რა შემთხვევაში მოიხსნება აბიტურიენტი გამოცდიდან და რა მიზეზებით შეიძლება, არ გასწორდეს მისი ნაშრომი - დეტალები - მშობლები

რა შემთხვევაში მოიხსნება აბიტურიენტი გამოცდიდან და რა მიზეზებით შეიძლება, არ გასწორდეს მისი ნაშრომი - დეტალები

2026-06-05 11:51:18+04:00

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები გვიახლოვდება და აბიტურიენტებს, როგორც წესი, სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით ბევრი შეკითხვა აქვთ. ის, თუ რა წესები უნდა დაიცვან მათ გამოცდის მიმდინარეობისას და რა შემთხვევაში მოიხსნებიან გამოცდიდან, დეტალურად აბიტურიენტთა ცნობარში წერია:

რა წესები უნდა დაიცვას აბიტურიენტმა გამოცდის მიმდინარეობისას

  • აბიტურიენტი უნდა გამოცხადდეს საგამოცდო ბარათზე მითითებული განრიგის მიხედვით შესაბამის მისამართზე და გაიაროს რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ აბიტურიენტი გამოცდაზე არ დაიშვება!
  • რეგისტრაცია იწყება გამოცდამდე ერთი საათით ადრე (აბიტურიენტის ბარათზე მითითებულია რეგისტრაციის დაწყების დრო).
  • აბიტურიენტმა თან უნდა იქონიოს საგამოცდო ბარათი და პირადობის (ბინადრობის) დამადასტურებელი დოკუმენტი/პასპორტი ან სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ბეჭდითა და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დამოწმებული განაცხადი/განცხადება - ანკეტა/ამონაბეჭდი ან სხვა დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია პირის ფოტოსურათი, სახელი, გვარი და პირადი ნომერი. უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტების შემთხვევაში საჭიროა ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
  • აკრძალულია გამოცდაზე ნებისმიერი ნივთის შეტანა, გარდა წყლისა (პლასტმასის ბოთლით), პირადი ჰიგიენის ნივთებისა და, სურვილის შემთხვევაში, შავი ფერის გელიანი (ე. წ. ტუშის) კალმისა (0,5-0,7 მმ ბურთულიანი წვერით).

გაითვალისწინეთ, რომ აბიტურიენტი გაფრთხილების გარეშე იხსნება გამოცდიდან:

  • ლექსიკონის, დამხმარე მასალის, მობილური ტელეფონის, ელექტრო საათის, კალკულატორის ან სხვა ელექტრონული აპარატურის აღმოჩენისას (თუნდაც ელექტრონული ხელსაწყო გამორთული იყოს);
  • წესრიგის უხეში დარღვევის, ან საგამოცდო პროცესში მონაწილე პირის შეურაცხყოფის, ან სხვა მსგავს შემთხვევაში;
  • ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის შემთხვევაში.

ჩამოთვლილის გარდა, ნებისმიერი სხვა წესის დარღვევისას აბიტურიენტი იღებს გაფრთხილებას. განმეორებითი გაფრთხილების მიღების შემდეგ დამკვირვებელი ვალდებულია აბიტურიენტი მოხსნას გამოცდიდან.

რა წესები უნდა დაიცვას აბიტურიენტმა ტესტირების პროცესში

  • საგამოცდო სექტორში აბიტურიენტი მოძებნის მისთვის განკუთვნილ ადგილს;
  • მაგიდაზე, სადაც განთავსებულია კომპიუტერი, შეუძლია დადოს მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, გელიანი (ე. წ. ტუშის) შავი ფერის კალამი, პასუხების ფურცელი და შავი სამუშაოსთვის განკუთვნილი ფურცლები, ასევე გამოცდით გათვალისწინებული დამხმარე მასალა (მაგ.: რუკა, მენდელეევის ტაბულა). წყალი პლასტმასის ბოთლით უნდა დაიდგას იატაკზე.
  • პასუხების ფურცლების დარიგებისას აბიტურიენტმა დაკვირვებით უნდა შეამოწმოს პასუხების ფურცელი დამკვირვებელთან ერთად, რათა დარწმუნდეს, რომ დაუზიანებელია - აგრეთვე, აღნიშნული გარემოება ხელმოწერით უნდა დაადასტუროს სექტორის უწყისში.
  • იმ შემთხვევაში თუ პასუხების ფურცელზე აღმოაჩენს ხარვეზს ან დაზიანებას, მას შეუცვლიან ახალი პასუხების ფურცლით.
  • პასუხების ფურცელზე დაკრული შტრიხკოდის ნომერი აბიტურიენტმა თავად უნდა ჩაწეროს სექტორის უწყისის შესაბამის ველში.
  • ტესტზე მუშაობა იწყება სისტემაში სპეციალური კოდის შეყვანის შემდეგ; საჭიროების შემთხვევაში, აბიტურიენტი მიმართავს დამკვირვებელს.
  • გამოცდის დასრულებამდე 10 წუთით ადრე დამკვირვებელი აბიტურიენტებს შეახსენებს დროს, რათა დროულად დაასრულონ ტესტზე მუშაობა.

გაითვალისწინეთ, თუ აბიტურიენტი დროზე ადრე დაასრულებს მუშაობას, მიმართავს დამკვირვებელს, რომელსაც დადგენილი წესით უნდა ჩააბაროს პასუხების ფურცელი, ასევე შავი სამუშაოსთვის განკუთვნილი ფურცელი.

პასუხების ფურცლის ჩაბარების ფაქტს ხელმოწერით დაადასტურებს სექტორის უწყისში, ნაშრომის ჩაბარების შემდეგ კი დატოვებს საგამოცდო სექტორს.

აბიტურიენტმა უნდა შეასრულოს დამკვირვებლის ან სხვა პასუხისმგებელი პირის მითითება, მათ შორის, გადაწყვეტილება გამოცდიდან მოხსნის თაობაზე.

ნაშრომი არ გასწორდება, თუ:

  • პასუხების ფურცელი ან შტრიხკოდი დაზიანებულია;
  • აბიტურიენტი საგამოცდო დროის ამოწურვისთანავე არ შეწყვეტს მუშაობას და არ ჩააბარებს პასუხების ფურცელს;
  • პასუხების ფურცელს დააწერს სახელს, გვარს ან პიროვნების იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემცველ რაიმე სხვა ინფორმაციას, ან რაიმე სახის ისეთ გრაფიკულ გამოსახულებას, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან.

აბიტურიენტის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში საპრეტენზიო კომისიამ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება აბიტურიენტის ნაშრომის ნული ქულით შეფასების თაობაზე.

გახსოვდეთ, არ შეიძლება:

  • პასუხების ფურცლის გაკეცვა, შტრიხკოდის გაფერადება, დაზიანება და ა. შ.;
  • გამოცდის მიმდინარეობისას აბიტურიენტების ერთმანეთთან გადალაპარაკება;
  • დახმარების მცდელობა ან სხვა პირისაგან დახმარების მიღება;
  • დახმარების აღმოჩენის/მიღების ან საუბრის შემთხვევაში აბიტურიენტი მიიღებს გაფრთხილებას (გაითვალისწინეთ, რომ განმეორებითი გაფრთხილების შემთხვევაში აბიტურიენტი იხსნება გამოცდიდან).

რომელი საგანი აირჩია ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა და რომელი - ყველაზე ნაკლებმა, 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის - სტატისტიკა
როდიდან ექნებათ აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათის ამობეჭდვის შესაძლებლობა და რა ინფორმაციაა მასზე დატანილი - დეტალები