რა უარყოფითი გავლენა აქვს სწრაფად კვებას ჩვენს ჯანმრთელობაზე და რას უნდა მივაქციოთ ასეთ დროს ყურადღება - თემაზე ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი გადაცემაში "მარი მალაზონია პირადი ექიმი" საუბრობს:
- თანამედროვე საზოგადოებისათვის სწრაფი კვება ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად იქცა. როდესაც სწრაფად მომზადებული პროდუქტები ჩვენს რაციონში ხან იშვიათად, ხან კი სისტემატურად ჩნდება, ზოგიერთი ადამიანი მათ რეგულარულადაც კი მოიხმარს. რით არის ეს საყურადღებო? სწრაფი კვების პროდუქტებში, როგორც წესი, დიდი რაოდენობით მარილი, შაქარი, ნაჯერი ცხიმი და ტრანსცხიმია გამოყენებული. ეს პროდუქტები ბევრ ფუჭ კალორიას და ნაკლებ საკვებ ნივთიერებას შეიცავს. ამდენად, ამ პროდუქტების მოკლე დახასიათება ასე შეიძლება წარმოვიდგინოთ და სწორედ ამიტომ არ მოგვწონს სწრაფი კვება, სწორედ ამიტომ არ ვურჩევთ მას ფართო საზოგადოებას.
მაგრამ მე გთხოვთ, რომ ყურადღება ტერმინს - "სწრაფად კვებას" მიაქციოთ. სწრაფი კვება გარკვეულწილად სწრაფად კვებასაც გულისხმობს, მაგრამ სწრაფად კვება შეიძლება სრულიად სასარგებლო კვების მოდელის შემთხვევაშიც შეგვხვდეს. ანუ, საკვები პროდუქტები სწორად არის შერჩეული, მაგრამ მათი სწრაფად მირთმევა ძალიან საყურადღებო მდგომარეობას წარმოადგენს. არის თუ არა სწრაფად მირთმევა ფსიქიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებული?
ზოგიერთ შემთხვევაში, სწრაფად კვება შეიძლება ფსიქიკური დიაგნოზის ერთ-ერთი გამოვლინება იყოს, მაგრამ - არა ყოველთვის. თანამედროვე, ცივილური ადამიანის ყოველდღიური რუტინა, ძალიან დატვირთული რიტმი და ის სისწრაფე, რომელსაც ჩვენგან ცხოვრება ყოველდღიურად ითხოვს, საკვების ძალიან სწრაფად მირთმევას გვაიძულებს. ასეთ შემთხვევაში მოცულობას მნიშვნელობა არ აქვს - ადამიანი ამა თუ იმ ულუფას ძალიან სწრაფად გადასანსლავს ხოლმე. არადა, ჩვენს ტვინს ასეთი თავისებურება აქვს - არსებობს დანაყრების სიგნალები.
იმისათვის, რომ დანაყრების სიგნალები ამოქმედდეს და ჩვენ ეს სიგნალები გავაცნობიეროთ, დაახლოებით 20 წუთია საჭირო. წარმოგიდგენიათ? ლუკმის, საკვების მიღებიდან 20 წუთის განმავლობაში ჩვენს ორგანიზმში გარკვეული პროცესები მიმდინარეობს, რის შემდეგაც ტვინი გვეუბნება, რომ დანაყრების სიგნალი მიღებულია. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვგრძნობთ, რომ საკვები საკმარისია, ზოგჯერ კი - საკმარისზე მეტიც. მაგრამ ჩვენ ასე არ ვიქცევით. სწრაფად კვების შემთხვევაში ჩვენ ამ სიგნალებს არ ველოდებით, თავად სიგნალებიც აგვიანებს და ადამიანი იმაზე მეტ ულუფას ძალიან სწრაფად იღებს, ვიდრე მას სჭირდება, ან იღებს ისეთ საკვებს, რომელიც მას არც სიამოვნებს და არც სჭირდება. ამ წონასწორობის დარღვევაში სულ მცირე სამი მექანიზმი მაინც არის გასათვალისწინებელი.
მაგალითად, სწრაფად კვების შემთხვევაში ჩვენ ჩვენი შეგრძნებების სათანადოდ გაანალიზებას ვერ ვახერხებთ. ყველა ის გრძნობათა ორგანო, რომელიც საკვების მიღებასა და გადამუშავებაშია ჩართული, ამ დროს ზარალდება, რადგან ის ინფორმაციის სინქრონულად, ერთდროულად მოწოდებას ვერ ახერხებს. არადა, საკვების მიღებისა და მისგან მიღებული სიამოვნების მექანიზმი სწორედ ამას უკავშირდება.
მეორე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ენერგეტიკული თვალსაზრისით დარღვეული წონასწორობა გახლავთ, რაც ჩვენი სხეულის მასის ინდექსზე აუცილებლად აისახება. ანუ, ჭარბი წონა და სიმსუქნე შეიძლება მხოლოდ იმით იყოს განპირობებული, რომ ადამიანი სისტემატურად, ძალიან სწრაფად ჭამს. ამ სწრაფი კვების პერიოდში იგი ვერ ახერხებს საკვები, როგორც ინფორმაცია, გააანალიზოს, ვერ ახერხებს საკვების ულუფა გააკონტროლოს და ვერც იმას აქცევს ყურადღებას, თუ როგორ აღიძრა მის თავის ტვინში დანაყრების სიგნალი.
არსებობს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი - ეს ჩვენი საჭმლის მომნელებელი სისტემისა და კუჭ-ნაწლავის მდგომარეობა გახლავთ. აღმოჩნდა, რომ სწრაფად კვება, ისევე როგორც სწრაფი კვება, ჩვენს შეგრძნებებს, ჩვენს წონასა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტს აზარალებს. აღმოჩნდა, რომ სწრაფად კვება მკვეთრად აზარალებს შეგრძნებებს, აზარალებს წონასა და აზარალებს ჩვენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს. ეს განსაკუთრებით საგულისხმო იმ ადამიანების შემთხვევაშია, ვისაც სწორედ სწრაფად კვების დამსახურებით საკვების მიღების შემდეგ დისკომფორტი ან რეფლუქსი გაუჩნდა.
ასეთ დროს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში არსებული პრობლემები კიდევ უფრო საგულისხმოა, რადგან მათ დამატებით ტვირთად სწორედ სწრაფად კვება დავუწესეთ. და როდესაც წონასწორობაზე ვსაუბრობთ, აღმოჩნდა, რომ სწრაფად კვებას, ისევე როგორც სწრაფი კვების პროდუქტების გამოყენებას, მთავარი წონასწორობის დარღვევის ძალიან მაღალი რისკი აქვს. ეს არის წონასწორობა, რომელიც ჩვენი ორგანიზმის შიგნით არსებობს, თითქოს უხილავია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან, ხილულ ცვლილებებს იწვევს. დიახ, ეს ნაწლავის შიგნით წონასწორობის დარღვევა, დარღვეული მიკრობიოტა, მიკრობიომი და, შესაბამისად, ჩვენი ჯანმრთელობის დარღვეული წონასწორობაა. ეს გახლავთ ის უცნაური, თითქოს უხილავი ჯაჭვი, რომელიც შეიძლება მხოლოდ ერთი რგოლის - სწრაფად კვების დამსახურებით აეწყოს და რომელმაც შეიძლება, თავის მხრივ, ძალიან ბევრი უსიამოვნო მოვლენისა და დიაგნოზის ახალი ჯაჭვი შეკრას.