15 წლის ერაყელი გოგონა, რომელმაც მეორედ იძულებით გათხოვებაზე უარი თქვა, ნათესავმა მამაკაცებმა მოკლეს - მშობლები

15 წლის ერაყელი გოგონა, რომელმაც მეორედ იძულებით გათხოვებაზე უარი თქვა, მამამ და ნათესავმა მამაკაცებმა მოკლეს

2026-07-11 13:29:43+04:00

15 წლის გოგონა ამ წლის მაისში იქცა მავნე "ტრადიციების" მორიგ მსხვერპლად. მისი ამბავი კი ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი მსოფლიოსთვის.

15 წლის კავთარ ბაშარ ალ-ჰუსაიჯავი ერაყში, ბაღდადის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ნაჰრავანის რაიონში ცხოვრობდა.13 წლის ასაკში იძულებით გაათხოვეს ბევრად უფროს კაცზე. ქორწინებაში, ოჯახის ნათესავის მონათხრობის მიხედვით, ძალადობის მსხვერპლი იყო. მოგვიანებით სასამართლოს გზით განქორწინდა.

თუმცა მისი უბედურებები, სამწუხაროდ, არ დასრულდა. ამის შემდეგ ოჯახმა მისი მეორედ გათხოვება გადაწყვიტა — ამჯერად ბიძაშვილზე, რაზეც გოგონამ უარი განაცხადა. ქორწინების თავიდან ასარიდებლად სახლიდან გაიქცა. ოჯახის ნათესავის თქმით, მოგვიანებით მეზობელმა გაიტაცა, ხოლო როცა ოჯახში დააბრუნეს, მიუხედავად მისი განმარტებისა და არსებული ვიდეომტკიცებულებებისა, ოჯახმა არ დაუჯერა.

ოჯახის ნათესავის განცხადებით, მამამ, ბიძამ და საქმრომ იგი ქალაქის გარეუბანში წაიყვანეს და მოკლეს. გავრცელებული ცნობებით, მას მრავალჯერ ესროლეს და სხეულზე მძიმე დაზიანებები მიაყენეს.

მკვლელობის შემდეგ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოები, რომლებშიც, როგორც იტყობინებიან, ოჯახის მამაკაცები მის სიკვდილს ცეკვით აღნიშნავენ. სწორედ ამ ვიდეოებმა გამოიწვია საერთაშორისო გამოხმაურება. მკვლელობა ოჯახის წევრებმა გაამართლეს ე.წ. „ოჯახის ღირსების“ აღდგენის მოტივით, რაც „ღირსების მკვლელობის“ (honor killing) კატეგორიას მიეკუთვნება.

გოგონას ნათესავის ანონიმური მონათხრობი გამოაქვეყნა The Guardian-მა. ანონიმურობა უსაფრთხოების მიზნით იყო დაცული. სტატია მომზადდა ადგილობრივ მედია-პლატფორმა Jummar Media-სთან თანამშრომლობით.

  • მსგავსი შემთხვევები იშვიათი არ არის, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობის დადგენა ძალიან რთულია, რადგან ბევრი მკვლელობა საერთოდ არ აღირიცხება როგორც „ღირსების მკვლელობა“ (honor killing) — ხშირად მათ თვითმკვლელობად, უბედურ შემთხვევად ან ჩვეულებრივ ოჯახურ დანაშაულად აფორმებენ.

საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მკვლევრების შეფასებით:

ერაყში ყოველწლიურად მინიმუმ 150 ქალი და გოგონა ხდება „ღირსების მკვლელობის“ მსხვერპლი, თუმცა ზოგიერთი შეფასებით, რეალური რიცხვი რამდენიმე ასეულია.

ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:

  • ოჯახის მიერ შერჩეულ კაცზე უარის თქმა;
  • განქორწინების სურვილი;
  • ოჯახისთვის მიუღებელი ურთიერთობა;
  • გაუპატიურების ან გატაცების მსხვერპლად გახდომაც კი (ზოგ ოჯახში ამასაც „სირცხვილად“ მიიჩნევენ);
  • უბრალოდ ეჭვი, რომ ქალმა „ოჯახის ღირსება შელახა“.

რამდენიმე გახმაურებული შემთხვევა:

დუა ხალილი ასვადი (2007) — 17 წლის იეზიდი გოგონა, რომელიც შეყვარებული იყო მუსლიმ ახალგაზრდაზე, ასობით ადამიანის თვალწინ ჩაქოლეს და სცემეს. ეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი „ღირსების მკვლელობის“ საქმეა მსოფლიოში.

ტიბა ალ-ალი (2023) — ახალგაზრდა ერაყელი ბლოგერი, რომელიც თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ მამამ დაახრჩო. მანამდე ოჯახში კონფლიქტზე საჯაროდ საუბრობდა. ამ საქმემ ერაყში ოჯახში ძალადობის კანონზე დებატები გაააქტიურა.

ამ პრობლემის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ წლების განმავლობაში ერაყის კანონმდებლობაში არსებობდა ნორმები, რომლებიც გარკვეულ შემთხვევებში „ღირსების“ მოტივით ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის შემსუბუქების შესაძლებლობას იძლეოდა. უფლებადამცველები ამტკიცებენ, რომ ეს დაუსჯელობის განცდას აძლიერებდა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში რეფორმების მოთხოვნა გაძლიერდა.

ერაყში აქტიურად იბრძვიან ერაყელი უფლებადამცველები, ჟურნალისტები, ქალთა ორგანიზაციები და ბევრი რელიგიური და საზოგადოებრივი ლიდერიც. ეს პრაქტიკა დაკავშირებულია პატრიარქალურ და ტომობრივ წარმოდგენებთან და არა მხოლოდ რელიგიურ ფაქტორებთან. ამიტომ ადგილობრივი პროგრესული საზოგადოება ცდილობს მათ წინააღმდეგ ბრძოლას, თუმცა ჯერჯერობით არც ისე შედეგიანად...

მამამ თმა მოკლედ შეაჭრა და ბიჭივით გაზარდა, რომ დაეცვა სხვა ავღანელი ქალების ხვედრისგან და თავისუფლება მიეცა ... - ცნობილი ავღანელი ჟურნალისტის ამბავი
ავღანეთში გოგონების ქორწინებაზე ასაკობრივი შეზღუდვა მოიხსნა: 9 წლის ბავშვის გათხოვებაც შეუძლიათ ახალი კანონის მიხედვით
ერაყში მიიღეს კანონი, რომლითაც გოგონები 9 წლის ასაკიდან გათხოვდებიან - ”ჩვენ არ გვაინტერესებს ოპონენტების მოსაზრებები... მათი საქმე არ არის, რა ხდება მუსლიმურ ოჯახში