“ჩემი სახელია ნიკოლოზი, გახლავართ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტი. ეს სახელი იმიტომ ჰქვია, რომ თავდაპირველად იგი ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქია იყო, რომელშიც შედიოდა ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონები. მოგვიანებით მას დაემატა კარის ეპარქია - ეს არის დღევანდელი თურქეთის ყარსის ვილაიეთი, ანუ ყარსის რაიონი, სადაც ისტორიული, ძველი ქართული ტაძრებია. საერთოდ, საქართველო იქიდან იწყებოდა. “კარი“ ამიტომ ჰქვია, რომ “ყარსი“ ქართულად არის “კარი“. მინდა გითხრათ, რომ ეს დღემდე, ასე ვთქვათ, მისიონერული ეპარქიაა, რადგან მართლმადიდებელი მოსახლეობა, რომელიც ძირითადად ქართულია, მთელი მოსახლეობის მხოლოდ 3%-ს შეადგენს“, - ასე დაიწყო საუბარიმეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) ახალქალაქის, კუმურდოს და კარის ეპარქიის მიტროპოლიტმა ambebi.ge-სა და “პალიტრანიუსის“ ერთობლივ პროექტში “სახალხო ინტერვიუ“.
მან მისთვის გამოგზავნილ შეკითხვებს უპასუხა. გთავაზობთ გადაცემიდან გარკვეულ ეპიზოდებს. ინტერვიუს სრული ვერსიის ნახვას კი შეძლებთ ქვემოთ მითითებულ ბმულზე.
გიორგი:
- მოგესალმებით. გადავხედე თქვენს ბიოგრაფიას, საინტერესო გზა გაქვთ განვლილი. თუ დიპლომებზეც მიდეგბა საქმე, არც ამის ნაკლებობაა, საკმაო რაოდენობით გაქვთ მიღებული - როგორც საერო ცხოვრებაში, ისე - სასულიეროში. პატარაობაში რაზე ოცნებოდბით?
- პატარაობაში რაზე ვოცნებობდი, რომ გითხრათ, ძალიან გაგიკვირდებათ. ჩემი ოცნება იყო, ტაქსის მძღოლი, ტაქსისტი გავმხდარიყავი... ტაქსისტობა ორი მიზეზის გამო მინდოდა: პირველი ის, რომ მანქანის ტარება მიყვარდა (უფრო სწორად, მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი ტარება, მაგრამ ძალიან მინდოდა), მეორე და მთავარი მიზეზი კი ის იყო, რომ ადამიანებთან მქონოდა ურთიერთობა. ფაქტობრივად, ასეც გამოვიდა - ჩემი პროფესია ასეთია, რომ მუდმივად ადამიანებს ვესაუბრები...
ნანა:
- ოჯახში მშობები რა ღირებულებებზე გზრდიდნენ და ვინ იყვნენ ისინი პროფესიით?
- საბჭოთა კავშირის დროს დავიბადე, მაშინდელი განმარტებით, მოსამსახურის ოჯახში. მაშინ საზოგადოება სამ ნაწილად იყოფოდა: უნდა ყოფილიყავი ან მუშა, ან გლეხი, ან მოსამსახურე. მამაჩემი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კერამიკისა და მინის კათედრის დოცენტი იყო, შემდეგ - დეკანი. დედა პროფესიით ჟურნალისტი იყო, მაგრამ ბოლოს ისიც სამხატვრო აკადემიაში მუშაობდა. შეიძლება ითქვას, რომ სამხატვრო აკადემიაში გავიზარდე, ბავშვობიდან იქ ვიყავი. ამიტომ, გარდა იმისა, რომ ამ კერამიკის სახელოსნოში უფროსების დახმარებით ნაკეთობებს ვამზადებდი, ვიცნობდი უდიდეს და გამოჩენილ მხატვრებს - სერგო ქობულაძით დაწყებული, აპოლონ ქუთათელაძით დასრულებული, რომელი ერთი ჩამოვთვალო... აი, ამ ღირებულებებით ვიზრდებოდი. სინამდვილეში, ეს თითქოსდა განსხვავებული დიაპაზონი ერთადერთ რამეს ემსახურებოდა - იმას, რაც ბავშვობიდან სულ მინდოდა: ადამიანებთან ურთიერთობა.
უცნობი:
- კომაროვის სკოლა, უნივერსიტეტში - ფიზიკის ფაკულტეტი, “თეატრალურში“ - კინო-ანიმაცია - ამის შემდეგ ეკლესიაში რამ მიგიყვანათ?
- ჩემი ეს ურთიერთობა ბუნების სიყვარულით დაიწყო, ამიტომ გადავწყვიტე, ფიზიკოსი გავმხდარიყავი. სანამ კომაროვის სკოლაში ჩავაბარებდი, გაძლიერებულ მათემატიკურ სკოლაში (55-ე საშუალო სკოლა) ვსწავლობდი, სადაც იმ დროს ძალიან სერიოზული ექსპერიმენტი ტარდებოდა. მერე იყო კომაროვის სკოლა, შემდეგ კი ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფიზიკის ფაკულტეტზე. სწავლა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვაგრძე და ისიც ფიზიკის ფაკულტეტით დავამთავრე. ეს იყო ჩემი პირველი ძირითადი ინტერესი - მსურდა, სამყარო შემემეცნებინა.
თუმცა, მოსკოვის უნივერსიტეტში სწავლისას საშუალება მქონდა, ურთიერთობა მქონოდა უამრავ ადამიანთან, რომლებიც სხვადასხვა ეროვნებისა და სხვადასხვა სახელმწიფოდან იყვნენ ჩამოსულები. სწორედ მაშინ მკაფიოდ ჩამომიყალიბდა აზრი, რომ თავს უფლებას ვერ მივცემდი, კაბინეტში ჩავკეტილიყავი. ჩემთვის და ჩემი ფიზიკა თეორიული ფიზიკა იყო - ანუ ფურცელი, კალამი და ძირითადად ამით ამოიწურებოდა. მე გადავწყვიტე, ადამიანებთან შევსულიყავი ურთიერთობაში.
ადამიანებთან რომ შეხვიდე ურთიერთობაში, რაღაც უნდა უთხრა. ამისთვის საუკეთესო საშუალება ხელოვნება იყო, ხოლო ხელოვნებაში ყველაზე მასობრივი და კონტაქტური - კინო (მაშინ, როგორც მოგახსენეთ, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი იყო). ამიტომ, ჩემი გადაწყვეტილებით, იმ პერიოდში, რამდენადაც შესაძლებელი იყო, ღრმად შევისწავლე კინოს ისტორია და საერთოდ ეს სამყარო. ამის შემდეგ აღმოვაჩინე კიდევ უფრო განზოგადებული სფერო - ანიმაცია, რადგან კინოსურათი ძირითადად ფოტოგრაფიული გამოსახულებებით იგება, ანიმაციაში კი ყველაფერს შენი ხელით ხატავ - გინდა ფოტო დახატე, გინდა განაზოგადე. შემდეგ ამიტომ ავირჩიე ანიმაცია, რომ მაქსიმალურად შემესწავლა.
როდესაც თბილისში დავბრუნდი, ჩავაბარე თეატრალურ ინსტიტუტში (მაშინ ასე ერქვა, დღეს მგონი, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი ჰქვია). ეს უკვე 80-იანი წლების დასაწყისი იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ სიტყვა უკვე თავისუფლად ისმოდა. შეზღუდვები კი იყო, მაგრამ თავისუფალ სიტყვას ძირითადად ეკლესიაში გაიგონებდი. დავიწყე ტაძრებში სიარული, ქადაგებების მოსმენა და აი, მაშინ მივხვდი, რომ თუ მინდა ადამიანს რაიმე ვუთხრა, პირდაპირი თქმა ამის ყველაზე მოკლე გზაა. ამიტომ დავიწყე სიტყვის შესწავლა. სიტყვა - კი... აი, ეს სიტყვა, ალბათ ყველამ ვიცით, როგორ იწყება იოანე ღვთისმეტყველის სახარება: “პირველიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იგი იყო ღვთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყვა იგი“. ანუ, სიტყვა ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა ღვთისმეტყველება შეისწავლოს. ამიტომ მოვხვდი შემდეგ ახლად გახსნილ თბილისის სასულიერო აკადემიაში. 1988 წელს საბუთები თეატრალური ინსტიტუტიდან გამოვიტანე, ჩავაბარე აკადემიაში, დავამთავრე და შემდგომ დავადექი ამ გზას, რომელსაც დღემდე ვადგავარ.
დოდო:
- დედათქვენი მონაზონი გამხდარა - ერთად გაუყევით ამ გზას?.. როდესაც ბერობა გადაწყვიტეთ, ეს ნაბიჯი თქვენს ოჯახში როგორ შეფასდა, რადგან სამი შვილის მამა ხართ...
- იცით, რა? ეს ცოტა ლიტერატურული თუ პოეტური ნათქვამია, მაგრამ სინამდვილეში, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის დროს ნებისმიერი რელიგიური აქტივობის გამოხატვის აბსოლუტურად აკრძალული იყო, დედა ჩვენგან - ბავშვებისგან და ოჯახისგან დაფარულად, თავისი ხატები ჰქონდა, ლოცულობდა. ამას იშვიათად თუ მოვკრავდით თვალს. ალბათ, ამან განაპირობა და დიდ როლი ითამაშა ჩვენს ცხოვრებაში. ოჯახში ორი ბავშვი ვიყავით - მე და ჩემი უმცროსი და. ვერ გეტყვით, რომელმა დავიწყეთ პირველად - იმან თუ მე, თუ ასე, რიგრიგობით მოხდა. დღეს ის იღუმენია გახლავთ, მონასტრის წინამძღვარია.
ჩემი მშობლები თავიდან კი ძალიან გვეწინააღმდეგებოდნენ, მაგრამ მერე თავადაც ორივენი - დედაც და მამაც - ღრმად ეკლესიური ადამიანები გახდნენ და ყოველ კვირას ეზიარებოდნენ. მამა უფრო ადრე გარდაიცვალა. მამის გარდაცვალების შემდეგ დედა მარტო დარჩა და რამდენიმე წლის შემდეგ იგი მონაზვნად აღიკვეცა. ბოლო სამწელიწადნახევარი მონასტერში, ჩემს დასთან ერთად გაატარა - ეს არის მღვიმევის მონასტერი, სადაც უკვე ყოველდღე ეზიარებოდა. ასე რომ, ვერ ვიტყვით, ვინ უფრო წინ არის - რა თქმა უნდა, მშობლები უფრო წინ არიან და უფრო მეტი მოსაგრეობა ჰქონდათ, ვიდრე მე, ან ჩემს დას. ჩვენმა მშობლებმა, ფაქტობრივად, ორივე შვილი ღმერთს შესწირეს, რადგან ორივე მონაზონი ვართ. განაგრძეთ კითხვა