ერთიანი ეროვნული გამოცდები2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
იქამდე აბიტურიენტებმა უკვე მიიღეს საგამოცდო ბარათი, რომლის ამობეჭდვა და გამოცდის დღეს, პირადობის მოწმობასთან ერთად, საგამოცდო ცენტრში წარდგენა სავალდებულოა.
პარალელურად, სოციალურ ქსელებში, სხვადასხვა ჯგუფში, ზოგიერთი აბიტურიენტი წერს, რომ მათ საგამოცდო ბარათზე ფოტო ან საერთოდ არ ჩანს ან ბავშვობის ფოტოა დატანილი.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში გვითხრეს, ასეთი საგამოცდო ბარათის წარდგენა აბიტურიენტს რაიმე დაბრკოლებას არ შეუქმნის. მთავარია, ბარათზე მითითებული პირადი ნომერი, სახელი და გვარი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ მონაცემებს ემთხვეოდეს.
შეგახსენებთ, რომ საგამოცდო ბარათზე მითითებულია გამოცდის თარიღი, ადგილი და რეგისტრაციის დრო;
დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, მისი ხელახლა ამობეჭდვა სარეგისტრაციო გვერდიდან - online.naec.ge მთელი საგამოცდო პერიოდის განმავლობაშია შესაძლებელი;
პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად საგამოცდო ბარათის წარდგენა გამოცდებზე დაშვების აუცილებელი პირობაა;
ბარათის გადაკეცვა დასაშვებია ისე, რომ არ დაზიანდეს შტრიხკოდი;
ყურადღებით გადაამოწმეთ მასზე მითითებული მონაცემები - დაგვიანების ან არასწორ დღეს გამოცხადების შემთხვევაში გამოცდაზე არ დაიშვებით.
აღსანიშნავია, რომ 22 ივნისიდან იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სრული ზოგადი განათლების (მე-12 კლასი) დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ატესტატის გასაცემად განცხადებების მიღება დაიწყო.
ამასთან დაკავშირებით, ზოგიერთ აბიტურიენტს გაუჩნდა შეკითხვა, სჭირდებათ თუ არა საგამოცდო ცენტრში ატესტატის წარდგენა და მოასწრებენ თუ არა იქამდე ამობეჭდვას.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, აბიტურიენტებს გამოცდის დღეს ატესტატის წარდგენა არ ევალებათ. მათ მხოლოდ საგამოცდო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა ჰქონდეთ.
თუმცა, გასათვალისწინებელია ის, რომ თუკი რომელიმე აბიტურიენტის საგამოცდო ბარათზე მითითებულია, რომ მათ ატესტატი შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უნდა მიიტანოს, ასეთ შემთხვევაში, აბიტურიენტი ვალდებულია, ატესტატი 11 აგვისტომდე წარადგინოს.
ამასთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას კიდევ ერთხელ აქვეყნებს:
"ატესტატის წარმოდგენა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს მოთხოვნა თქვენს საგამოცდო ბარათზეა მითითებული;
ატესტატის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის წარმოდგენის ბოლო ვადაა 11 აგვისტოს 18:00 საათი;
ატესტატის წარმოდგენა შესაძლებელია მისამართზე: თბილისი, ე. მინდელის ქუჩა N9, ხოლო რეგიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში", - წერია განცხადებაში.
ატესტატი განცხადების ჩაბარებიდან მე-10 სამუშაო დღეს უფასოდ გაიცემა.
თამარ იაკობაშვილი