გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია", ექიმი, ტელეწამყვანი მარი მალაზონია საუბრობს ინსულტის რისკფაქტორებზე და კვებაზე, რომელიც პირდაპირ კავშირშია არტერიულ ჰიპერტენზიასთან და ინსულტთან:
- ძალიან ხშირად ვსაუბრობთ ამ თემაზე იმიტომ, რომ არტერიული ჰიპერტენზია არის თაობიდან თაობაში საყურადღებო თემა და მას უამრავი პრობლემა უკავშირდება. როგორც წინამორბედი მდგომარეობები, რომელიც ქმნის მაღალი წნევის განვითარების რისკს, და ასევე შედეგები ანუ პრობლემები, რომელიც ჩნდება მაღალი წნევის პასუხად ჩვენს ორგანიზმში.მიუხედავად ყველაფრისა, როდესაც არტერიულ წნევაზე ვსაუბრობთ, როდესაც ინსულტის რისკებზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვითვალისწინებთ რამდენიმე ფაქტორს, მათ შორის როგორიცაა სისხლძარღვების დასაცავად ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება, ჩვენი ცხოვრების წესი, რომ არტერიული წნევის მომატება ავიცილოთ თავიდან, ქოლესტეროლის მაღალი დონე ავიცილოთ თავიდან, იმისათვის, რომ ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი ავიცილოთ თავიდან, წონის მერყეობა.
შესაბამისად, ყოველდღიურ ჩვენს ცხოვრებაში - ფიზიკური აქტივობა, აუცილებლად კონტროლი ფიზიკური აქტივობისა და კვებისა ისე, რომ მაქსიმალურად მოწესრიგებული იყოს ცხიმოვანი ცვლა ჩვენს ორგანიზმში, შესაბამისად მოწესრიგებული იყოს წონა და შევინარჩუნოთ მისი ოპტიმალური პარამეტრები — არც წონის დეფიციტი და არც წონის სიჭარბე — იმისთვის, რომ დამატებითი რისკი არ შევქმნათ ნაკვებობის თვალსაზრისით.
ვითვალისწინებთ კვებასთან დაკავშირებულ რეჟიმსაც, ულუფასაც და რაციონსაც, მით უფრო ბოსტნეულის ხაზგასმით, რადგან ბოსტნეულის მცირე წილი ყოველდღიურ რაციონში ერთ-ერთი რისკფაქტორია, რომელიც უკვე დაადგინა თანამედროვე სამედიცინო საზოგადოებამ. ასევე მნიშვნელოვანია წყლის ადეკვატური მოხმარება.
ალკოჰოლის არარაციონალური მოხმარება წნევის მერყეობასთან არის დაკავშირებული და ჩვენი ორგანიზმის წონასწორობის დაკარგვასთან. როდესაც არტერიულ ჰიპერტენზიას ინსულტის რისკფაქტორად წარმოვიდგენთ, მაშინ გასაგებია, რატომ შეიძლება ტკბილეულით დატვირთვა, სხვადასხვა ტიპის სასმელის არარაციონალური გამოყენება, მათ შორის მატონიზირებელი ნივთიერებების უხვად შემცველი სასმელების, კოფეინშემცველი პროდუქტების არარაციონალური გამოყენება იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვს გამორჩეული კოფეინმგრძნობელობა.
საყურადღებოა, მაგალითად, შაქრის შემცველობა საკვებ პროდუქტებში, როგორც ზოგადი ანთების ხელშემწყობი. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს ანთება რომ მნიშვნელოვანი საფუძველია, ჩვენმა მაყურებელმა ეს ძალიან კარგად იცის. მაგალითად, ცხიმების მოხმარება და განსაკუთრებით ნაჯერი ცხიმების არარაციონალური გამოყენება. სხვათა შორის, მცენარეული ცხიმების არარაციონალური გამოყენებაც, რომელიც ომეგაექვსით არის დატვირთული და რომელიც ანთების და თრომბოზის ხელშემწყობ ფაქტორად განიხილება.
გასათვალისწინებელია მარილის შემცველობა საკვებ პროდუქტებში და არტერიული ჰიპერტენზიის რისკების თვალსაზრისით. ჩვენ არა უბრალოდ სუფრის მარილის შეზღუდვაზე ვსაუბრობთ, არამედ ნატრიუმის შეზღუდვაზე, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს რეკომენდებულ რაოდენობას.
თანამედროვე მედიცინა გვეუბნება, რომ მნიშვნელოვანია ნაწლავის ჯანმრთელობაც. ნაწლავის წონასწორობა განსაზღვრავს სხვადასხვა ფაქტორს ჩვენს ორგანიზმში, სხვადასხვა რისკს ქმნის — ზოგჯერ ხელოვნურად, ზოგჯერ ბუნებრივად მიმდინარე პროცესების შედეგად. მთავარი არის ის, რომ ეს უხილავი სამყარო განაპირობებს იმ რისკებს, რომელსაც ჩვენ ვერც კი წარმოვიდგენთ.
მექანიზმი, რომელიც უკავშირდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გაზრდილ რისკს, შესაძლოა დაკავშირებული იყოს ნაწლავის მდგომარეობასთან. მაგალითად, სქემა შეიძლება წარმოვიდგინოთ საფეხურებრივად — როგორ მოიხმარა ადამიანმა საკვები. დიეტური მოხმარება გულისხმობს იმას, რომ ჩვენ სისტემატურად ვიღებთ ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, სხვადასხვა ანტიოქსიდანტს და სხვა ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს — პრობიოტიკებს, პრებიოტიკებს, პოლიფენოლებს, რომელიც საკვების შემადგენლობაშია ჩართული.
შემდეგი საფეხური არის ნაწლავში არსებული ბაქტერიული შემადგენლობა. სწორედ მათი დამსახურებით, ცოცხალი ორგანიზმების ურთიერთთანაფარდობის შედეგად, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რა მოხდება შემდეგ — რა შედეგებს მოიტანს საკვებისა და ამ ბაქტერიების ურთიერთობა.
შემდეგ დგება მესამე საფეხური, როდესაც ჩვენ ვიმკით ბიოლოგიურ ეფექტებს — ბაქტერიებისა და საკვების ურთიერთობის შედეგად წარმოქმნილი ნივთიერებები და დაზარალებული პროცესები ძალიან საყურადღებოა.
რას პასუხობს ასეთი ბიოლოგიური პროცესები? უპირველეს ყოვლისა, ეს არის პასუხი იმუნური სისტემის მხრივ. ეს ხდება ნაწლავში. ასევე პასუხი გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ, ენდოკრინული სისტემის მხრივ და ასე შემდეგ.
საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი შეიძლება გამოვლინდეს ადამიანის დაავადებების სახით — გულ-სისხლძარღვთა სისტემის სხვადასხვა პათოლოგიით, შაქრიანი დიაბეტით, მეტაბოლური სინდრომით, სიმსუქნით და სხვა.
ეს ყველაფერი შეგვიძლია ავიცილოთ თავიდან, თუ გავითვალისწინებთ, როგორ შეიძლება საკვებ პროდუქტებს შორის და საკვების ჯგუფებს შორის შევინარჩუნოთ წონასწორობა. ეს ყველაფერი უნდა დავატიოთ თეფშზე, სადაც სულ ცოტა ხუთი ფერის ხუთი ჯგუფის პროდუქტებია წარმოდგენილი.
გასათვალისწინებელია არა უბრალოდ წონასწორობა თეფშზე და დაბალანსებული საკვები, არამედ ამ საკვებ პროდუქტებთან ისეთი ურთიერთობა, რომელიც ცხოვრების წესსაც და კვების მოდელსაც ქმნის. განსაკუთრებული ამ შემთხვევაში არის ხმელთაშუა ზღვის კვების მოდელი. სწორედ ხმელთაშუა ზღვის კვების მოდელი იყო წლების მანძილზე დასახელებული როგორც გულ-სისხლძარღვთა სისტემის რისკების, ინსულტის რისკების და არტერიული ჰიპერტენზიის შემამცირებელი კვების მოდელი.
შემდეგ გამოეყო სპეციალური კვების მოდელი — დიეტური მიდგომა არტერიული ჰიპერტენზიის შესაჩერებლად, ეგრეთ წოდებული DASH დიეტა.ეს მოდელი კვებისა ძალიან დეტალურად ქართულ ენაზე ადაპტირებულ წიგნშიც მაქვს აღწერილი, რომელსაც „კვებითი შუქნიშანი“ ჰქვია.
თუ ჩვენ ვლაპარაკობთ საკვები ჯგუფების გადანაწილებაზე, ეს არის კვების მოდელები — ხმელთაშუა ზღვის კვების მოდელი და დიეტური მიდგომა არტერიული ჰიპერტენზიის შესაჩერებლად — სადაც საფუძველი არის სწორი თანაფარდობა მცენარეული და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს შორის. ძირითადი ყურადღება გამახვილებულია კარგ ცხიმებზე, რომელსაც მცენარეული წარმოშობის პროდუქტებით ვიღებთ, მჭლე ცილაზე, რომელსაც ცხოველური წარმოშობის პროდუქტებიდან ვიღებთ, თუმცა ზომიერი რაოდენობით და აუცილებლად მცენარეული პროდუქტების თანხლებით.
ასევე ვითვალისწინებთ პროცესირებული პროდუქტების შეზღუდვის აუცილებლობას, ადვილად შეთვისებადი ნახშირწყლებისა და დამატებული შაქრების შეზღუდვას, მარილის კონტროლს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თავის ტვინის ჯანმრთელობისთვის, ინსულტის რისკების ასაცილებლად და უკვე გადატანილი ინსულტის შემდეგ ისეთი კვების მოდელი, სადაც გაერთიანებულია ხმელთაშუა ზღვის დიეტის და DASH დიეტის ეფექტები. ამას ჰქვია MIND დიეტა — თავის ტვინის ჯანმრთელობისთვის განკუთვნილი დიეტა, რომელიც ყველა ასაკში საყურადღებოა ზოგადად ტვინის ჯანმრთელობისთვის, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ინსულტის რისკებზე ვსაუბრობთ და როდესაც გადატანილი ინსულტის შემდეგ ორგანიზმის აღდგენის აუცილებლობაზე ვსაუბრობთ. ტვინის აღდგენა არის ამ დროს მთავარი ამოცანა.
ამიტომ, თუ ჩვენ იმ საიდუმლოს, რომელიც დაშიფრულია ხმელთაშუა ზღვის კვების მოდელში და DASH დიეტაში, გავამთლიანებთ და გამოვიყენებთ ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაშინ ჩვენ არა უბრალოდ ინსულტის რისკს შევამცირებთ, არამედ გადატანილი ინსულტის შედეგებსაც შევამცირებთ.