"გველი თავს არც ერთ შემთხვევაში არ დაგვესხმება... უნდა განვსაზღვროთ, რომელი მხრიდან ისმის ხმა და საპირისპირო მიმართულებით მომენტალურად გავეცალოთ..." - რა უნდა იცოდეთ აუცილებლად, თუ გველს გადავეყარეთ - მშობლები

"გველი თავს არც ერთ შემთხვევაში არ დაგვესხმება... უნდა განვსაზღვროთ, რომელი მხრიდან ისმის ხმა და საპირისპირო მიმართულებით მომენტალურად გავეცალოთ..." - რა უნდა იცოდეთ აუცილებლად, თუ გველს გადავეყარეთ

2026-06-29 10:00:36+04:00

ჰერპეტოლოგი შოთა ზანდუკელი გადაცემაში "შუადღე Live" საუბრობს, როგორ უნდა მოვიქცეთ თუ ბუნებრივ არეალში გველს აღმოვაჩენთ და რა უნდა გავითვალისწინოთ იმისათვის, რომ თავდასხმა თავიდან ავირიდოთ:

- გველი თავს არც ერთ შემთხვევაში არ დაგვესხმება, თუნდაც ეს ბუნებრივი არეალი იყოს ან ურბანული სივრცე. ურბანულ სივრცეში გველის აგრესიის გამოწვევის მეტი შანსია იქიდან გამომდინარე, რომ ის შეიძლება ოთახში, სადარბაზოში ან ისეთ შეზღუდულ სივრცეში იმყოფებოდეს, სადაც გასაქცევს ვერ ნახავს. თუ თქვენც ახლოს აღმოჩნდებით, ის საფრთხეს იგრძნობს. ვინაიდან გასაქცევი გზა არ აქვს და თქვენ საფრთხეს წარმოადგენთ, მან შეიძლება ამ დროს შეტევა დაიწყოს.

​ბუნებრივ არეალში კი, ძირითადად, ყველა გველი გარბის, თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც ისინი გაქცევას არ ცდილობენ. პირველი შემთხვევა ისეთია, როდესაც ჩვენ სწრაფად გადავადგილდებით, მან გვიან შეგვამჩნია და მასთან იმდენად ახლოს მივედით, რომ გაქცევას აზრი აღარ აქვს. განსაკუთრებით გიურზას ვგულისხმობ, ვინაიდან იგი იმდენად თავდაჯერებული და ძლიერი გველია, თანაც შხამიანი, რომ საკუთარი თავის დაცვა შეუძლია. ასე ახლოს მისულ ადამიანს მან შეიძლება არც უკბინოს, მაგრამ არც გაიქცეს და მანამ გაჩერდეს, სანამ მის მიმართ რაიმე ქმედებას არ ჩაიდენთ. ასეთ დროს ერთი ვარიანტია, რომ შეიძლება არ გვიკბინოს, ხოლო მეორე ვარიანტით - შეიძლება გვიკბინოს. ​თუმცა, როგორც აღვნიშნე, ბუნებრივ არეალში ყველა გველი, ძირითადად, გარბის.

თუ ბუნებრივ გარემოში გველი გაიქცა და დავინახეთ, რომ ის გარკვეული მიმართულებით გასრიალდა, იმ მიმართულებით ჩვენ არასდროს არ უნდა წავიდეთ. როდესაც გველი ჩვენგან გარბის, იგი აუცილებლად სადღაც დამალვას, სოროში ჩასვლას, ნაპრალში ან ქვის ქვეშ შეძვრას ცდილობს. ეს კარგი ვარიანტებია, მაგრამ არსებობს დაწოლილი ბალახიც, რომელიც გველისთვის თავშესაფრის ილუზიას ქმნის. იგი შედის და იქ იმალება. მას ჰგონია, რომ დაცულია, თუმცა ჩვენი გადაადგილებისას შეიძლება ფეხი დავადგათ, რადგან ბალახი მას ვერ დაიცავს, და გვიკბინოს. ან შეიძლება, უბრალოდ ჩავუაროთ და მასთან ძალიან ახლოს აღმოვჩნდეთ. ​

გველს საფრთხის სიმძაფრის განსასაზღვრად საკუთარი "კრიტერიუმები" აქვს. გარკვეული მანძილი მისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ თუ ისეთ დისტანციაზე მივუახლოვდებით, რომ საფრთხე იგრძნოს, მან შეიძლება პირდაპირ გვიკბინოს, ან ჯერ გაფრთხილება დაიწყოს. ყველაზე კარგი ვარიანტია, თუ ისეთ მანძილზე აღმოვჩნდებით, როდესაც ის გაფრთხილებას იწყებს. გიურზას ეს თვისება ახასიათებს - იგი ძალიან ხმამაღალ შიშინს იწყებს, რითაც გვანიშნებს, რომ იქ არის და არ მივუახლოვდეთ. იგი დიდი, მასიური გველია. რა თქმა უნდა, პატარა გიურზებიც არსებობენ, რადგან დაბადებიდანვე ამხელა ზომის ვერ იქნება, თუმცა პატარაც კი შიშინებს. ​ამ შიშინის გაგონებისას, ჯერ უნდა განვსაზღვროთ, რომელი მხრიდან ისმის ხმა, და საპირისპირო მიმართულებით მომენტალურად გავეცალოთ. გაქცევით კი შეგვიძლია გავიქცეთ, ეს პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან გველს ძაღლის ინსტინქტი არ აქვს, რომ დაგვედევნოს.

თუ გველს მოკლავთ, რეფლექსის გამო მას 1 საათის განმავლობაში კიდევ შეუძლია კბენა... ახალგამოჩეკილი გველის შხამი ისევე საშიშია, როგორც ზრდასრულის - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი
რა აფრთხობს გველებს რეალურად, რის გამოც ტერიტორიას არ ეკარებიან — ქვეწარმავლების დამაფრთხობელი თანამედროვე საშუალებები და მითები, რომელთა იმედიც ტყუილად გაქვთ
თბილისის რომელ უბნებში შეიძლება შეხვდეთ შხამიან გველებს: კორპუსების სადარბაზოებში თუ ეზოებში გიურზას მოხვედრის შემთხვევები გვაქვს ხოლმე