ექიმი ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სანდრო ცისკარიძე გადაცემაში პირადი ექიმი მარი მალაზონია საუბრობს ინსულტზე, მის რისკებსა და მის პროფილაქტიკაზე:
- ინსულტი გახლავთ ლიდერი დაავადება მოზრდილ ასაკში ფუნქციური უნარშეზღუდულობის განვითარების თვალსაზრისით და მეორე ადგილზეა (ზოგიერთი მონაცემის მიხედვით - მესამე ადგილზეა) სიკვდილიანობის მაჩვენებლის მიხედვით, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ეს არ არის უბრალოდ სამედიცინო დიაგნოზი. ეს არის სერიოზული სოციალური და ეკონომიკური ტვირთი საზოგადოებისათვის. წარმოუდგენლად მაღალი გლობალური ტვირთი აქვს ამ დაავადებას როგორც სოციალური, ისე ეკონომიკური, ფსიქოლოგიური და მორალური თვალსაზრისითაც. ძალიან რთულია თვითონ პაციენტისთვის, რომელსაც ინსულტი აქვს გადატანილი, შემდგომ ინსულტის შედეგებთან ერთად ცხოვრება. რთულია ეს ოჯახისათვის, მეგობრებისათვის, ახლობლებისთვის. შესაბამისად, ეს ტვირთი, ძალიან მაღალია.
ვინაიდან ასეთი მაღალი ტვირთის დაავადებაა ინსულტი, ცხადია უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს მის პრევენციას, პროფილაქტიკას, თავიდან აცილებას და შესაბამისად იმ რისკფაქტორების ცოდნას, რომელსაც მიჰყავს ადამიანი ინსულტამდე. სწორედ რისკფაქტორებზე ზემოქმედება გახლავთ პრევენციის ყველაზე ეფექტური გზა და არტერიული ჰიპერტენზია ინსულტის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი რისკფაქტორია.
როგორც რისკფაქტორი, არტერიული ჰიპერტენზია ინსულტის განვითარებაზე გარკვეულწილად არაპირდაპირად მოქმედებს. პირველ რიგში, ის აზიანებს სისხლძარღვებს და შემდეგ დაზიანებული სისხლძარღვების კედლებში განვითარებული პროცესების შედეგად ხდება ინსულტის განვითარება.
ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გართულება სისხლძარღვოვანი პათოლოგიისა გახლავთ ჰემორაგიული ინსულტი, თუმცა გაცილებით უფრო ხშირია იშემიური ინსულტი — ტვინის ინფარქტი, როდესაც ხდება ტვინის მკვებავი სისხლძარღვის ჩაკეტვა, ბლოკირება და შესაბამისად ტვინის იმ უბანში, რომელსაც ეს სისხლძარღვი კვებავს, ვითარდება იშემია და საბოლოოდ ტვინის ინფარქტი. ეს პრინციპში ანალოგიურია მიოკარდიუმის ინფარქტისა — სისხლის მიწოდების დარღვევის გამო წყდება ჟანგბადის და სხვა აუცილებელი ნივთიერებების მიწოდება ქსოვილში და ვითარდება მათი შიმშილი.
არტერიულ ჰიპერტენზიას შეუძლია თვითონაც შეავიწროოს სისხლძარღვები. ხანგრძლივად მიმდინარე ჰიპერტენზიისას სისხლძარღვები თანდათანობით ვიწროვდება, განსაკუთრებით თავის ტვინის წვრილი პერფორირებული სისხლძარღვები. საბოლოოდ შეიძლება დადგეს მომენტი, როდესაც სისხლძარღვი მთლიანად გადაიკეტება. თუ ეს წვრილი სისხლძარღვის დონეზე მოხდა, ვითარდება ლაკუნური ინფარქტები — მცირე ზომის იშემიური კერები, რომლებსაც სპეციფიკური სიმპტომატიკა ახასიათებს.
უფრო ხშირად კი ვითარდება მსხვილი სისხლძარღვების დაავადებით გამოწვეული იშემიური ინსულტები, სადაც არტერიული ჰიპერტენზია უზარმაზარ როლს თამაშობს. ის ხელს უწყობს ათეროსკლეროზის განვითარებას და ასევე არაპირდაპირად უწყობს ხელს კარდიოემბოლური ინსულტების განვითარებას. არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებს უფრო ხშირად უზიანდებათ გული. გულის დაზიანების შემთხვევაში ვითარდება ისეთი მდგომარეობები, რომლებიც დაკავშირებულია ინსულტის მაღალ რისკთან, მაგალითად მოციმციმე არითმია — კარდიოემბოლური ინსულტის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი.
როდესაც საუბარია მაღალი არტერიული წნევის ფონზე ინსულტის განვითარებაზე, უნდა აღინიშნოს, რომ ჯანმრთელ სისხლძარღვში, როგორც წესი, მხოლოდ მაღალი წნევა ჰემორაგიას არ იწვევს. საჭიროა გარკვეული წინაპირობა — ხანგრძლივად მიმდინარე ჰიპერტენზიით ან სხვა დაავადებით გამოწვეული ანგიოპათია, ანუ სისხლძარღვის დაზიანება. ასეთ შემთხვევაში მკვეთრად მომატებულმა წნევამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლძარღვის კედლის მთლიანობის დარღვევა და ჰემორაგიული ინსულტის განვითარება.
ამიტომ არტერიული წნევის კონტროლი ინსულტის პროფილაქტიკის ძალიან ეფექტიანი და მძლავრი ინსტრუმენტია. როგორც ყველა რისკფაქტორი, არტერიული ჰიპერტენზიაც შეიძლება მოდიფიცირდეს — ანუ შევამციროთ მისი ზემოქმედების უნარი და შედეგად მკვეთრად შევამციროთ იმ დაავადების განვითარების რისკიც, რომლის რისკფაქტორსაც წარმოადგენს.
ინსულტი არ ეხება მხოლოდ ერთ ადამიანს — ეს ეხება ოჯახს, გარემოს, მთელ სოციუმს. ის მკვეთრად ცვლის ცხოვრების ხარისხს როგორც თვითონ ინსულტგადატანილი ადამიანისთვის, ისე მისი ოჯახის წევრებისთვის...
როდესაც ვსაუბრობთ ინსულტის გადატანის შემდეგ არტერიული წნევის კონტროლზე, აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მეორად პრევენციას — ანუ განმეორებითი ინსულტის თავიდან აცილებას. თუ ადამიანს უკვე ჰქონდა ინსულტი, მას მეორე და შემდგომი ინსულტების განვითარების მაღალი რისკი აქვს. ამიტომ მწვავე მდგომარეობის მკურნალობასთან ერთად ძალიან სწრაფად იწყება მეორადი პრევენციული ღონისძიებები, რომელთა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი სწორედ არტერიული ჰიპერტენზიის სწორი მართვაა.
საინტერესოა, რომ ინსულტის მწვავე ფაზაში, განსაკუთრებით პირველ 12–24 საათში, წნევა ხშირად მომატებულია, თუმცა ამ დროს მისი აგრესიული დაწევა არ ხდება, რადგან ასეთ შემთხვევაში შეიძლება შემცირდეს სისხლის მიწოდება იშემიზირებულ ქსოვილში და უფრო მეტად გაღრმავდეს ტვინის იშემია. მოგვიანებით კი არტერიული წნევის ნორმალიზაცია უმნიშვნელოვანესია მეორადი პრევენციის თვალსაზრისით.
ტვინის ჯანმრთელობა ძალიან ფართო და კომპლექსური ცნებაა. დღეს ტვინის დაავადებებს იზოლირებულად აღარ განიხილავენ — საუბარია მთლიანობაში ტვინის ჯანმრთელობაზე. ინსულტი ამ დიდი სურათის მხოლოდ ერთ-ერთი ნაწილია.
ხშირად ადამიანს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე მცირე ლაკუნური ინსულტი ისე, რომ აშკარა ნიშნები საერთოდ არ გამოუვლინდეს, თუმცა საბოლოოდ ეს მაინც აისახება ტვინის ფუნქციონირებაზე.
არტერიული ჰიპერტენზიის ადრეული და სწორი მართვა გარკვეულწილად საწინდარია იმისა, რომ ადამიანი მომავალში არ გახდეს სისხლძარღვოვანი დემენციის მსხვერპლი.
გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ სისხლძარღვოვანი რისკფაქტორები გარკვეულწილად ტრიგერის როლსაც ასრულებენ ალცჰაიმერის დაავადების განვითარებაში. შესაბამისად, იმ ადამიანებს, ვისაც აქვს ჰიპერტენზია, ათეროსკლეროზი, შაქრიანი დიაბეტი, ჭარბი წონა, ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი, არასწორი კვება და თამბაქოს მოხმარება, უფრო მაღალი რისკი აქვთ როგორც ინსულტის, ისე ალცჰაიმერის დაავადების განვითარების.