ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეების საჯარო სკოლაში წელს ბოლო ზარი მხოლოდ ერთი მოსწავლისთვის, საბა თავართქილაძისთვის, დაირეკა. საბასა და მისი მასწავლებლების შესახებ საინტერესო სიუჟეტი გადაცემამ "დილა მშვიდობისა საქართველო" მოამზადა.
სიუჟეტში საბა განვლილ წლებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს:
საბა თავართქილაძე: - სკოლაში მოსვლა ყოველდღე მიხაროდა. თუ რაიმე ისეთი მიზეზი არ იყო, სკოლას არ ვაცდენდი. მართალია, კლასში ერთი ვიყავი, მაგრამ არ მიგრძნია, რომ მარტო ვიყავი იმიტომ, რომ მასწავლებლები და ჩემი მეგობრები გვერდში მედგნენ. ვიცნობ მე-12 კლასელებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ აღარ დავდივართო. მე წელს სკოლაში სულ დავდიოდი.
გული მწყდება იმიტომ, რომ დრო ძალიან ჩქარა გავიდა. მასწავლებლებმა ჩემთვის ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ.
მასწავლებელი სოფიკო შავაძე ამბობს: -მე-7 კლასში საბა, როგორც საბას დამრიგებელმა, ისე ჩავიბარე. კლასში ერთი მოსწავლე იყო. გამოირჩეოდა კეთილსინდისიერებით, ზრდილობით, თავდაჯერებულობით და მას არასოდეს არ სჭირდებოდა ჩემგან შენიშვნის მიცემა. საბას წინაშე ორმაგად ვიყავი პასუხისმგებელი. ვცდილობდი, ყველანაირად შემევსო ის სიცარიელე, რასაც გრძნობდა მარტო, საკლასო ოთახში. როდესაც მისი დამრიგებლობა მე გადავიბარე, საბა დამხვდა მოწყენილი. მიუხედავად იმისა, რომ მან დადებითი პასუხის გამცა, რომ ჩემი დამრიგებლობით კმაყოფილი იყო, მისი მოწყენის მიზეზი კლასში მარტო ყოფნა იყო. ფიქრობდა, რომ მას ბოლო ზარი არ ექნებოდა. მე მას წლების წინ მივეცი პირობა, რომ თუ ვიქნებოდი სკოლაში, როგორც პედაგოგი, გავუკეთებდი ბოლო ზარს. მთელი ჩემი კოლექტივის დახმარებით, ჩემი უსაყვარლესი მოსწავლეების დახმარებით, შევეცადეთ და საბას სურვილი შევუსრულეთ. საბას ვეტყოდი, რომ ის ადამიანობა, სუფთა სული, რომელიც დღეს აქვს, არასოდეს გაუნელდეს და იაროს იმ სწორი გზით, რომლითაც აქამდე დადიოდა.
ძირკვაძეების საჯარო სკოლის დირექტორი, დონარი აბულაძე ამბობს: - როდესაც საბა კლასში ერთი იყო, ყოველთვის მეფიქრებოდა, როგორ გავაკეთებდით ბოლო ზარს. მინდოდა, ბოლო ზარი ჰქონოდა. მისი სურვილიც იყო. საუბარში ბავშვებს ეუბნებოდა, ერთი ვარ და ბოლო ზარი არ მექნებაო. ამიტომ, დაინტერესებული ვიყავი, როგორმე საბასთვის მის მეგობრებსა და პედაგოგებს სიმარტოვე შეგვევსო და გაგვეკეთებინა ლამაზი ბოლო ზარი. საბას ნიჭის მჯერა. მჯერა, იქნება, წარმატებული და ჩვენი სკოლის სახელს შორს გაიტანს.
საბა თავართქილაძე: - მეორე სემესტრამდე არ მეგონა, ბოლო ზარს თუ ჩავატარებდით... მე-10 და მე-11 კლასელები დამეხმარნენ და მგონი, ძალიან კარგი გამოვიდა. მასწავლებელმა სპორტი შემაყვარა. მისი დამსახურებაა, რომ წარმატებებს მივაღწიე. მკლავჭიდში ხულოს ჩემპიონი ვარ. მასწავლებლები ძალიან თბილები არიან. სკოლას რაც შეეხება, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ბავშვია, ძალიან მეგობრული გარემოა. მეგობრული მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც... სკოლა, რა თქმა უნდა, მომენატრება. მასწავლებელი რომ ბავშვმა არ გააბრაზოს, ასეთი ბავშვი ვერ წარმომიდგენია. მაგრამ, გაბრაზება უზრდელობაში არ უნდა გადაიზარდოს. პატივი უნდა ვცეთ მასწავლებლებს. სკოლას რომ ამთავრებ, მაშინ უფრო სხვანაირად ფიქრობ, უფრო გენატრება და გინდა, მე-7 კლასში დაბრუნდე. პატივისცემით უნდა მოვეპყრათ გოგოებსაც, ბიჭებსაც და განსაკუთრებით მასწავლებლებს.
ვაბარებ ისტორიით. მინდა, ტურიზმზე ჩავაბარო. აბიტურიენტებს განსაკუთრებით ვეტყვი, რომ ისწავლონ, ცხოვრებაში გამოადგებათ. ყველა აბიტურიენტს ვუსურვებ, უნივერსიტეტში, სასურველ ფაკულტეტზე ჩააბაროს. სიმღერა და სპორტი სწავლას ხელს არ უშლის, მაგრამ მე მაინც, პირველ რიგში, სწავლა მაქვს არჩეული.