"მე უფრო სახლის ქალი ვარ... სახლი და ოჯახი ჩემთვის ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო... ოჯახი პირველია ცხოვრებაში...." - ნანი ბრეგვაძე - მშობლები

"მე უფრო სახლის ქალი ვარ... სახლი და ოჯახი ჩემთვის ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო... ოჯახი პირველია ცხოვრებაში...." - ნანი ბრეგვაძე

2026-06-20 22:33:05+04:00

გადაცემა "მედ-გიდის" და სოფო ჯაფარიძის სტუმარი იყო ლეგენდარული ნანი ბრეგვაძე, რომელსაც ერთ თვეში 90 წელი უსრულდება. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს მისი ინტერვიუდან:

- ცხოვრებაში შემთხვევითი არაფერი არ არის. ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს: ეს არის ბედი, ეს არის შენი ხვედრი, შენი ცხოვრების გზა, რომელიც თითქოს ზემოდან მოდის. მეც ასე ვფიქრობ და ასე მჯერა — ადამიანი თავის ბედთან ერთად იბადება. არ იცი, რა გელოდება წინ, მაგრამ მე მგონია, რომ ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ. ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ ჩემ ირგვლივ ასეთი გარემოა — სიკეთე, სიხარული, სიყვარული. როდესაც ასეთ სფეროში და ასეთ გარემოში ცხოვრობ, შენც გინდა, რომ ამ განწყობას აჰყვე და სიყვარულს სიყვარულითვე უპასუხო. მადლობელი ვარ იმ სითბოსა და დამოკიდებულებისთვის, რასაც ადამიანებისგან ვიღებ. ალბათ, ეს ჯანმრთელობასაც მმატებს და ხასიათზეც მოქმედებს.

მართალია, წუწუნა ადამიანი ვარ და ხშირად ვწუწუნებდი, მაგრამ ახლა უკვე მეშინია კიდეც ამ სიტყვის გამოყენების. ამიტომ ხშირად ვამბობ: „ძალიან კარგად ვარ“.

...ძალიან დაკვირვებული ადამიანი ვარ და საკუთარ თავთანაც კრიტიკული. ხშირად იმასაც ვამჩნევ, რასაც სხვები ვერ ხედავენ. სიმღერაშიც და საერთოდ ჩემს საქმიანობაშიც.

სინამდვილეში, მე უფრო სახლის ქალი ვარ. დღესაც არ მიკვირს, რომ სახლიდან იშვიათად გამოვდივარ. ყოველთვის მერჩივნა, მეგობრები ჩემთან მოსულიყვნენ, ვიდრე მე სახლი დამეტოვებინა და წავსულიყავი სხვაგან. ისეთი ბედნიერი ვიყავი სახლში... სიმღერას ვმღეროდი, სცენაზეც ვიდექი, მაგრამ სულ მეგონა, რომ ეს დროებითი იყო, რადგან სახლი და ოჯახი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. ბავშვებთან ყოფნა მინდოდა. შვილს ერთი წელი ვაწოვებდი ძუძუს და ამ პერიოდში საერთოდ არ მიმუშავია. ლევანი, გიორგი და გოგიკო რომ იზრდებოდნენ, სულ მათთან ვიყავი. სანამ სკოლაში შევიდოდნენ, გასტროლებზეც კი თან დამყავდა.

ახლა რომ ვფიქრობ, მიკვირს, როგორ ვახერხებდი ყველაფერს — სოლო კონცერტებიც მქონდა, გასტროლებიც, მაგრამ მაინც არასოდეს მიფიქრია საკუთარ თავზე, როგორც განსაკუთრებულ მომღერალზე. ჩემთვის მთავარი ყოველთვის ოჯახი იყო...

ჩემი შვილთაშვილი 21 წლის არის, წარმოგიდგენიათ? კიდევ ერთ შვილთაშვილს, რომელიც ოთხი წლის არის, ნატალიასი, ჰგონია რომ მე ჯერ უნდა გავიზარდო, პატარა ვარ...

ოჯახი პირველია ცხოვრებაში.

ყოველთვის მადლობელი ვარ ღმერთის, რომ იმ ეპოქაში ვიცხოვრე, სადაც ასეთი განათლებული, იუმორით სავსე და გამორჩეული ადამიანები იყვნენ. ყველას თავისი ადგილი ჰქონდა. ქეიფობდნენ, მღეროდნენ, მეგობრობდნენ. პატარა ბინა მქონდა, მაგრამ სულ სავსე იყო სტუმრებით.

დღეს ჩემი მეგობრების უმეტესობა აღარ არის ცოცხალი. ვინც დარჩა, ხშირად იხსენებენ იმ დროს: „გახსოვს, შენთან რომ მოვდიოდით და რა კარგად ვატარებდით დროს?“ მართლაც კარგი პერიოდი იყო...

...მშობლების დაკარგვა უდიდესი ტკივილია. დედის გარდაცვალებვ იმდენად მძიმედ გადავიტანე, თითქმის ერთი წელი ვერაფერს ვაკეთებდი — ვერც ვმღეროდი, ვერც ვტიროდი. საშინელი მდგომარეობა იყო.

მერე მაინც მომიწია სცენაზე დაბრუნება, რადგან ეს ჩემი პროფესია იყო, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ თავს დიდხანს არც კი ვთვლიდი მომღერლად. როდესაც პირველად დამსახურებული არტისტის წოდება მივიღე, იმდენად გამიკვირდა და შემრცხვა კიდეც, რადგან მეგონა, უბრალოდ სახლში ვმღეროდი...

სიმღერა ბავშვობიდან მოდის. ორი წლის ასაკიდან ვმღეროდი. მუსიკალური ოჯახი მქონდა. ჩემი დეიდა, ქეთევან მიქელაძე, შესანიშნავი პროფესიონალი მომღერალი იყო... იმ დროს სცენაზე გამოსვლა ქალისთვის ყოველთვის მარტივი არ იყო.

როდესაც სცენაზე გამოსვლა შემომთავაზეს, ოჯახში ნამდვილი საბჭო შეიკრიბა — ექვსივე დეიდა, ბაბუა, რომელიც მუსიკის მასწავლებელი იყო, მსჯელობდნენ, უნდა გავეშვი თუ არა სცენაზე. დედაჩემი, ძალიან ნიჭიერი, მუსიკალური და შორსმჭვრეტელი ქალი იყო. მან თქვა:

„თქვენ რამდენიც გინდათ ილაპარაკეთ, ნანიმ უნდა იმღეროს. ბავშვმა უნდა იმღეროს...“

კადრები ნანი ბრეგვაძის 90 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამოდან და უბერებელი ლეგენდა (ვიდეო)
ასმაგად მაქვს მის მიმართ პატივისცემა, რადგან ყველაფერი ისწავლა, თავისი თავისგან იდეალურთან მიახლოებული ვერსია გამოიყვანა... არ წარმოგიდგენიათ, სარკესთან რამდენ ხანს ატარებს... - ნატალია ქუთათელაძე ნანი ბრეგვაძის სტილის საიდუმლოებებზე
გათხოვებამდე სოფიკო ჭიაურელის ძმა მიყვარდა. ქმართან გაშორების შემდეგ, ერთადერთი ნამდვილი სიყვარული მქონდა - ნანი ბრეგვაძე პირად გრძნობებზე საუბრობს