რა უნდა იქონიონ თან აბიტურიენტებმა გამოცდაზე გამოცხადებისას და როდის  მიიღებენ ისინი საგამოცდო ბარათებს - დეტალები - მშობლები

რა უნდა იქონიონ თან აბიტურიენტებმა გამოცდაზე გამოცხადებისას და როდის მიიღებენ საგამოცდო ბარათებს - დეტალები

2026-04-27 11:29:06+04:00

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია კვლავ მიმდინარეობს. აბიტურიენტებს რეგისტრაციის გავლა 11 მაისის 18:00 საათამდე შეუძლიათ.

​დარეგისტრირებულ აბიტურიენტებს შეუძლიათ, შეცვალონ საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი პრიორიტეტების მიხედვით. მათი არჩევის, წაშლისა და გადანაცვლების საშუალება აბიტურიენტებს აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე ექნებათ. კონკრეტული თარიღი გამოქვეყნდება ვებგვერდზე www.naec.ge. ​

საგამოცდო ცენტრები გაიხსნება: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში. ​

გაითვალისწინეთ, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას ვერ მიიღებს არადამამთავრებელი კლასის მოსწავლე.

რაც შეეხება საგამოცდო ბარათებს, აბიტურიენტები საგამოცდო ბარათების ელექტრონულ ვერსიებს ნებისმიერ ხელმისაწვდომ კომპიუტერზე პირადი სარეგისტრაციო გვერდიდან ამობეჭდავენ (გვერდი, სადაც აბიტურიენტი ირჩევს გამოცდებს, საგანმანათლებლო პროგრამებს, ეცნობა შედეგებს).

​ბარათზე მითითებულია შემდეგი ინფორმაცია: ​

  • აბიტურიენტის საიდენტიფიკაციო კოდი; ​
  • საგამოცდო ცენტრის მისამართი; ​
  • თითოეული გამოცდის თარიღი; ​
  • გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო;
  • ​საგამოცდო სექტორისა და სამუშაო მაგიდის ნომრები;
  • ​საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაცია ატესტატის წარმოდგენის შესახებ. ​

მნიშვნელოვანია, რომ საგამოცდო ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტა, ლაქები და ა.შ.) გარეშე. საგამოცდო ბარათი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად იქნება აბიტურიენტის საშვი მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში გვითხრეს, ჯერჯერობით, უცნობია, როდიდან შეძლებენ აბიტურიენტები საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას, რადგან, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია კვლავ მიმდინარეობს. წინა წლებში აბიტურიენტები საგამოცდო ბარათებს ივნისის მეორე ნახევრიდან იღებდნენ, თუმცა ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დაზუსტებულ ინფორმაციას გამოაქვეყნებს.

რა უნდა იქონიოს თან აბიტურიენტმა გამოცდაზე გამოცხადებისას? ​

  • საგამოცდო ბარათი
  • ​სურვილის შემთხვევაში: გელიანი (ე.წ. ტუში) შავი ფერის კალამი, 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით.
  • ​პირადობის (ბინადრობის) დამადასტურებელი დოკუმენტი / პასპორტი ან სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ბეჭდითა და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დამოწმებული განაცხადი / განცხადება-ანკეტა / ამონაბეჭდი ან სხვა დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია პირის ფოტოსურათი, სახელი, გვარი და პირადი ნომერი.

​გასათვალისწინებელია შემდეგი:

  • ​აბიტურიენტი ცხადდება საგამოცდო ბარათზე მოცემულ საგამოცდო ცენტრში მითითებულ დროს.
  • ​რეგისტრაციის გავლამდე აბარებს ზედმეტ ნივთებს.
  • ​რეგისტრაციის გავლის შემდეგ იკავებს მისთვის განკუთვნილ ადგილს შესაბამის სექტორში. ​
  • აბიტურიენტი მიიღებს პასუხების ფურცელს და ფურცელს შავი სამუშაოსათვის, ასევე გამოცდისათვის გათვალისწინებულ დამხმარე მასალას (მაგ.: რუკა, მენდელეევის ტაბულა).
  • აბიტურიენტს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია გამოიყენოს საკუთარი შავი ფერის გელიანი (ე. წ. ტუშის) კალამი 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით.
  • ​ანონიმურობის უზრუნველსაყოფად პასუხების ფურცელზე დაიკვრება ინდივიდუალური შტრიხკოდი (შტრიხკოდისა და მაგიდის ნომრები იდენტურია). ​
  • განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პასუხების ფურცლის დაუზიანებლობას. არ შეიძლება მისი დაკეცვა ან დაჭმუჭნა, რაიმე ჩანაწერის გაკეთება (რომელიც არ ეხება ტესტის კითხვების პასუხს).
  • ​ყველა საგამოცდო ცენტრში, რეგისტრაციის სივრცესა და სექტორში დამონტაჟებული იქნება ვიდეოკამერა საგამოცდო პროცესის ჩაწერის უზრუნველსაყოფად. ​
  • საგამოცდო დროის ამოწურვის ან აბიტურიენტის მიერ სამუშაოს ადრე დასრულების შემთხვევაში, დამკვირვებელი ამოწმებს, გადატანილია თუ არა პასუხების ფურცელზე სტანდარტული ფრაზა, ასევე, აბიტურიენტის პასუხების ფურცლისა და შტრიხკოდის დაუზიანებლობას, რასაც აბიტურიენტი ადასტურებს უწყისში ხელმოწერით და ამის შემდეგ დამკვირვებელს აბარებს ნამუშევარს. ​
  • სწორდება მხოლოდ პასუხების ფურცელი. ​
  • საგამოცდო პროცესი ამით სრულდება. პასუხების ფურცლები ილუქება და იგზავნება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

ვრცელი ინფორმაცია წესებთან და პროცედურებთან დაკავშირებით შეგიძლიათ, აბიტურიენტთა ცნობარში ნახოთ.

როდის დაასრულებენ სწავლას აბიტურიენტები და პირველკლასელები, რამდენი დასვენების დღე დარჩა და როდიდან იწყება სკოლებში არდადეგები - თარიღები
​რა შემთხვევაში გაუქმდება აბიტურიენტის სარეგისტრაციო განაცხადი და ვის ევალება ატესტატის წარდგენა - დეტალები
ვალდებულია თუ არა აბიტურიენტი, აირჩიოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამაც და შეუძლია თუ არა 2 უცხო ენის ჩაბარება