ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებსა და პოდკასტებში აქტიურად განიხილავენ თემას, რომ ბავშვის იმუნიტეტის საფუძველი ცხოვრების პირველ 1000 დღეში ყალიბდება და შემდეგ მისი „გაძლიერება“ თითქმის შეუძლებელია. ამ თემაზე ექიმ-იმუნოლოგთა მოსაზრებები განსაკუთრებით დიდ ინტერესს იწვევს მშობლებში.
სპეციალისტები განმარტავენ, რომ „პირველი 1000 დღე“ მოიცავს პერიოდს ჩასახვიდან ბავშვის 2 წლამდე — ორსულობის დაახლოებით 280 დღეს და დაბადების შემდეგ პირველ 730 დღეს. თანამედროვე პედიატრიაში ეს ეტაპი მართლაც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდად ითვლება, რადგან სწორედ ამ დროს ყალიბდება ადამიანის ორგანიზმის მრავალი სისტემა, მათ შორის — იმუნური სისტემა.
ამ პერიოდში ვითარდება ნაწლავის მიკრობიოტა, მწიფდება ლიმფოიდური სტრუქტურები და ყალიბდება იმუნური უჯრედების ბალანსი — ანუ ის მექანიზმები, რომლებიც მომავალში ორგანიზმის დაცვაში მონაწილეობენ.
ექიმების თქმით, იმუნური სისტემის ფორმირებაზე გავლენას ახდენს:
• ორსულის კვება — მრავალფეროვანი რაციონი, ვიტამინები და მიკროელემენტები მნიშვნელოვანია ნაყოფის იმუნური სისტემის სწორად ჩამოყალიბებისთვის;
• ორსულობის დროს მავნე ჩვევებზე უარის თქმა — განსაკუთრებით მოწევასა და ალკოჰოლზე;
• ქრონიკული დაავადებების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში ვაქცინაცია;
• ბუნებრივი მშობიარობა — სპეციალისტების განმარტებით, ამ დროს ბავშვის ნაწლავები პირველად ხვდება დედის მიკრობიოტას, რაც შემდგომ იმუნურ პასუხზეც მოქმედებს;
• ძუძუთი კვება — დედის რძე ბავშვს მხოლოდ ანტისხეულებს კი არა, იმუნურ უჯრედებსა და სპეციალურ ნივთიერებებსაც გადასცემს, რომლებიც დამცავი მექანიზმების განვითარებას უწყობს ხელს.
თუმცა ექიმები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ თუ გარკვეული პირობები იდეალური არ იყო — მაგალითად, ბავშვი საკეისრო კვეთით დაიბადა ან ვერ მიიღო ძუძუთი კვება — ეს არ ნიშნავს, რომ მისი იმუნიტეტი „დაზიანებულია“. ადამიანის მიკრობიოტა და იმუნური სისტემა მოქნილია და სწორი მოვლის პირობებში შემდგომშიც წარმატებით ვითარდება.
სპეციალისტების თქმით, არა. იმუნიტეტი მთელი ცხოვრების განმავლობაში იცვლება და ვითარდება. 2 წლის შემდეგ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:
• სრულფასოვანი კვება;
• ხარისხიანი ძილი;
• ფიზიკური აქტივობა;
• სუფთა გარემო;
• სტრესის შემცირება და ემოციური კეთილდღეობა.
ასევე დიდ როლს თამაშობს გენეტიკაც.
ექიმები ამბობენ, რომ თუ გაკაჟებაში იგულისხმება ცივი წყლის პროცედურები ან ძლიერი სიცივის ზემოქმედება, დღეს ამის ეფექტურობის დამადასტურებელი მტკიცებულებები საკმაოდ სუსტია. არ არსებობს დამაჯერებელი კვლევები, რომლებიც აჩვენებს, რომ ასეთი მეთოდები ინფექციების სიხშირეს მნიშვნელოვნად ამცირებს.
თუმცა არსებობს მონაცემები, რომ ზომიერი და გონივრული გაკაჟება შეიძლება სასარგებლო იყოს ორგანიზმის ადაპტაციისთვის — მაგალითად, ნერვული სისტემის მუშაობის გაუმჯობესებისა და სტრესის შემცირების მხრივ.
ექიმები განმარტავენ, რომ რეალურად უფრო მნიშვნელოვანია არა ექსტრემალური პროცედურები, არამედ:
• ბავშვის ზედმეტად „ჩაფუთვნის“ თავიდან აცილება;
• სახლში ნორმალური ტენიანობისა და ტემპერატურის შენარჩუნება;
• სუფთა ჰაერი;
• ფიზიკური აქტივობა;
• წყლის პროცედურები;
• ჯანსაღი კვება.
გაკაჟების სწორი მიდგომა შეიძლება იყოს:
• ჰაერის აბაზანები ტანსაცმლის გამოცვლის დროს;
• გრილი, მაგრამ არა ყინულივით ცივი წყლით დაბანა;
• ბანაობის წყლის ტემპერატურის ეტაპობრივი შემცირება.
მნიშვნელოვანია, პროცედურებმა ბავშვს დისკომფორტი არ შეუქმნას.
როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, არც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და არც წამყვანი პედიატრიული ასოციაციები გაკაჟებას ინფექციების პრევენციის მთავარ მეთოდად არ განიხილავენ. თანამედროვე მედიცინის მთავარი რეკომენდაციებია:
• ხელების ჰიგიენა;
• სრულფასოვანი კვება;
• ფიზიკური აქტივობა;
• სუფთა ჰაერი და ოთახების განიავება;
• ანტიბიოტიკების გონივრული გამოყენება;
• ოჯახის ემოციური კეთილდღეობა;
სპეციალისტების მთავარი გზავნილი მშობლებისთვის ასეთია: გაკაჟება შეიძლება სასარგებლო იყოს, თუ ის გონივრულად ტარდება, თუმცა ბავშვის ჯანმრთელობის მთავარი საფუძველი მაინც მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომებია — ვაქცინაცია, ძილი, კვება, მოძრაობა, ჰიგიენა და მშვიდი ოჯახური გარემო.