სოციალურ ქსელში ლიკა მახარაშვილი ვრცელ პოსტს აქვეყნებს და ამბობს, რომ მის 2 წლის შვილიშვილზე ბრიტანულ-ქართულ საბავშვო ბაღში - ABC რამდენიმე კვირის განმავლობაში მასწავლებელი ძალადობდა. მისი თქმით, ბავშვი დედას სახლში დაზიანებებით მიჰყავდა, კამერების ნახვის შემდეგ კი, ძალადობის ფაქტი დადასტურდა.
ლიკა მახარაშვილის პოსტს გთავაზობთ:
"ეხლა დავჯექი, გონზე ჯერ ვერ მოვსულვარ, თუმცა ვეცდები თანმიმდევრობით მოვყვე...
ეს გამაოგნებელი ამბავი ჩემს შვილიშვილს, დაჩის, ეხება.
დაჩი 2 წლის არის და უკვე 9 თვეა დადის ბაღში. ბრიტანულ-ქართული საბავშვო ბაღი-ABC
თითქმის ერთი თვეა ბავშვი ბაღიდან მოდის დაზიანებებით (აქ, ფოტოებში, დაჩის პირველი და ბოლო, მე-6 დაზიანებებია ნაჩვენები, თუმცა დედამისს ყველა დაზიანების ფოტო ჰქონდა და მიაწოდა გამოძიებას).
როცა პირველად შეამჩნია ქრისტიმ, მაშინვე დაურეკა ბაღის დირექტორს და ყოველი მომდევნო შემთხვევის დროს ატობინებდა და სთხოვდა, ენახა კამერები და გაერკვია, რატომ მოდიოდა ბავშვი ბაღიდან დაზიანებებით! ამ ქალბატონის მხრიდან მოვისმინეთ ათასი ვერსია, რომ იქნებ ბავშვები ჩხუბობდნენ, იქნებ შემთხვევით ეცემოდა, იქნებ თავს იზიანებდა სათამაშოთი (ერთსა და იმავე ადგილს - კისერს - სისტემატურად) იქნებ.... იქნებ... იქნებ... ერთ-ერთი იქნები ისიც იყო, სახლში ხომ არ ემართებაო, ანუ თქვენ ხართ დამნაშავეო და ჩვენ გვაბრალებთო.
ქალბატონმა საბავშვო ბაღის დირექტორმა არასოდეს შეიწუხა თავი, რომ კამერები ენახა (ან იქნებ ნახა კიდევაც! მისგან აღარაფერი გამიკვირდება!).
ჰოდა ბოლოს, ხუთშაბათს, ბავშვი ისევ დაზიანებით წამოიყვანა ქრისტიმ ბაღიდან. გამოყვანამდე ანი ჯოლბორდმა ჩაუგდო ფოტო, სადაც ჩანს, როგორ უჭირავს დაჩის სათამაშო მარტორქა და მიაყოლა განმარტება, რომ ამ მარტორქით ბავშვმა თავი დაიზიანა და ვერ ართმევენ, რადგან ტირის. ( მისი მოკლე ჭკუით ჩვენ დავიჯერებდით, რომ ბავშვი მთელი თვის განმავლობაში კისრის არეში ირჭობდა რეზინის მარტორქას და სისხლს იდენდა). ნუ, რა თქმა უნდა, ქრისტიმ კვლავ მოითხოვა კამერების შემოწმება. ამჯერად კი იყო სრულიად გამაოგნებელი პასუხი, რომ ნაკაწრების გამო კამერებს ვერ შეამოწმებდნენ და, საერთოდაც, ძალიან დაიღალა მისი პრეტენზიებით, ესაუბრა დამფუძნებლებს და გადაწყვიტეს შეეწყვიტათ მისთვის ხელშეკრულება, ბავშვს ნუღარ მოიყვან და დარჩენილი დღეების თანხას უკან გადმოგირიცხავთო!!!!!!
არ ვიცი, ვერაფრით ვხვდები, რატომ აძლევდა თავად მცირეწლოვანი შვილების დედა თავს მსგავსი სითავხედის უფლებას!!!
აღშფოთებულმა დაჩის დედამ 112-ში დარეკა იმის გასარკვევად, ვინ დაეხმარებოდა კამერების ნახვაში, 112-მა შეატყობინა შესაბამის ორგანოებს. ქრისტის დაუკავშირდა გამომძიებელი და სთხოვა პოლიციაში მისვლა. ქრისტი კი შეპირდა, მაგრამ იმ დღეს თავი შეიკავა, შეეცადა დამფუძნებლებისთვის მიეწვდინა ხმა, რომ ისინი მაინც დახმარებოდნენ კამერების ნახვაში. დახმარებით არავინ დახმარებიან, მაგრამ გაიგო, რომ დირექტორი ავრცელებდა ხმას, თითქოს დაჩი სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვი იყო და თვითონ იყენებდა დაზიანებებს, რაც სიცრუეა, თუმცა ესეც რომ იყოს, მით უარესი მისთვის. ამდენს აშკარად ვერ ხვდება, როგორც ჩანს, არა აქვს სათანადო განათლება და განწყობა, რომ ბაგა-ბაღს მართავდეს!
ჰოდა მეორე დილას რომ გამომძიებელმა კვლავ დაურეკა ქრისტის (განსაკუთრებული მადლობა მას ამ დაჟინებისთვს!), ქრისტი მივიდა პოლიციაში. მათ სასწრაფოდ მოახდინეს რეაგირება - შევიდნენ ბაღში, ამოიღეს კამერები და ნახეს ბავშვზე ძალადობის კადრები!!!
ქრისტიმ მითხრა, ბოლომდე ვერ ვუყურე, როგორ ცემს და ათრევს თმებით ძიძა ჩემს შვილსო! როგორ ტირის ორი წლის ბავშვი და არავინ შველის!!! წარმოგიდგენიათ ხალხო?!!!
იმ ბაღში ხომ მუშაობენ სხვა ძიძები, დამლაგებლები, მზარეულები, მეთოდისტი, ალბათ ფსიქოლგიც და ა.შ. ...
ეს კონკრეტული ფაქტი სამზარეულოში, კამერების წინ ხდება და ბავშვს არავინ ესარჩლება, ამ მხეცისგან არავინ იცავს!!! ვიშორებ თავიდან ფიქრებს, რა ხდებოდა მოფარებულ ადგილებში ამ 9 თვის განმავლობაში, რამხელა სტრესში ყავდათ ბავშვები!!!
ეხლა მიმდინარეობს მოკვლევა, აღძრულია სისხლის სამართის საქმე, რამდენადაც ვიცი, მხოლოდ ორი კვირის ჩანაწერი აქვთ ( მეტს ეტყობა არ ინახავენ), სწავლობენ მასალებს. აღმოჩნდა, რომ სხვა მშობლებსაც ქონდათ ეჭვები, სხვა ბავშვებსაც უფიქსირდებოდათ დაზიანებები. მოკლედ, საქმე აღძრულია და სწავლობენ მტკიცებულებებს. ჩვენ ამას ვერც კი წარმოვიდგენდით!
დაჩი არ ლაპარაკობს და უკვე ორი თვეა მეტყველების თერაპევტთან დაყავს ქრისტის. მე ვეუბნებოდი, რატომ ჩქარობ, ბავშვი ჯერ მხოლოდ ორ-წლინახევრისაა, ბიძამისმაც სამი წლისამ დაიწყო ლაპარაკი-თქო. მაინც მიიყვანა. ალბათ ეს ფაქტი გამოიყენა დირექტორმა იმ სიცრუის მოგონებისთვის, რომ ბავშვი სპეციალური საჭიროებისაა და თავსაც იზიანებს და , სავარაუდოდ, სხვა ბავშვებსაცო!!!
იმ კონკრეტულ ძიძაზე აღარაფერს ვწერ, სახელსაც კი არ ვახსენებ მისას, უსახელო უსახური არსებაა ის და თავისას მიიღებს! ეხლა ცრემლებად იღვრება თურმე და პატიებას ითხოვს, არაადეკვატურობას და ფსიქიკურ აშლილობას თამაშობს. მათი მოგონილი სიცრუის სცენებს რომ დგამდნენ ეგ და ანი ჯოლბორდი და ტყუილებს ავრჩელებდნენ, მაშინ ხომ იყო ადეკვატური და დალაგებული გაიძვერა ორივე!!!
კიდევ რა გამოაშკარავდება და ვინ იქნება ამ ყველაფერი გარეული, დრო და გამოძიება გვიჩვენებს! რაც ვიცით, უკვე შემზარავია - ბავშვს კისრით ათრევდა ეს მხეცი, თან ისე უჭერდა ფრჩხილებს, რომ სისხლი სდიოდა!!!
ბაღიდან ჯერ არავინ შეგვხმიანებია, არავის მოუკითხავს ბავშვი, არავის გამოუხატავს თანაგრძნობა და წუხილი, პასუხისმგებლობა, რომ ორი წლის ბავშვი ცხრა თვეა მათი უყურადღებობის გამო ძალადობის მსხვერპლია!!!
გუშინ დავიწყე გამოსვლა შოკიდან და ინფორმაციის მოძიება ორგანიზაციაზე, მის დამფუძნებლებზე და თანამშრომლებზე. გამაოგნებელია, რომ ესეთ "პრესტიჟულ'' და გაპიარებულ ორგანიზაციაში, რომელიც რამდენიმე ფილიალითაა თბილისში წარმოდგენილი, არ აღმოჩნდა არც ერთი პასუხისმგებლობისა და თანაგრძნობის უნარის მქონე თანამშრომელი, ადამიანი!!!
ცხოვრებაში პირველად დავწერე ამ სიგრძე პოსტი. მაქსიმალურად შევეცადე კორექტული, თანმიმდევრული და ლაკონური ყოფილიყო ჩემი სათქმელი და ნერვები და ემოციები მომეთოკა." - წერს ლიკა მახარაშვილი და ფოტოებს აქვეყნებს.
"მიმდინარეობს გამოძიება. ჩართულები ვართ და გამოძიებასთან ვთანამშრომლობთ. საჯარო მიმართვა აუცილებლად გაკეთდება და ინფორმაციაც დაიდება", - გვითხრეს საბავშვო ბაღში. მათი თქმით, მასწავლებელი, რომელსაც მშობელი ძალადობაში ადანაშაულებს, ბაღში აღარ მუშაობს, თუმცა დამატებითი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ.