ქვეყანაში მოქმედ ყველა საბავშვო ბაღს ავტორიზაციის გავლა დაუწესდა, გაკონტროლდება აღსაზრდელებისა და აღმზრდელების რაოდენობაც - რას შეამოწმებენ საბავშვო ბაღებში - მშობლები

ქვეყანაში მოქმედ ყველა საბავშვო ბაღს ავტორიზაციის გავლა დაუწესდა, გაკონტროლდება აღსაზრდელებისა და აღმზრდელების რაოდენობაც - რას შეამოწმებენ საბავშვო ბაღებში

2026-06-12 12:21:31+04:00

საბავშვო ბაღებში ავტორიზაციის პროცესი ფინალურ ეტაპზეა, სადაც რეგისტრაციისა და სააღმზრდელო დაწესებულებების ინსპექტირების დასრულების შემდეგ, შესაბამისმა უწყებამ უნდა გადაწყვიტოს, აკმაყოფილებს თუ არა კონკრეტული ბაღი ფუნქციონირებისთვის საჭირო კრიტერიუმებს და აქვს თუ არა მას მუშაობის გაგრძელების უფლება. პროცესის ფარგლებში ინფრასტრუქტურა, სააღმზრდელო პროგრამები, კვება და აღმზრდელების კვალიფიკაცია შემოწმდა. ამის შესახებ სიუჟეტი "პირველმა არხმა" მოამზადა:

2016 წელს მიღებული რეფორმის ფარგლებში მიმდინარე პროცესის ამ გადამწყვეტ ეტაპზე ავტორიზაცია ბაღების ჯერ მხოლოდ მცირე ნაწილმა, მათ შორის რამდენიმე კერძო სკოლამდელმა დაწესებულებამ მიიღო. ბაღებს, რომლებმაც საჭირო კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილეს, ავტორიზაციის მისანიჭებლად და იდენტიფიცირებული პრობლემების მოსაგვარებლად ვადა 2030 წლამდე ექნებათ, ხოლო ხარვეზების გამოუსწორებლობის შემთხვევაში ეს დაწესებულებები დაიხურება. ​

უსაფრთხო ინფრასტრუქტურა, დაცულობის განცდა, ჯანსაღი გარემო, ასაკის შესაბამისი პროგრამა და სრულფასოვანი კვება სწორედ ის აუცილებელი მინიმუმია, რომელსაც მშობელი შვილისთვის სააღმზრდელო დაწესებულებისგან ითხოვს. საზოგადოებაში ხშირად ჩნდება კითხვები იმის შესახებ, თუ რომელ ბაღშია მაქსიმალურად დაცული ეს სტანდარტები და საჯარო ბაღი უნდა შევარჩიოთ თუ კერძო - ეს სწორედ ის საკითხებია, რომელთა წინაშეც ბაღის ასაკს მიუღწეველი ბავშვების მშობლები დგებიან. იმისთვის, რომ ყველა ბაღს საერთო საბაზისო სტანდარტები ჰქონდეს და ამ სტანდარტების დაცვა სახელმწიფოს მხრიდან კონტროლდებოდეს, ქვეყანაში მოქმედ ყველა საბავშვო ბაღს ავტორიზაციის გავლის ვალდებულება დაუწესდა.

ამ ეტაპზე ქვეყანაში 1763 საჯარო და 295 კერძო ბაღი ფუნქციონირებს. მრავალწლიანი რეფორმის საბოლოო მიზანს წარმოადგენს ის, რომ 2030 წლამდე ავტორიზაციის პროცესი ყველა ბაღმა გაიაროს. ამ დროისთვის 190-მდე საჯარო და ერთი კერძო ბაღია ავტორიზებული, ხოლო წლის ბოლომდე ამ სიას კიდევ 90 ბაღი დაემატება.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, ზვიად გაბისონია ამბობს:

"​ძირითადი მაინც ინფრასტრუქტურული და კვალიფიკაციის ნაწილებია, ხოლო რაც შეეხება უშუალოდ შედარებას, დღეისათვის მისი განხორციელება ძალიან რთულია, რადგან, როგორც აღვნიშნეთ, დაახლოებით 189 საჯარო ბაღია ავტორიზებული და მათ ფონზე მხოლოდ ერთია კერძო. აქედან გამომდინარე, მსგავსი შედარება ამ ეტაპზე არარელევანტური იქნება, თუმცა დაახლოებით ორი წლის პერიოდში საჯარო და კერძო ბაღებს შორის ავტორიზაციის ნაწილში არსებული განსხვავებების უკეთ შედარებას შევძლებთ."

რეფორმა, რომელიც 2016 წელს "სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ" კანონით დამტკიცდა, არაერთ ეტაპს გულისხმობს. პირველი ეტაპი ბაღების რეგისტრაცია იყო, რადგან მანამდე სახელმწიფოს მათ შესახებ ზუსტი სტატისტიკაც კი არ ჰქონდა. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტები ქვეყნის მასშტაბით არსებულ საბავშვო ბაღებში თავად დადიან, მათ მდგომარეობას ამოწმებენ, შესაბამის რეკომენდაციებს გასცემენ და ავტორიზაციის ვადებსაც ინდივიდუალურად განსაზღვრავენ.

კანონის თანახმად, ყველა კერძო თუ საჯარო ბაგა-ბაღმა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და კვებითი რაციონი უნდა დაიცვას. სტრატეგიაში გაწერილია ინფრასტრუქტურული სტანდარტებიც. მაგალითად, ბაღის განთავსება შენობის მხოლოდ პირველ და მეორე სართულზეა შესაძლებელი. ამასთანავე, უდიდესი ყურადღება საგანმანათლებლო სტანდარტს მიექცევა, რადგან საბავშვო ბაღი არა უბრალოდ მოვლა-მეთვალყურეობის ადგილი, არამედ საგანმანათლებლო სივრცე უნდა იყოს. გაკონტროლდება აღსაზრდელებისა და აღმზრდელების რაოდენობაც.

"​ავტორიზაციის პროცესი შესაბამის უწყებებს გარკვეული ტიპის მონიტორინგის დაწესების შესაძლებლობას აძლევს, რის საფუძველზეც მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ შემოწმება განახორციელონ. ამ მიმართულებით მონიტორინგი საკმაოდ ინტენსიური იქნება, რადგან საუბარი ძალიან სპეციფიკურ დაწესებულებაზეა. სწორედ ამიტომ, ამ ნაწილს დინამიკაში უნდა დავაკვირდეთ და უახლოეს პერიოდში უფრო ნათლად გამოჩნდება, თუ რა მიმართულებით შეიძლება გახდეს საჭირო დამატებითი ჩარევა. სულ ოთხი ძირითადი სტანდარტი არსებობს, რომლებიც ინფრასტრუქტურულ, კვალიფიკაციისა და ადამიანური რესურსების ნაწილებს მოიცავს; კონკრეტული ბაღის შეფასებაც სწორედ ამ ოთხი ძირითადი პარამეტრის მიხედვით ხდება."

​ავტორიზაციის პროცესში თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო 2023 წლიდან ჩაერთო. მიმდინარე სასწავლო წელს ავტორიზაციის წარმატებით გავლა დედაქალაქის ხუთმა საჯარო ბაღმა მოახერხა. სააგენტოში აცხადებენ, რომ წლის ბოლომდე ავტორიზაციის მიღებას კიდევ ათ სააღმზრდელო დაწესებულებასთან დაკავშირებით ელოდებიან.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, გურამ ოქროპირიძე, ამბობს:

"ეს პროცესი, უამრავი კრიტერიუმის გათვალისწინებით, საკმაოდ ვრცელ შემოწმებას მოიცავს. ამ მიზნით ყოველწლიურად ბიუჯეტში შესაბამისი თანხებია გათვალისწინებული, რაც, პირველ რიგში, ბაღების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და მის ავტორიზაციის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას გულისხმობს. მოქმედი ბაღებისთვის შესაბამისი ტენდერები უკვე გამოცხადდა, რის შედეგადაც უახლოეს პერიოდში არსებული ინფრასტრუქტურა დადგენილი მოთხოვნების მიხედვით მოწესრიგდება."

101-ე საბავშვო ბაღი ერთ-ერთი პირველია, რომელმაც ავტორიზაციის პროცესი წარმატებით გაიარა. სააღმზრდელო დაწესებულებას აღნიშნული სტატუსი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ექნება. ბაღის დირექტორი იხსენებს, რომ ამ შედეგის მისაღწევად გუნდი თითქმის ორი წლის განმავლობაში მუშაობდა. მისი განმარტებით, კრიტერიუმების სრულად დასაკმაყოფილებლად საკმაოდ ბევრი დეტალის გათვალისწინება გახდა საჭირო.

101-ე ბაგა-ბაღის დირექტორი, ქრისტინე მოდებაძე, ამბობს:

"ავტორიზაციის ფარგლებში 101-ე ბაგა-ბაღში კურიკულუმის ჩარჩო დამტკიცდა, რაც ბავშვის ემოციურ კეთილდღეობასა და განვითარებას გულისხმობს. ამასთანავე, დაინერგა "ჰარტის" (Heart) და სასკოლო მზაობის პროგრამები. თითოეული აქტივობა ბავშვის ინტერესებისა და მისი თავისუფალი ნების გათვალისწინებით დაიგეგმა, ხოლო ავტორიზაციის პროცესში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას ბავშვთა საერთო რაოდენობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა წარმოადგენდა."

​თუ დადგენილ ვადებში, ანუ 2030 წლისთვის ბაღები ავტორიზაციის სტატუსის მოპოვებას ვერ შეძლებენ, კანონის თანახმად, მათ ფუნქციონირების უფლება ავტომატურად ჩამოერთმევათ. ბაღებისთვის ავტორიზაციის პროცესი უფასოა. რეფორმის სრულად დასრულების შემდეგ კი, ავტორიზაციის ხელახლა გავლა ბაღებისთვის ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ სავალდებულო გახდება.

როდის დასრულდება საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი
პროდუქტს ეწერა ერბო, რეალურად კი პალმის ცხიმი იყო ერთ-ერთი საბავშვო ბაღი ყიდულობდა და ეგონათ საუკეთესო პროდუქტს იყენებდნენ - შეიძლება მარკეტში ეტიკეტმაც მოგატყუოთ
როდის დაიწყება საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია - დეტალები ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსგან