რომელ ხელზე უნდა შეამოწმოთ არტერიული წნევა - მარცხენაზე თუ მარჯვენაზე და რას უნდა მიაქციოთ ასე დროს ყურადღება - თემაზე ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე, საუბრობს:
- ამ საკითხთან დაკავშირებით ერთ მარტივ წესს გასწავლით. თუ წნევას ცხოვრებაში პირველად იზომავთ, იგი თავიდანვე ორივე კიდურზე უნდა შეამოწმოთ. თუ აქამდე ორივე ხელზე არ გაგიზომავთ, აუცილებლად გადაამოწმეთ, რადგან შესაძლოა, განსხვავებული შედეგი მიიღოთ. ზოგადად, თუ ორივე კიდურზე თანაბარი მაჩვენებელი ფიქსირდება, შეგიძლიათ ის ხელი აირჩიოთ, რომელიც თქვენთვის უფრო კომფორტულია. თუმცა, თუ ერთ-ერთ ხელზე მეორეზე მაღალი წნევა დაფიქსირდა, გაზომვა მომავალშიც ყოველთვის იმ კიდურზე უნდა განაგრძოთ, სადაც უფრო მაღალი მაჩვენებელი
ვთქვათ, წნევა მარცხენა ხელზე გაიზომეთ და მაჩვენებელმა 120/80 შეადგინა. ნუ იჩქარებთ გახარებას, რომ ნორმალური წნევა გაქვთ და მედიკამენტის მიღება საჭირო არ არის. თუ მარჯვენა ხელზე გადამოწმებისას წნევა 140/90-ს მიაღწევს, თქვენს ნამდვილ წნევად სწორედ ეს, უფრო მაღალი მაჩვენებელი ჩაითვლება. არტერიული წნევა ყოველთვის იმ კიდურის მიხედვით უნდა შეფასდეს, რომელზეც უფრო მაღალი ციფრები ფიქსირდება. მეორე კიდურზე დაბალი წნევა, შესაძლოა, გარკვეული სისხლძარღვოვანი პათოლოგიით, მაგალითად, ათეროსკლეროზით იყოს გამოწვეული. ამ დროს აპარატი რეალობაზე დაბალ მაჩვენებელს აჩვენებს, რის გამოც თავს იტყუებთ. ამიტომ დაიმახსოვრეთ: წნევა ყოველთვის იმ ხელზე შეამოწმეთ, რომელზეცუფრო მაღალი ციფრები ვლინდება.
თუ ორივე ხელზე თანაბარი მაჩვენებელია, რომელი კიდური უნდა შევარჩიოთ, მაინცდამაინც მარცხენა? - რა თქმა უნდა, არა. ეს სრულად თქვენს არჩევანსა და კომფორტზეა დამოკიდებული. რეალობაში ადამიანთა უმრავლესობა მარცხენა ხელს იმიტომ ირჩევს, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მემარჯვენეა. მემარჯვენეებში დომინანტი მარჯვენა ხელია, სადაც კუნთოვანი ქსოვილი უფრო განვითარებულია. მარცხენა ხელზე კუნთოვანი მასა შედარებით ნაკლებია, რაც წნევის გაზომვის პროცესს ნაკლებად უშლის ხელს და შედეგს სულ ოდნავ უფრო ზუსტს ხდის. თუმცა, თუ მემარცხენე ხართ, წნევა იმავე წარმატებით მარჯვენა ხელზეც შეგიძლიათ შეამოწმოთ. ზოგადად, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ხელით ისარგებლებთ. მთავარია, დაიმახსოვროთ: არჩევანი იმ კიდურზე უნდა შეაჩეროთ, რომელზეც უფრო მაღალი წნევა ფიქსირდება. საქართველოში რატომღაც ყველას ჰგონია, რომ წნევის შემოწმება მაინცდამაინც მარცხენა ხელზეა აუცილებელი.