" ჩემმა დამრიგებელმა ბოლო ზარის ღონისძიებაზე არ შემიშვა... მითხრა, რომ ჩემი ადგილი არ იყო და კარები მომიხურა..." - ნონა გიუნაშვილი - მშობლები

"ჩემმა დამრიგებელმა ბოლო ზარის ღონისძიებაზე არ შემიშვა... მითხრა, რომ ჩემი ადგილი არ იყო და კარები მომიხურა..." - ნონა გიუნაშვილი

2026-05-21 00:30:53+04:00
ქვიშის არტისტი, 2012 წლის პროექტ "ნიჭიერი"-ს გამარჯვებული ნონა გიუნაშვილი დღეს საქართველოს საჯარო სკოლების დიდ ნაწილში დარეკილ ბოლო ზარს ეხმიანება.
ნონა წერს: "ახალგაზრდებს ვულოცავ სკოლის დამთავრებას... ვუსურვებ გაცნობიერებულ საკუთარ მეს და სრულყოფილ არჩევანის უფლებას ცხოვრების გზებზე..." და აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც თავის ძალიან მწარე მოგონებას ყვება ბოლო ზარის შესახებ:
- დღეს ჩემი ბოლო ზარი გამახსენდა. ბოლო ზარი, რომლის ღონისძიებაზეც ჩემმა დამრიგებელმა არ შემიშვა... 2002 წელი. ბოლო ზარის წინსაფარი მე და დედამ შევკერეთ... ჩემი 2 თვის ბავშვიც დედამ დაიტოვა და მე ბოლო ზარზე წავედი. მახსოვს, თან მიხაროდა, თან ძალიან განვიცდიდი. არ ვიცოდი, როგორ შემხვდებოდნენ ჩემი კლასელები. დიდი ხანი არ მენახა და თან მე უკვე გათხოვილი ქალი ვიყავი. 17 წლის გათხოვილი ქალი, 2 თვის ბავშვით... ჩემი კლასელები ძალიან თბილად შემხვდნენ, რაღაც მომენტში მომეჩვენა, რომ არაფერი შეცვლილა, რომ ისევ ისეთი ვიყავი... შემდეგ იყო ჩემთვის ყველაზე დრამატული მომენტი.
სკოლის ბოლო ზარის ღონისძიება იწყებოდა. ყველანი კლასში შევიდნენ. მე არ ვმონაწილეობდი ამ ღონისძიებაში, არ მქონდა არანაირი ტექსტი. მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ კლასელებთან ერთად, მათ გვერდით დავჯდებოდი. და უცებ ჩემმა დამრიგებელმა მითხრა, რომ ჩემი ადგილი არ იყო... ვთხოვე, რომ უბრალოდ დავესწრებოდი, ვუყურებდი ჩემს კლასელებს, მაგრამ კიდევ გამიმეორა, რომ ადგილი არ იყო... ჩემი ადგილი არ იყო, და კარები მომიხურა.
წამოვედი სახლში. მოვდიოდი და ფეხები მეკვეთებოდა. ყურებში მესმოდა ხმა, "შენი ადგილი არ არის". და თითქოს ჩემი ადგილი არსად არ იყო. უცნაური განცდა მქონდა, თითქოს არც იქ არ იყო ჩემი ადგილი, სადაც მივდიოდი. სახლში მისვლაც არ მინდოდა. არ მინდოდა ის ცხოვრება, რომელიც მქონდა. და თან დანაშაულის განცდა მაწუხებდა, რომ სახლში ჩემს შვილთან მისვლა არ მიმიხაროდა. მხოლოდ მეტირებოდა, რადგან ვხვდებოდი, რომ ჩემი ადგილი არსად არ იყო.
ალბათ ჩემი დამრიგებელი ვერასოდეს მიხვდება, როგორ მატკინა გული... ბანკეტზე აღარ წავსულვარ. არც კაბა მქონდა და აღარც სურვილი..."
17 წლის გიგი კაპანაძემ, რომელსაც დიუშენის კუნთოვანი დისტროფია აქვს, დღეს სკოლა დაამთავრა - გიგი ბოლო ზარზე ეტლით მივიდა
5 შვილის დედა, რომელსაც ბოლო ზარზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ფეხის ამპუტაცია დასჭირდა - „მე რა დავაშავე? ჩემმა შვილებმა რა დააშავეს, ჩემს ტანჯვას რომ უყურებენ? ჩემმა მეუღლემ რა დააშავა? აღარც ცოლი ვარ...