გრიპის სეზონი ოფიციალურად დაიწყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 26 ნოემბრის მონაცემებით, ევროპის რეგიონში ამ ეტაპზე A(H1N1) ტიპის გრიპი დომინირებს. სპეციალისტების პროგნოზით, მომდევნო ექვსი კვირის განმავლობაში გრიპის გავრცელება კიდევ უფრო გააქტიურდება.
სხვა რესპირატორული ვირუსებისგან განსხვავებით, გრიპი ხშირად მოულოდნელად იწყება. ბავშვი, რომელიც რამდენიმე საათის წინ თავს კარგად გრძნობდა, შესაძლოა უცებ მოითენთოს, დასუსტდეს, საწოლში დაწოლა მოუნდეს და ტემპერატურამ 39-40 გრადუსს მიაღწიოს.
გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია:
სხეულის ტემპერატურის უეცარი მატება;
ძლიერი სისუსტე და შემცივნება;
თავის ტკივილი;
კუნთებისა და სახსრების ტკივილი;
მშრალი ხველა;
ყელის ტკივილი;
მადის დაკარგვა;
ზოგიერთ შემთხვევაში გულისრევა, ღებინება და დიარეა, განსაკუთრებით ბავშვებში.
ჩვეულებრივი გაციებისგან განსხვავებით, გრიპის დროს ხშირად არა სურდო, არამედ მაღალი სიცხე, სხეულის ტკივილი და საერთო სისუსტეა წამყვანი სიმპტომები. თუმცა მხოლოდ სიმპტომებით გრიპის სხვა რესპირატორული ინფექციებისგან ზუსტად განსხვავება ყოველთვის შეუძლებელია.
ბავშვის იმუნურ სისტემას ბევრ ვირუსთან ჯერ არ ჰქონია შეხება და მათ მიმართ სპეციფიკური იმუნიტეტი არ ჩამოუყალიბებია. განსაკუთრებით მაღალია გართულებების რისკი 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, მათ შორის ყველაზე მეტად – 2 წლამდე ასაკში.
გარდა ამისა, ერთი ინფექციის ფონზე ბავშვი შესაძლოა სხვა ვირუსითაც დაინფიცირდეს. გრიპს ზოგჯერ მეორეული ბაქტერიული ინფექციაც ერთვის, რაც დაავადების მიმდინარეობას ამძიმებს.
გრიპის შესაძლო გართულებებს შორისაა ფილტვების ანთება, შუა ყურის ანთება, გაუწყლოება და ქრონიკული დაავადებების გამწვავება.
გრიპის დროს მაღალი ტემპერატურა ხშირად 3-4 დღის განმავლობაში ნარჩუნდება. გაურთულებელ შემთხვევებში ძირითადი სიმპტომები დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში მცირდება, თუმცა ხველა და სისუსტე შესაძლოა ორ კვირაზე მეტხანსაც გაგრძელდეს.
განსაკუთრებით საყურადღებოა შემთხვევა, როდესაც ბავშვს სიცხე დაუწევს, მდგომარეობა გაუუმჯობესდება, შემდეგ კი ტემპერატურა ისევ მოემატება და ხველა გაუძლიერდება. ეს შესაძლოა გართულებაზე მიუთითებდეს.
მშობლები ხშირად მხოლოდ თერმომეტრის მაჩვენებელზე კონცენტრირდებიან, თუმცა გაცილებით მნიშვნელოვანია ბავშვის საერთო მდგომარეობაც.
დააკვირდით, რამდენად კონტაქტურია ბავშვი, როგორ სუნთქავს, სვამს თუ არა სითხეს, რამდენად ხშირად შარდავს და როგორ გრძნობს თავს სიცხის დაწევის შემდეგ.
მაღალი ტემპერატურა, რომელიც ძნელად იწევს, თავისთავად არც ძლიერი იმუნიტეტის ნიშანია და არც აუცილებლად მძიმე დაავადებაზე მიუთითებს.
გახშირებული ან გაძნელებული სუნთქვა;
ტუჩების ან სახის გალურჯება;
გულმკერდის ტკივილი;
ძლიერი მოდუნება, ძილიანობა და კონტაქტის გაძნელება;
სითხის მიღებაზე უარის თქმა და შარდვის მკვეთრი შემცირება;
კუნთების ისეთი ძლიერი ტკივილი, რომ ბავშვი სიარულზე უარს ამბობს;
კრუნჩხვა;
40 გრადუსზე მაღალი სიცხე, რომელიც სიცხის დამწევი საშუალებით არ კონტროლდება;
გაუმჯობესების შემდეგ სიცხისა და ხველის ხელახლა გაძლიერება.
სამ თვემდე ასაკის ჩვილებში 38 გრადუსი ან მეტი ტემპერატურაც დაუყოვნებლივ სამედიცინო შეფასებას საჭიროებს.
ბავშვი უნდა იყოს ,მოსვენებულ მდგომარეობაში. ხშირად შესთავაზეთ სითხე მცირე ულუფებით, გაანიავეთ ოთახი და არ ჩააცვათ ზედმეტად თბილად.
სიცხის დამწევი საშუალება გამოიყენეთ ბავშვის ასაკისა და წონის შესაბამისად.
გრიპის საწინააღმდეგო სპეციალური ანტივირუსული პრეპარატები არსებობს. მათი გამოყენება განსაკუთრებით ეფექტიანია დაავადების დაწყებიდან პირველი 48 საათის განმავლობაში, ამიტომ მცირეწლოვანი და ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვების შემთხვევაში ექიმთან დაკავშირება არ გადადოთ.
ანტიბიოტიკები გრიპის ვირუსზე არ მოქმედებს და მათი გამოყენება მხოლოდ ექიმის მიერ შესაბამისი ჩვენების განსაზღვრისას არის საჭირო.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოსახლეობას შეახსენებს, რომ მიუხედავად გრიპის სეზონის დაწყებისა, ვაქცინაციისთვის ჯერ კიდევ არ არის გვიან. აცრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირეწლოვანი ბავშვებისთვის, ორსულებისთვის, ხანდაზმულებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის