - ქეთათოს გულახდილი ინტერვიუ
როცა ერთად ცხოვრება დავიწყეთ, მე ვიყავი 17 წლის, ირაკლი - 34-ის, ზუსტად ორჯერ ჩემზე დიდი... ერთ თვეში გახდება 20 წელი, რაც აღარ არის... მართლა 24 საათი ერთად ვიყავით, წამი მენანებოდა მის გარეშე გატარებული... - ქეთათო ირაკლი ჩარკვიანზე
ირაკლიმ სიკვდილი გამიადვილა... ნანამ კი სიკვდილი მომანდომა - გელა ჩარკვიანი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა