როდის დაიდება ქულები, რა ეტაპებია გასავლელი ჩარიცხვამდე და რამდენი აბიტურიენტი აბარებს უნივერსიტეტში ყოველწლიურად - მშობლები

როდის დაიდება ქულები, რა ეტაპებია გასავლელი ჩარიცხვამდე და რამდენი აბიტურიენტი აბარებს უნივერსიტეტში ყოველწლიურად

2026-07-23 09:17:56+04:00

ერთიანი ეროვნული გამოცდების დასრულების შემდეგ აბიტურიენტებისთვის მოლოდინის ახალი ეტაპი იწყება. რამდენიმე კვირის განმავლობაში მათთვის მთავარი მიზანი გამოცდებზე მაქსიმალურად მაღალი შედეგის მიღება იყო, ახლა კი ყურადღება უკვე შემდეგ პროცესებზე გადადის - შედეგების გამოქვეყნებაზე, პროგრამების საბოლოო არჩევასა და უნივერსიტეტებში ჩარიცხვაზე.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, წელს 45 000-ზე მეტი რეგისტრირებული აბიტურიენტიდან გამოცდებზე 94%-მდე გამოცხადდა.

რა ეტაპები ელით აბიტურიენტებს გამოცდების დასრულების შემდეგ და რა უნდა გაითვალისწინონ მათ, რომ სასურველ პროგრამაზე სწავლის გაგრძელების შანსი გაზარდონ - ამის შესახებ ქვემოთ მოგიყვებით:

ნაშრომების გასწორება და შედეგების გამოქვეყნება

გამოცდების დასრულების შემდეგ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი იწყებს აბიტურიენტების ნაშრომების გასწორებისა და შედეგების დამუშავების პროცესს.

პირველ ეტაპზე აბიტურიენტები საკუთარ ქულებს გაიგებენ. შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მათ შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ შეფასებებს და, თუ მიიჩნევენ, რომ ნაშრომი სათანადოდ არ შეფასდა, ისარგებლონ გასაჩივრების პროცედურით.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შედეგებს, როგორც წესი, ეტაპობრივად აქვეყნებს. შესაბამისად, აბიტურიენტებმა ინფორმაცია მხოლოდ ოფიციალურ წყაროებში უნდა გადაამოწმონ და არ დაეყრდნონ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ არაოფიციალურ ცნობებს.

ამასთანავე, შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თამარ მემანიშვილმა, აღნიშნა, რომ პირველადი შეფასებების გამოქვეყნება აგვისტოს დასაწყისიდან, ეტაპობრივად გამოქვეყნდება.

"ივლისის ბოლოს გამოვაქვეყნებთ ზუსტ თარიღს, თუ როდის აისახება პირველადი შედეგები ჩვენს ვებგვერდსა და ფეისბუქგვერდზე. აგვისტოს დასაწყისიდან შედეგები ეტაპობრივად გამოქვეყნდება - ჯერ ქართული ენისა და ლიტერატურის, ხოლო შემდგომ სხვა საგნების. აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ, პირადი ნომრისა და SMS-ით მიღებული კოდის მეშვეობით, ვებგვერდზე (online.naec.ge) იხილონ არა მხოლოდ ქულები, არამედ საკუთარი ნაშრომებიც", - თქვა თამარ მემანიშვილმა "იმედის დღის" ეთერში.

ნაშრომის გასაჩივრებასთან დაკავშირებულ პროცედურებზე ცენტრი ინფორმაციას პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ დადებს.

მიღებული ქულის შემდეგ - რამდენად რეალურია სასურველ პროგრამაზე მოხვედრა?

ქულის მიღების შემდეგ აბიტურიენტებისთვის მთავარი კითხვაა - ეყოფა თუ არა მიღებული შედეგი სასურველ უნივერსიტეტსა და პროგრამაზე მოსახვედრად.

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ მაღალი ქულა არ განსაზღვრავს ჩარიცხვას. გადამწყვეტია კონკურენცია კონკრეტულ პროგრამაზე, სხვა აბიტურიენტების შედეგები და თავად პროგრამების სწორად დალაგება.

მაგალითად, ერთი და იგივე ქულა შესაძლოა, საკმარისი აღმოჩნდეს ერთ პროგრამაზე ჩასარიცხად, ხოლო მაღალი კონკურენციის მქონე მიმართულებაზე - არა.

ამიტომ პროგრამების არჩევისას აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ არა მხოლოდ საკუთარი სურვილი, არამედ რეალური შესაძლებლობებიც.

პროგრამების არჩევა - ეტაპი, რომელიც საბოლოო შედეგზე დიდ გავლენას ახდენს

გამოცდების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტული ჩამონათვალის ფორმირებაა.

აბიტურიენტები უთითებენ იმ პროგრამებს, რომლებზეც სწავლის გაგრძელება სურთ, ხოლო შემდგომი განაწილების პროცესი სწორედ ამ არჩევანზე, მათ შედეგებსა და კონკურენციაზეა დამოკიდებული. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა მხოლოდ ერთი სასურველი პროგრამის მითითება ან არჩევანის გაკეთება ისე, რომ აბიტურიენტი კონკურენციას რეალურად არ აფასებს.

აღსანიშნავია, რომ პროგრამათა ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა ახლაც შეგიძლიათ. ეს შესაძლებლობა აბიტურიენტებს სააპელაციო შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღის 18:00 საათამდე ექნებათ.

2026 წლის მიღება - ცვლილებები, რომლებიც აბიტურიენტებმა უნდა იცოდნენ

2026 წლის აბიტურიენტებისთვის უნივერსიტეტის არჩევის პროცესი გარკვეული ცვლილებების ფონზე მიმდინარეობს.

სახელმწიფო უნივერსიტეტებთან დაკავშირებით ახალი მიდგომები ამოქმედდება - სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულად დაფინანსდება, ასევე იცვლება საბაკალავრო საფეხურის ორგანიზების საკითხებიც. სწავლა საბაკალავრო საფეხურზე 3-წლიანი ხდება, თუმცა არსებობს პროგრამათა ჩამონათვალი, რომლებზეც სწავლება კვლავ 4-წლიანი იქნება.

მნიშვნელოვანი სიახლეა სახელმწიფო დაფინანსების სისტემაშიც. სოციალური პროგრამის ფარგლებში კერძო უნივერსიტეტებში ახალი ნაკადებისთვის გრანტების გაცემა აღარ გაგრძელდება, თუმცა ის სტუდენტები, რომლებიც აქამდე სარგებლობდნენ ამ დაფინანსებით, მას შეინარჩუნებენ.

ამ ცვლილებების გათვალისწინებით, აბიტურიენტებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არჩევანის გაკეთებამდე დეტალურად გაეცნონ როგორც უნივერსიტეტების, ისე დაფინანსების პირობებს.

საბოლოო ჩარიცხვა და სტუდენტის სტატუსის მიღება

მას შემდეგ, რაც დასრულდება შედეგების დამუშავება, პროგრამების არჩევისა და განაწილების პროცესი, გამოქვეყნდება საბოლოო ჩარიცხვის შედეგები.

აბიტურიენტები გაიგებენ, რომელ უნივერსიტეტში და რომელ პროგრამაზე მოიპოვეს სწავლის უფლება. ამის შემდეგ იწყება უნივერსიტეტში რეგისტრაციის პროცესი, რომელიც უკვე სტუდენტის სტატუსის ოფიციალურად მიღებას უკავშირდება.

მომავალი სტუდენტებისთვის ეს ეტაპი არანაკლებ მნიშვნელოვანია, რადგან მათ უნდა მოამზადონ საჭირო დოკუმენტები და გაიარონ უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული პროცედურები.

როგორ გამოიყენონ აბიტურიენტებმა მოლოდინის პერიოდი?

გამოცდების დასრულების შემდეგ ბევრი აბიტურიენტი მხოლოდ შედეგების მოლოდინშია, თუმცა ეს პერიოდი მათთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დროა.

სასურველია, მომავალმა სტუდენტებმა წინასწარ გაეცნონ უნივერსიტეტების პროგრამებს, სწავლის პირობებსა და ახალ რეგულაციებს. ასევე, მნიშვნელოვანია, არჩევანი არ გააკეთონ მხოლოდ სხვისი რჩევით და გაითვალისწინონ საკუთარი ინტერესები, შესაძლებლობები და სამომავლო გეგმები.

რამდენი ადგილია წელს გამოცხადებული სახელმწიფო უნივერსიტეტებში

საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული, საქართველოს მთავრობის №83 დადგენილების მოქმედი რედაქციის მიხედვით, 2026-2027 სასწავლო წლისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში ბაკალავრიატისა და ერთსაფეხურიანი პროგრამებისთვის 21 574 ადგილია განსაზღვრული. წინა წელთან შედარებით, ზოგიერთ პროგრამაზე მისაღები ადგილების რაოდენობა დაემატა. ზოგიერთ პროგრამაზე კი - შემცირდა.

რამდენი აბიტურიენტი ხდება ყოველწლიურად სტუდენტი - ბოლო 5 წლის სტატისტიკა

2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების მიხედვით, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა31 704-მა აბიტურიენტმა,რაც ჩარიცხვის უფლების მქონე გამოსაცდელების დაახლოებით88 %-ს შეადგენს.ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის - 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული.

2024 წელს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა32 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა,რაც ჩარიცხვის უფლების მქონე გამოსაცდელების დაახლოებით80%-ს შეადგენს.ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის - 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული

2023 წელსსწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 34 800-ზე მეტმა გამოსაცდელმა, რაც რეგისტრირებულ აბიტურიენტთა 77 %-ია. ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის45 000-ზე მეტი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული.

2022 წელს სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 32 100-ზე მეტმა გამოსაცდელმა, რაც რეგისტრირებულ აბიტურიენტთა 77%-ზე მეტს შეადგენს. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული.

2021 წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა29362- მა აბიტურიენტმა, რაც იმას ნიშნავს, რომ უმაღლეს სასწავლებლებში გამოცდებზე რეგისტრირებულიაბიტურიენტების 76%-ზე მეტი გახდა სტუდენტი. აღნიშნულ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის სურვილი 38 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გამოთქვა.

თამარ იაკობაშვილი