"მაუგლი ბავშვების" ისტორიები გულგრილს არავის ტოვებს. მშობლების სისასტიკის შესახებ კითხვისას ყოველ ჯერზე გაოცებას იწვევს ის ფაქტი, თუ როგორ შეიძლება საკუთარი შვილი ოთახში ნებაყოფლობით გამოკეტო, წლობით გარეთ არ გამოუშვა, ჯაჭვით დაბა, ან ნორმალური კვება და ურთიერთობა დააკლო.
ამერიკაში ორიოდე კვირის წინ გახსნილმა საზარელმა დანაშაულმა მსოფლიო მოიცვა. ეს ერთ-ერთი ყველაზე შოკისმომგვრელი შემთხვევაა, რომელიც აშშ-ში ბოლო წლებში გახმაურდა. სულ ახლახან, დანაშაულის ახალი დეტალები გამოიკვეთა.

როგორც ცნობილია, 2026 წლის 30 ივნისს პოლიციის თანამშრომლები საიდერსების ოჯახს სახლში ეწვივნენ, სრულიად შემთხვევით. ცოლ-ქმარ ელიზაბეთსა და გერისთან არანაირი პრეტენზია არ არსებობდა. წესრიგის დამცველები სხვა საქმეს იძიებდნენ და მოწმეებს ეძებდნენ. სწორედ ამ ვიზიტმა დაუდო სათავე შოკისმომგვრელ ისტორიას, რომელიც ოჰაიოს შტატში მოხდა. ეს საშინელება დაახლოებით 16 წელს გრძელდებოდა. უცნობია, როდის დასრულდებოდა ყველაფერი, ეს ვიზიტი რომ არა.
სახლში პოლიციელებს ნამდვილი შოკი დაემართათ - ერთ-ერთ ოთახში 16 გაველურებული ბავშვი იყო გამოკეტილი. საცხოვრებელ ფართს ინაწილებდნენ 16, 15, 14, 13, 11, 10, 8, 6 და 5 წლის და-ძმები, ასევე სამი ტყუპი: ოთხი წლის, ორი წლისა და ერთი წლის ბავშვები.

ბავშვების უმრავლესობამ ლაპარაკი არ იცოდა. სულ მცირე ოთხი წელი მათ 13 კვადრატული მეტრის ფართობის პატიმრობა არ დაუტოვებიათ. არ დადიოდნენ სკოლაში, არ ურთიერთობდნენ თანატოლებთან, არ ენახათ ნორმალური საკვები და ხშირად წყლის გარეშეც რჩებოდნენ. გამორიცხული არ არის, რომ ტყვეობა ბევრად დიდხანს გაგრძელდა. ოჯახის ნაცნობებმაც კი არ იცოდნენ, რომ მათ ამდენი შვილი ჰყავდათ. ეს გარემოება აჩენს ეჭვს, რომ ბავშვებს უფროსი, 16 წლის შვილის დაბადების მომენტიდან მალავდნენ.

ბუნებრივ საჭიროებებს პატარები იმავე ოთახში იკმაყოფილებდნენ. ბავშვები საშინელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. უფროს შვილს განვითარების შეფერხება აღენიშნებოდა, მას საკუთარი სახელის დაწერაც კი არ შეეძლო. შედარებით სოციალიზებული ბავშვები უმცროს და-ძმებს მეთვალყურეობდნენ.
იქვე, კედელს მიღმა, თითქოს არაფერი მომხდარიყოს, ცხოვრობდნენ მშობლები - 33 წლის ელიზაბეთი და 36 წლის გერი, ასევე პაპა და ბებია მამის მხრიდან - 73 წლის უფროსი გერი საიდერსი და 67 წლის კრისტინა საიდერსი.

როდესაც სასამართლოში ვინტონის ოლქის შერიფმა რაიან კეინმა აღნიშნა, რომ ეზოში შინაური პირუტყვი ამ ბავშვებზე უკეთეს პირობებში იმყოფებოდა, წარბიც კი არავის შეუხრია. დედასა და მამას ვერ გაეგოთ, რას ედავებოდნენ.
გერი და ელიზაბეთი 2008 წელს დაქორწინდნენ. მაშინ ბიჭი 18 წლის იყო, გოგონა კი - სულ რაღაც 15-ის. დაქორწინების მომენტისთვის გოგონა ორსულობის ბოლო თვეებში იმყოფებოდა.

მისი ოჯახი ქორწინების წინააღმდეგი არ ყოფილა. ასე დასახლდნენ ახალდაქორწინებულები საიდერსების სახლში. ორ თვეში წყვილს პირველი შვილი შეეძინა, მალე კი ელიზაბეთი კვლავ დაორსულდა.
ელიზაბეთის ღვიძლი ძმა, რონი ფლეტჩერი მოგვიანებით აღიარებს, რომ მისი და მაღალი ინტელექტით არასდროს გამოირჩეოდა. თუმცა, როგორ დაუშვეს ეს ყველაფერი გერის მშობლებმა, მისთვის გაუგებარი რჩებოდა.
ისინი საზოგადოებაში კარგი რეპუტაციით სარგებლობდნენ. შვილებს განათლება მიაღებინეს, ოჯახსაც არაფერი აკლდა. თუმცა ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც უფროს გერი საიდერსს ინსულტი მოუვიდა. ამ შემთხვევამ მისი კოგნიტური ფუნქციები და მობილობა სერიოზულად დააზიანა. კრისტინაც ჯანმრთელობის პრობლემებს უჩიოდა და სახლში ძალაუფლება ახალგაზრდა ოჯახის ხელში გადავიდა. ამან ოჯახური ყოფა საბოლოოდ დაანგრია. ახალგაზრდა საიდერსები მეურნეობის გაძღოლას ვერ ახერხებდნენ. ელიზაბეთი ბავშვს ბავშვზე აჩენდა და მათ აღზრდას უფროს შვილებს აკისრებდა.
იმ იშვიათ მომენტებში, როდესაც მათთან ნათესავები შეივლიდნენ, მათთან მისასალმებლად 3-4 ბავშვს გამოიყვანდნენ ხოლმე. საბოლოოდ, ოჯახის ახლობლებისთვისაც კი შოკი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ცოლ-ქმარმა 16-ჯერ მოასწრო მშობელი გამხდარიყო. ბავშვი შესაძლოა მეტიც ყოფილიყო, 2022 წლის ნოემბერში ელიზაბეთს სიამის ტყუპი გოგონა ეყოლა. ისინი ორსულობის 24-ე კვირაზე დაიბადნენ და ექიმების მცდელობის მიუხედავად, გადარჩენა ვერ შეძლეს.
"იმ სახლში სიტუაცია ასეთი რომ ყოფილიყო, ეს რომ გვცოდნოდა, რაიმე ზომებს აუცილებლად მივიღებდით - თუნდაც უბრალოდ წავიდოდით, ბავშვებს წამოვიყვანდით ან ფულს მივცემდით", - განაცხადა სასამართლოში რონი ფლეტჩერმა.
პოლიციელების უეცარი ვიზიტი რომ არა, ორი ბავშვი, სავარაუდოდ, გარდაიცვლებოდა. ისინი უკიდურესად გამოფიტულ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ბავშვები რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, ერთ-ერთის ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე შეერთებაც კი გახდა საჭირო.
ახლა ყველა ბავშვი სპეციალური სააგენტოს მზრუნველობის ქვეშ იმყოფება. მათ სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ. ყველა, ვინც ამ ოჯახს ოდესმე იცნობდა, მხოლოდ ერთ კითხვას სვამს: როგორ ახერხებდნენ ისინი ამდენი წლის განმავლობაში მომხდარის დამალვას?
საიდუმლო მარტივი აღმოჩნდა: საიდერსები საცხოვრებელ ადგილს მუდმივად იცვლიდნენ. ბავშვებს საბუთები არ გააჩნდათ და სკოლაში არ დადიოდნენ. როგორც კი მეზობლები დეტალების გარკვევას დაიწყებდნენ, ოჯახი ბარგს ისევ აბარგებდა. ერთადერთი მოწმე, რომელმაც ბავშვების შესახებ რაღაცის თქმა შეძლო, ადგილობრივი მაღაზიის გამყიდველი აღმოჩნდა.
არიელ გუტიერესმა აღნიშნა, რომ თითქმის ყოველ საღამოს გერი და ელიზაბეთი პროდუქტებისთვის მაღაზიაში შედიოდნენ. მათ ხშირად ახლდათ ერთი ბავშვი. შეშინებული პატარა უფროსებს ერიდებოდა, სახის დაფარვას გრძელი თმით ცდილობდა. სიბრალულის გამო მაღაზიის თანამშრომლები ოჯახს ტანსაცმელსა და ჰიგიენის საშუალებებს უფასოდ სთავაზობდნენ, თუმცა ისინი დახმარებას არასდროს იღებდნენ.
ელიზაბეთმა და გერიმ სასამართლოში ვერ ახსნეს, თუ რატომ წავიდნენ ასეთ სისასტიკეზე. მათ ნაცვლად ეს ქალის ძმამ გააკეთა. ჯერემი რასელმა სინანულით აღიარა, რომ მის დასა და სიძეს უბრალოდ არ შეეძლოთ გაეგოთ, რომ ბოროტებას ჩადიოდნენ."ჩემი და და მისი ქმარი საკუთარი IQ-ს ფარგლებში მართლაც ყველაფერს აკეთებდნენ. ყველაფერში დამნაშავე დაბალი IQ და ის სოციალური დახმარებებია, რომლებსაც მათ მშვიდი ცხოვრებისთვის უხდიდნენ", - აღნიშნა მან.
ამ ეტაპზე საიდერსების ოჯახის თითოეულ წევრს ბავშვების სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნის გამო 16 ბრალდება აქვს წარდგენილი. გამოძიება გრძელდება და გამორიცხული არ არის, ახალი ფაქტებიც გამოვლინდეს. და-ძმები ოჯახს ვერ დაუბრუნდებიან, სანამ მზრუნველობის ქვეშ რჩებიან, მომავალში კი, შესაძლოა, მინდობით აღზრდაში გადაიყვანონ.