ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი, მარი მალაზონია, გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" ნაწლავის ჯანმრთელობაზე, კვებაზე, დიარეის დროს ელექტროლიტური ბალანსის აღდგენის ალტერნატიულ გზებზე საუბრობს და საზოგადოებას მარტივ, სახლის პირობებში მოსამზადებელ ხსნარს სთავაზობს იმ შემთხვევისთვის, როდესაც აფთიაქში შესაბამის საშუალებას ვერ ვყიდულობთ:
- ჩვენი ნაწლავის კეთილდღეობისთვის, მით უფრო მაშინ, როდესაც ვიცით, რა საჭიროებები აქვს ჩვენს ნაწლავსა და ორგანიზმს, ისე შევარჩიოთ საკვები პროდუქტები, რომ პირველ რიგში მეგობარი ბაქტერიების გამრავლებას შევუწყოთ ხელი. ამისთვის ავირჩიოთ პროდუქტები, რომლებშიც ფერმენტაციის შედეგად ცოცხლად არსებობს ასეთი ბაქტერიები. ამ ბაქტერიების სისტემატური შევსება გვაძლევს საშუალებას, ნაწლავი წონასწორობაში შევინარჩუნოთ.
პროდუქტები, რომლებსაც ახლა ბანერზე ხედავთ, არის არა უბრალოდ მეგობარი ბაქტერიებით მდიდარი პროდუქტების ჩამონათვალი, არამედ იმ საკვებით მდიდარი პროდუქტებიც, რომლებიც ამ ბაქტერიების ზრდას უწყობს ხელს. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის პრობიოტიკებით მდიდარი პროდუქტები. მათ შორის, რა თქმა უნდა, არის მაწონი, იოგურტი, ტრადიციული წესით მომზადებული მწნილეული და ვაშლის ძმარი.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს პროდუქტები თავად მეგობარი ბაქტერიების საკვების წყაროც არის. ამავე დროს, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ამ ბაქტერიების ცხოველქმედების პროდუქტები უკვე პოსტბიოტიკებია, რომლებიც მზა სახით ხვდება ჩვენს ორგანიზმში. ეს არის ძალიან კარგი მხარდაჭერა არა მხოლოდ ნაწლავისთვის, არამედ იმ კეთილგანწყობილი მდგომარეობისთვისაც, რომელიც ჩვენი ორგანიზმის წონასწორობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
აქვე უნდა გავიხსენოთ ის პროდუქტებიც, რომლებიც ნაწლავისთვის სასარგებლოა, მიუხედავად იმისა, გვიქმნის თუ არა დისკომფორტს. მაგალითად, სხვადასხვა აირგამომქმნელი პროდუქტი. დიახ, ეს არის პროდუქტების ჯგუფი, რომლებიც ბევრ ადამიანს დისკომფორტს უქმნის გაზების დაგროვების, ნაწლავის კედლის დაჭიმვის, ყურყურისა და მუცლის არეში უსიამოვნო შეგრძნებების გამო. ალბათ, ბევრ თქვენგანს გამოუცდია, მაგალითად, ლობიოს მირთმევის შემდეგ შებერილობა. ზოგს მსგავსი შეგრძნებები სოკოს მიღების შემდეგ აქვს, ზოგს — კომბოსტოს ოჯახის წარმომადგენლების მირთმევისას. ასევე უნდა გავითვალისწინოთ ადამიანები, რომლებსაც რძის პროდუქტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა აქვთ. აქ მხოლოდ ლაქტოზის აუტანლობა არ იგულისხმება.რატომ არის ამის გახსენება მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ ეს პროდუქტები შესაძლოა ბაქტერიების მოქმედების შედეგად ჩვენი დისკომფორტის მიზეზი გახდეს. ჩვენ ვერ ვახერხებთ მათში არსებული ზოგიერთი ნივთიერების მონელებას, ამიტომ მათ ბაქტერიები შლიან, ხოლო მონელების პროცესში წარმოიქმნება აირები, რომლებიც შემდეგ დისკომფორტს იწვევს.თუმცა აქ ერთი მნიშვნელოვანი თავისებურებაა — ყველა ჩამოთვლილი პროდუქტი ძალიან კარგი და სასურველი საკვებია ნაწლავის სასარგებლო ბაქტერიებისთვის. ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ ნაწლავის მდგომარეობისა და ადამიანის ზოგადი ჯანმრთელობის ურთიერთკავშირზე, უნდა გავითვალისწინოთ ეს ცოდნა. ერთი მხრივ, საჭიროა ნაწლავის ბინადართა გამოკვება და მათი კეთილგანწყობის შენარჩუნება, ხოლო მეორე მხრივ, ეს მნიშვნელოვანი წინაპირობაა ჩვენი ცხოვრების ხარისხისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
თუ ზოგადად ნაწლავის ჯანმრთელობას გავიხსენებთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ძილის რეჟიმის დაცვა და მოწესრიგებული ძილი. საინტერესოა ისიც, რომ თავად ნაწლავის მდგომარეობამაც შეიძლება განსაზღვროს ჩვენი ძილის ხარისხი.არ უნდა დაგვავიწყდეს ფიზიკური აქტივობის როლიც. ეს ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც პირდაპირ განსაზღვრავს ნაწლავის ჯანმრთელობას. ნაკლებად მოძრავი, პასიური ცხოვრების წესი, ადინამია ანუ ჰიპოდინამია, ნაწლავის ჯანმრთელობისთვის მაღალი რისკის ფაქტორია.ასევე მნიშვნელოვანია წონის სტაბილურობა და მისი მართვა. როგორც წონის ნაკლებობა, ისე ჭარბი წონა არასასურველია. წონის სტაბილურობა ნაწლავის ჯანმრთელობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია და, თავის მხრივ, გავლენას ახდენს ზოგად ჯანმრთელობაზეც.
დიახ, ასეთ დროს წყალი შეუცვლელია, ისევე როგორც ზოგადად ნაწლავის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა, ვარჯიში და წონის მართვა. ასევე აუცილებელია ორგანიზმის ადეკვატური მომარაგება წყლით, მათ შორის — ნაწლავისაც.
თუმცა, თუ წყლისა და ელექტროლიტების შევსებაზე ვსაუბრობთ, შესაძლოა საჭირო გახდეს მინერალური წყლის გამოყენებაც. განსაკუთრებით კრიტიკულ მდგომარეობაში, როდესაც დანაკარგი დიდია და მხოლოდ წყალი საკმარისი აღარ არის.
მაგალითად, ბავშვების შემთხვევაში ზოგჯერ შეიძლება გამოყენებულ იქნას ნებისმიერი წვენი, ან თუნდაც ტკბილი, გაზიანი, კოფეინის შემცველი სასმელი. ასეთ დროს პრიორიტეტი სითხის ბალანსის აღდგენაა. მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, ასეთი სასმელები არცთუ სასარგებლო კომპონენტებს შეიცავს, ამ კონკრეტულ სიტუაციაში არჩევანი კეთდება სითხის დეფიციტის სწრაფი შევსების სასარგებლოდ.
ასევე უნდა გავითვალისწინოთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კანონზომიერება. როდესაც ხელთ არ გვაქვს აფთიაქში შეძენილი ორალური რეჰიდრატაციის ხსნარი, შეიძლება გამოვიყენოთ მინერალური წყალი. თუ მას მცირე რაოდენობით სუფრის მარილს და ცოტაოდენ დამატკბობელს — სიროფს ან ჩვეულებრივ შაქარს — დავუმატებთ, მივიღებთ ნარევს, რომელიც დიარეის დროს, გადაუდებელ სიტუაციაში, მოკლე დროში მნიშვნელოვანი დახმარების გაწევას შეძლებს.
რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია რეკომენდებული, როდესაც შესაბამისი მზა საშუალება ხელმისაწვდომი არ არის. ამ ნარევის მთავარი კომპონენტებია ნატრიუმი, ქლორი და კარბონატები, ანუ კონკრეტული მარილების ერთობლიობა. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს ნაწლავში მოქმედი სატრანსპორტო სისტემებიც, რომლებსაც მცირე რაოდენობით გლუკოზა სჭირდებათ, რათა მარილები ეფექტურად შეიწოვოს ორგანიზმმა.ამ კანონზომიერების გათვალისწინება, ვფიქრობ, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში ძალიან გამოგვადგება.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ: დიარეის, ფაღარათისა და ჭარბი ოფლიანობის დროს ჩვენ ვკარგავთ არა მხოლოდ წყალს, არამედ მინერალებსა და ელექტროლიტებსაც. ამიტომ ბალანსის აღდგენისას ეს ფაქტორები აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.