საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, მსახიობი გიორგი მახარაძე და მომღერალი მარიამ როინიშვილი ანა ტყებუჩავას პოდკასტ V ელემენტი-ში საუბრობენ, თუ როგორია მათი, როგორც ყოფილი ცოლ-ქმრის ურთიერთობა, რა დაეხმარათ ჯანსაღი ურთიერთობის შენარჩუნებაში და როგორ ინაწილებენ პასუხისმგებლობებს შვილზე - უკვე თინეიჯერ ელენეზე.
მარიამი:
- პატარები ვიყავით ძალიან... 20 წლისები ვიყავით, ელენე რომ გაჩნდა... საერთოდ, ძალიან კარგი არის ის, რომ თავის დროზე მე და გიორგი გადავეყარეთ ერთმანეთს. სულ ვამბობ,ყველაზე მთავარი არის ის, რომ ელენე უნდა მოვლენილიყო ჩემს ცხოვრებაშიც და გიორგის ცხოვრებაშიც. ეს ყველაფერი ღირდა ყველაფრად, აბსოლუტურად, აი მართლა ყველაფერი! იმიტომ, რომ ელენე არის დღეს...
გიორგი:
- კი ბატონო, მაგრამ მაინც, რეკომენდაციას გავცემდი: მარტო მაგ მიზეზის გამო, 19 წლისები გაუაზრებლად ბავშვის გაჩენაზე ნუ იფიქრებენ. პასუხისმგებლობა უნდა აიღონ საკუთარ თავზე. ძალიან დიდი გააზრება უნდა მშობლობას. „მოდი, ბავშვი გავაჩინოთ“ — ეგრე არ არის.
მარიამი:
- აბსოლუტურად ვეთანხმები გიორგის ამ საკითხში და ელენესთანაც არაერთხელ მისაუბრია სწორედ ამაზე. ძალიან ვცდილობ, რომ რაღაცნაირად ფრთხილი ვიყო. ბევრი შეცდომა შეიძლება დაუშვა ადრეულ ასაკში შვილის ყოლით, ბავშვისთვის, პირველ რიგში.
გიორგი:
- ...ბევრი ეტაპი იყო, სანამ ამ ურთიერთობამდე მოვიდოდით. მაინც ინდივიდუალურია, ყველგან ერთნაირად არ მიდის. მთავარია, რომ იქამდე მივედით, დავაპრიორიტეტეთ რაღაცები და მაგან სწორ გზაზე დაგვაყენა.
მარიამი:
- პრიორიტეტები ახსენა გიორგიმ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც დაშორებულ წყვილ ეგო მიაქანებს (და ეს შეიძლება ბუნებრივიც არის, იმიტომ, რომ ახალდაშორებულზე ეგო ძალიან გჭამს), ამ დროს ერთადერთი ადამიანი ხდება მსხვერპლი და ეს არის შენი შვილი.ამიტომ, თუ მე და გიორგი დღეს მაგალითის სახით ვზივართ მათთვის, ვინც ამ პროცესს გადის, იქნებ ვიყოთ სწორი გზის მაჩვენებლები. როგორც კი ბავშვი გახდება პრიორიტეტი, ყველაფერი მილაგებადია. შენს თავს რომ გადაწევ ცოტა და ბავშვზე იფიქრებ, ეგ უკვე მიმართულებას მოგცემს და აღარ დასჭირდება ბევრი ფიქრი, რა ქნა და როგორ ჯობია.
ახლა ბევრი რამ არც მახსოვს იმ განცდებიდან... ძალიან დიდი დრო გავიდა. მაშინ დამოუკიდებელი ტიპებიც არ ვიყავით, პირველ ნაბიჯებს ვდგამდით ცხოვრებაშიც და კარიერაშიც. აბსოლუტურად დიდი არეულობა ხდებოდა ორივესთან. ეს ცოტა გვიან ასაკში რომ მომხდარიყო, ალბათ სხვა რამე იქნებოდა.


მარიამი და გიორგი თანაბრად არიან ჩართული საერთო შვილის ცხოვრებაში და როლებიც ძალაუნებურად ისე გადანაწილდა, რომ მარიამი უფრო ემოციური და პანიკური მშობელია, გიორგი - მშვიდი.
მარიამი:
- ხშირ შემთხვევაში მე ვქოთქოთებ, ბოლოს ფინალი ეგ არის. გიორგი მაინც სიმშვიდეს ინარჩუნებს, მე - ვერასდროს... ჩემთვის გაუგებარია ხანდახან, რა თქმა უნდა, მისი სიმშვიდე მაგრამ მივხვდი საბოლოოდ, რომ გიორგი არის, როგორიც არის, მე ვარ ისეთი, როგორიც ვარ აქედან გამომდინარე ეს ამბავი ორივეს ძაან მიღებული გვაქვს დღესდღეობით. გიორგიმ იცის, რომ მე ემოციური ვარ და შეიძლება რაღაცაზე მეტად ავფეთქდე, მეტი რეაქცია მქონდეს და მე ვიცი, რომ გიორგის ამაზე არ ექნება ის რეაქცია, რაც მე მაქვს და ეს, სხვათა შორის, კარგიც არის...
აღზრდის საკითხებში, როცა ელენე პატარა იყო, მე მქონდა მომენტები, როცა ვერ ვუშვებდი რაღაცებზე ბოლომდე და გიორგი პირიქით იყო. ახლა ვხვდები, რომ მე ვცდებოდი...ძალიან ბევრი საკითხი იხარშება შენს თავში, როგორც დედის, და ბევრს ნერვიულობ ყველაფერზე, მაგრამ საბოლოოდ პროცესში მაინც ვხვდები, რომ ბავშვმა თვითონ უნდა ისწავლოს რაღაცეები ცხოვრებაში, თვითონ უნდა გადალახოს... რაღაცნაირად მინდოდა, რომ ამეცილებინა ელენესთვის რაღაც-რაღაცეები და ვთვლი, რომ ეს არ იყო სწორი გადაწყვეტილება დღევანდელი გადმოსახედიდან.გიორგი საპირისპირო აზრზე იყო, რომ პირიქით აი, ელენემ უნდა გადალახოს, ელენემ უნდა ისწავლოს პრობლემების გადაჭრა, თვითონ ეტკინოს, გადალახოს... მე პირიქით, დედის პოზიცია მქონდა, რაც არ იყო ალბათ გამართლებული. არა, არ ეტკინოს, საბოლოოდ პირიქით, ამასობაში უნდა გამოიწვრთნას შენი შვილი იმ ცხოვრებისთვის, სახლის კარს რომ გააღებს, რაც გარეთ ელოდება, აი ამ ყველაფრისთვის უნდა შეამზადო მაქსიმალურად. ეს არის ურთულესი პროცესი დედისთვის. თითქოს რაღაცნაირად ხრამში აგდებ და ხელს უშვებ. ეუბნები, რომ მიდი, შენ თვითონ გადარჩი, მაგრამ ამ დროს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ეუბნები, შენთან ვარ, მაგრამ ბოლომდე შენ არ აკეთებ მის გასაკეთებელს...
გიორგიმაც და მარიამმაც შექმნეს მეორედ ოჯახი. გიორგის პატარა ნიკა ჰყავს, მარიამ ნადირაძესთან ქორწინებაში, ხოლო მარიამს კირა შეეძინა ვახო კანდელაკთან.



