ზაზა ჩხაიძის სახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთის საჯარო სკოლა წელს ორმა მოსწავლემ დაამთავრა. მარიამ მორჩილაძისა და მარიამ მათითაიშვილის ბოლო ზარის კადრები მათმა ფოტოგრაფმა, Beksgraph-მა, სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა. ვიდეოებმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია და გოგონებმა არაერთი თბილი კომენტარი და კეთილი სურვილი მიიღეს. მათი ბოლო ზარის ღონისძიებაში სხვადასხვა კლასის მოსწავლე ჩაერთო და როგორც ისინი ამბობენ, ბევრი კარგი მოგონებაც დააგროვეს.
ორი მარიამის მეგობრობა იმდენად მჭიდრო აღმოჩნდა, რომ მასწავლებლები ხშირად "სიამის ტყუპებსაც" კი უწოდებდნენ. ისინი 12-წელია, ერთად სწავლობენ. როგორც მარიამ მორჩილაძე იხსენებს, "ორკაციან" კლასში სწავლას ბევრი პლუსი ჰქონდა, რადგან ყურადღება სრულად მათზე იყო მიპყრობილი:

- თავიდან, პირველი ცხრა კლასის განმავლობაში, სულ სხვა სკოლაში ვსწავლობდით. შემდეგ აკეთის საჯარო სკოლაში გადმოვედით და აქ სამი წლის განმავლობაში სწავლა მოგვიწია. თავიდან ოთხნი ვიყავით, მაგრამ მას მერე, რაც ის ორი ბავშვი გადავიდა, ისევ ორნი დავრჩით. მოკლედ, მე და მარიამმა ერთად ჯერ ცხრა კლასი დავამთავრეთ, შემდეგ კი - მეთორმეტეც. ბაღიდან მოყოლებული ერთად მოვდივართ.
ერთმანეთს იმდენად შევეჩვიეთ და იმდენად დიდ დროს ვატარებდით ერთად, რომ ერთ-ერთი მასწავლებელი სიამის ტყუპებსაც კი გვეძახდა. მგონი, ხანდახან ხმაც კი ერთნაირი გვაქვს… ამ წლების განმავლობაში ერთმანეთი გვყავდა. ბოლო ზარი ძალიან ემოციური აღმოჩნდა. იმდენად ვნერვიულობდი, რომ ვერც კი ვიჯერებდი, სკოლას თუ ვამთავრებდი.
სკოლა ჩემთვის განუყოფელი ნაწილი იყო. ახლა მარიამთან განშორება ძალიან მიჭირს, რადგან ორივე განსხვავებული მიმართულებით ვაპირებთ სწავლის გაგრძელებას. ეს განშორება ჩემთვის ძალიან რთულია. მთელი 12 წელი სასკოლო ცხოვრებაში აქტიურად ვიყავი ჩართული და ამ ყველაფრისგან ერთ დღეში მოწყვეტა და დასრულება რთულია... ჯერ კიდევ ვერ ვეგუები იმ აზრს, რომ სკოლის მოსწავლე აღარ ვარ.
საგაკვეთილო პროცესში კლასში ორნი რომ ვიყავით, სხვათა შორის, ძალიან გვეხმარებოდა. როდესაც კლასში 30-35 ბავშვია, იქ, ალბათ, ყველა აქტიურად არ არის ხოლმე ჩართული. ჩვენ კი ორივე აქტიურად ვმონაწილეობდით ყველაფერში. რეპეტიტორებთან სიარულიც იმდენად არ გვჭირდებოდა. თუ რაიმე დაგვჭირდებოდა, ერთმანეთს ვეხმარებოდით და ერთმანეთისგან სულ უფრო მეტს ვსწავლობდით. სწავლის გაგრძელებას ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე ვაპირებ.
სკოლაში ყველანაირად გვეხმარებოდნენ. ასევე, მინდა, მშობლებზე, განსაკუთრებით კი დედაჩემზე ვისაუბრო. ის ჩემთვის მისაბაძი პიროვნებაა. რომ არა დედაჩემი, ალბათ, დღეს აქამდე ვერ მოვიდოდი. მისი გამხნევება, მხარდაჭერა და რწმენა ყოველთვის მაძლევდა ძალას, მაშინაც კი, როცა საკუთარ თავში ეჭვი მეპარებოდა. მას არასდროს დაუზარებია ჩემი მოტივირება და ყოველთვის მასწავლიდა, რომ მიზნებისთვის ბრძოლა ღირს. ყველაზე რთულ პერიოდებშიც კი ჩემ გვერდით იდგა და მაძლევდა იმ ძალას, რაც წინსვლაში მეხმარებოდა. მისგან ვისწავლე, როგორ ვიყო ძლიერი, მიზანდასახული და მადლიერი. ვფიქრობ, დედა არის ადამიანი, რომელიც მთელი გულით ცხოვრობს თავისი შვილის ბედნიერებისთვის და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ სწორედ ასეთი დედა მყავს.



სკოლის დასრულება ორივესთვის განსხვავებული, თუმცა თანაბრად ემოციური აღმოჩნდა. მარიამ მათითაიშვილი აღნიშნავს, რომ სოციალურ ქსელებში ასეთ გამოხმაურებასა და ამდენ თბილ კომენტარს არ ელოდა:

- იმ სკოლაში, სადაც თავიდან მე და მარიამი ვსწავლობდით, მხოლოდ ცხრა კლასი იყო. იქაც მე და მარიამმა დავამთავრეთ და აქაც, აკეთის საჯარო სკოლაში - ჩვენ ორმა. საბოლოო ჯამში, თბილი გარემო იყო.
რაც შეეხება ბოლო ზარს, მართალია, ყველაფერი ცოტა სხვანაირად გვქონდა დაგეგმილი, ამინდმა და კონცერტზე შექმნილმა რაღაც შეფერხებებმა იმედები ცოტათი გაგვიცრუა, თუმცა საბოლოო ჯამში მაინც კარგი დღე გამოვიდა.
მარიამთან ერთად უკვე იმდენი ხანია, მოვდივარ... შეძლებისდაგვარად, ყოველთვის ერთმანეთს ვეხმარებოდით და გვერდში ვედექით, ბოლო ზარზეც ასე იყო. ორი ადამიანი რომ ვიყავით კლასში, ეს დანაკლისს არ გვიქმნიდა. კიდევ ერთი გოგო იყო ჩვენთან ერთად, ბოლო წელს გადავიდა და ძალიან დამწყდა გული. მასაც იმდენად შევეჩვიე, რომ დანაკლისი მხოლოდ მაგ მხრივ გვქონდა, თორემ ისე, კლასში ორნი რომ ვიყავით, ეგ საერთოდ არაფერს აშავებდა. საგაკვეთილო პროცესშიც სრულად ვერთვებოდით და ყურადღებაც სულ ჩვენზე იყო. დიზაინი მაინტერესებს და სწავლის გაგრძელებას ამ მიმართულებით ვაპირებ…
ჩვენს ბოლო ზართან დაკავშირებით, სოციალურ ქსელებში ასეთ გამოხმაურებას ნამდვილად არ ველოდი. ჩემთვის ეს ყველაფერი უცნაურიც იყო, რადგან, როცა არ ელი, ამდენი ადამიანისაგან ასეთი თბილი კომენტარების მიღება ძალიან სასიამოვნოა. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მასწავლებელს, რომლებიც ამ სამი წლის განმავლობაში, შეძლებისდაგვარად, სულ გვერდით გვედგა. მათ ძალიან ბევრი რამ გააკეთეს იმისთვის, რომ ჩვენი შესაძლებლობები და ჩვენი თავი მაქსიმალურად წარმოგვეჩინა.



თამარ იაკობაშვილი