ნუტრიციოლოგი, ენდოკრინოლოგი ნატა გაგუა მორიგ სასარგებლო და საჭირო რეცეპტს გვიზიარებს:
"დილით სარკეში საკუთარი სახე ვერ იცანით?
ეს აუცილებლად ჭარბ წონას არ ნიშნავს — შესაძლოა, მიზეზი სითხის დროებითი შეკავება, ანუ შეშუპება იყოს. თუ შეშუპება განმეორებითი ხასიათისაა, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სიმპტომის შემცირება, არამედ მისი გამომწვევი რეალური მიზეზის დადგენაც.
როდესაც ორგანიზმი სითხეს აკავებს, პირველი რეაქცია ხშირად მკაცრი დიეტები ან რადიკალური შეზღუდვებია. თუმცა, სანამ მედიკამენტოზურ ჩარევაზე გადახვალთ, ერთ-ერთი პირველი ნაბიჯია შეფასდეს ყოველდღიური ჰიდრატაცია, მარილის მიღება, ფიზიკური აქტივობა და ცხოვრების წესის სხვა ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს სითხის ბალანსზე.
დღეს მინდა გაგიზიაროთ თბილი, არომატული ჩაის რეცეპტი, რომელიც არის ეფექტური, დაბალკალორიული და სასარგებლო.
ინგრედიენტები (1 ლიტრი სასმელისთვის):
- ცხელი წყალი – 1 ლიტრი (ოპტიმალურია 40-60°C ტემპერატურა).
- ლიმონი – 1 თხელი ნაჭერი.
- კარდამონი (ილი) – 5-6 მარცვალი.
- ბადიანი (ვარსკვლავიანი ანისი) – 1 ცალი.
მომზადება და მიღების წესი:
მოათავსეთ ინგრედიენტები თერმოსში, დაასხით წყალი და დააყოვნეთ 5-7 წუთი. სანელებლების ამოღება აუცილებელი არ არის — ინფუზიის განმავლობაში ისინი აგრძელებენ წყალში არომატული და სასარგებლო, წყალში ხსნადი ნაერთების გამოყოფას. მიირთვით მცირე პორციებით დღის განმავლობაში, კვებებს შორის ან ჭამამდე.
ეს ჩაი შეიძლება პერიოდულად გამოიყენებოდეს ყოველდღიური ჰიდრატაციის ნაწილად. ზოგიერთი ადამიანი მას 1-2 კვირის განმავლობაში სვამს, თუმცა ასეთი ხანგრძლივობის უპირატესობა კლინიკური კვლევებით დადგენილი არ არის.
კარდამონი და ბადიანი მდიდარია ეთერზეთებითა და პოლიფენოლებით. კვლევები მიუთითებს მათ ანტიოქსიდანტურ და ანთების საწინააღმდეგო პოტენციალზე.
არსებობს კლინიკური კვლევები, რომლებშიც აღწერილია კარდამონის მსუბუქი გავლენა არტერიულ წნევაზე, თუმცა ეს ეფექტი ინდივიდუალურია და არ წარმოადგენს თერაპიულ გარანტიას.
ტრადიციულად, აღნიშნული სანელებლები გამოიყენება მუცლის შებერილობისა და სიმძიმის შეგრძნების შესამცირებლად.
როდის არ არის შეშუპება უბრალო დისკომფორტი?
მიმართეთ მკურნალ ექიმს დიაგნოსტიკისთვის, თუ შეშუპება:
- ატარებს სისტემატურ, ხშირ ხასიათს ან დროთა განმავლობაში პროგრესირებს;
- არის მკვეთრად ასიმეტრიული (მაგალითად, მხოლოდ ერთი ქვედა კიდურის შეშუპება);
- თან ახლავს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ქოშინი, ჰაერის უკმარისობა, გულმკერდის არეში სიმძიმის შეგრძნება ან ტკივილი;
- ვლინდება სხეულის მასის მოულოდნელი, არაბუნებრივად სწრაფი მატებით მოკლე დროში.
ასეთ შემთხვევებში მიზეზი, შესაძლოა, სცილდებოდეს ცხოვრების წესს და უკავშირდებოდეს გულ-სისხლძარღვთა, თირკმლის, ღვიძლის, ვენური ან ლიმფური სისტემის პათოლოგიებს, რომლებიც დროულ სამედიცინო შეფასებასა და სპეციფიკურ მკურნალობას საჭიროებს.
არ მიიღოთ, თუ გაქვთ:
- ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა: ალერგიული რეაქციები ან აუტანლობა აღნიშნული სანელებლებისა თუ ციტრუსების მიმართ.
- მწვავე გასტროენტეროლოგიური პათოლოგიები: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მწვავე ანთებითი პროცესები, ეროზიები ან წყლულოვანი დაავადებები გამწვავების ფაზაში.
- ნაღვლის ბუშტის დაავადებები: ტრადიციულად მიიჩნევა, რომ ზოგიერთ სანელებელს შეიძლება ჰქონდეს ნაღვლის გამოყოფის ხელშემწყობი ეფექტი, ამიტომ ნაღველკენჭოვანი დაავადების დროს თავი შეიკავეთ მისი მიღებისგან.
- ორსულობა და ლაქტაცია: აუცილებლად საჭიროებს მკურნალ ექიმთან შეთანხმებას.
- არტერიული ჰიპოტენზია: გამოხატული დაბალი წნევის მქონე პირებში.
- მედიკამენტოზური თავსებადობა: თუ პარალელურად იღებთ შარდმდენ (დიურეტიკულ) ან ანტიჰიპერტენზიულ (წნევის დამწევ) მედიკამენტებს.
- თირკმლის მძიმე ქრონიკული პათოლოგიები: სითხით დატვირთვა ამ დროს სამედიცინო კონტროლს საჭიროებს.
ჩემი მიზანია, დაგეხმაროთ საკუთარი სხეულის ენის სწორად გაგებაში, რადგან ჯანმრთელობა ყოველთვის გააზრებულ ნაბიჯებშია".