ერთიანი ეროვნული გამოცდების ძირითადი სესიები დასასრულს უახლოვდება. საგამოცდო პროცეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, თამარ მემანიშვილი, გადაცემაში "იმედის დღე" აჯამებს. ის ასევე საუბრობს იმაზეც, თუ როდიდან გამოქვეყნდება გამოცდების პირველადი შედეგები და რა ეტაპზეა ნაშრომების გასწორების პროცესი:
- საერთო მასშტაბით, ივლისის გამოცდებზე 83 000-ზე მეტი გამოსაცდელი დარეგისტრირდა. მათ შორის ყველაზე მასშტაბური ჯგუფი აბიტურიენტებია - 43 000-ზე მეტი დარეგისტრირებული. ასევე დარეგისტრირდნენ მაგისტრანტობის კანდიდატები და სტუდენტები, რომელთაც მოპოვებული გრანტის გაუმჯობესება სურდათ. დარეგისტრირებულ აბიტურიენტთა დიდი ნაწილი გამოცდებზე გამოცხადდა - გუშინდელი მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 94%-ს შეადგენს. მაღალი აქტივობა დაფიქსირდა მასწავლებელთა გამოცდებზეც (85%), ხოლო საგრანტო კონკურსზე სტუდენტთა 79%-ზე მეტი გამოცხადდა.
რეგისტრაციის მიუხედავად, გამოუცხადებლობას თავისი მიზეზები აქვს. მაგალითად, წელს დარეგისტრირდნენ მოქმედი სტუდენტებიც, რადგან სახელმწიფო უნივერსიტეტებში გარკვეული მიმართულებები უფასო გახდა. თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, ნაწილმა გამოცხადება ვერ მოახერხა.
- ეს საკითხი საზოგადოებაში ყოველთვის აქტიური განხილვის საგანია. მითქმა-მოთქმა ეროვნულ გამოცდებს მუდმივად თან ახლავს. როდესაც კონკრეტულ საგანს ბევრი გამოსაცდელი ირჩევს, რამდენიმე სესიის ჩატარება ხდება საჭირო. თითოეულ სესიაზე ტესტი იდენტური არ არის და არ მეორდება. მაგალითად, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის დილისა და შუადღის სესიებზე განსხვავებული ტესტები გამოიყენება. მიუხედავად იმისა, რომ ტესტის სტრუქტურა და დავალებათა ტიპები ყველა ვარიანტში იდენტურია, აბსოლუტურად თანაბარი სირთულის ტესტების შექმნა შეუძლებელია. ამოცანის ფორმულირების ოდნავი ცვლილებაც კი აღქმაზე მოქმედებს.
საზოგადოებაში ხშირად ჩნდება მცდარი წარმოდგენა, თითქოს, ცენტრმა წინასწარ იცის, რომელი ვარიანტია მარტივი ან რთული. ტესტის სირთულეს თავად აბიტურიენტთა შედეგები განსაზღვრავს. გარკვეული დავალება შესაძლოა აბიტურიენტთა ნაწილისთვის რთული აღმოჩნდეს, ხოლო სხვებმა ის მარტივად დაძლიონ. თანასწორობის პრინციპის დასაცავად, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ცენტრი ქულათა გათანაბრების მექანიზმს იყენებს. შედეგების ანალიზის საფუძველზე დგინდება, თუ რომელ დავალებაზე შეექმნათ აბიტურიენტებს სირთულე და საბოლოო შეფასება სწორედ სამართლიანობის პრინციპით ყალიბდება.
- წელს აბიტურიენტთა სიმრავლიდან გამომდინარე, შესამოწმებელი ნაშრომების რაოდენობაც დიდია. თუმცა, გასწორების პროცესი ოპერატიულად იწყება. მაგალითად, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის დასრულებისთანავე, ნაშრომები ცენტრში შეგროვდა და გამსწორებლებმა მუშაობა მეორე-მესამე დღესვე დაიწყეს. დღეს დასრულებული საგნების გასწორებაც პარალელურ რეჟიმში დაიწყება. ივლისის ბოლოს გამოვაქვეყნებთ ზუსტ თარიღს, თუ როდის აისახება პირველადი შედეგები ჩვენს ვებგვერდსა და ფეისბუქგვერდზე. აგვისტოს დასაწყისიდან შედეგები ეტაპობრივად გამოქვეყნდება - ჯერ ქართული ენისა და ლიტერატურის, ხოლო შემდგომ სხვა საგნების. აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ, პირადი ნომრისა და SMS-ით მიღებული კოდის მეშვეობით, ვებგვერდზე (online.naec.ge) იხილონ არა მხოლოდ ქულები, არამედ საკუთარი ნაშრომებიც.
- თითოეულ საგანში გამსწორებელთა საკმარისი რაოდენობაა მობილიზებული. ყველაზე მეტი სპეციალისტი ქართულ ენასა და ლიტერატურაში (რომელსაც ყველა აბარებს) და ინგლისურ ენაშია (რომელსაც აბიტურიენტთა 95% ირჩევს) ჩართული. გასწორების პროცესი საკმაოდ კომპლექსურია. ზოგს ჰგონია, რომ ნაშრომს მხოლოდ ერთი ადამიანი ამოწმებს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
პასუხების ფურცელი ელექტრონულად მუშავდება და დავალებების მიხედვით ცალკეულ ნაწილებად იჭრება. გამსწორებლებსა და ტექნიკურ პერსონალს წარმოდგენაც არა აქვთ, თუ ვის ნაშრომს ასწორებენ. კონკრეტულ დავალებას პირველი ჯგუფი ასწორებს, ხოლო მასზე დამოუკიდებლად - მეორე ჯგუფი. თუ პირველ და მეორე შეფასებას შორის ცდომილება დაფიქსირდა, ნაშრომი შესამოწმებლად მესამე ჯგუფს გადაეცემა.
მიუხედავად შეფასების მრავალსაფეხურიანი სისტემისა, აბიტურიენტს გასაჩივრების სრული უფლება აქვს. პირველადი შედეგების გამოქვეყნებისთანავე, ცენტრის ვებგვერდზე განთავსდება დეტალური ინფორმაცია სააპელაციო განაცხადის ფორმისა და ვადების შესახებ. აბიტურიენტს შეუძლია გაასაჩივროს როგორც მთლიანი ნაშრომი, ისე კონკრეტული დავალება.
25-წლიანი პრაქტიკის მიხედვით, გასაჩივრებული განაცხადების დაახლოებით 30% აბიტურიენტთა სასარგებლოდ დაკმაყოფილდა. თუმცა, ეს მაჩვენებელი გამოსაცდელთა საერთო რაოდენობის 1%-ს არ აღემატება.
- აბიტურიენტებს ახლაც შეუძლიათ ცვლილებების შეტანა - პროგრამების გადანაცვლება, წაშლა ან დამატება. ეს პროცესი აგვისტოს შუა რიცხვებამდე, კერძოდ, სააპელაციო შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღის 18:00 საათამდე გაგრძელდება. აბიტურიენტი საბოლოო ქულას იხილავს და გადაწყვეტილებას ამის მიხედვით მიიღებს.
- წელს აბიტურიენტებს საშუალება მიეცათ, მეოთხე და მეხუთე დონის პროფესიული პროგრამები აერჩიათ, რომელთა წინაპირობა სრული ზოგადი განათლებაა. მონაცემები დინამიკურია, რადგან აბიტურიენტები არჩევანს მუდმივად ცვლიან. გასული კვირის მონაცემებით, პროფესიული პროგრამა პირველ ადგილზე 3 000-მდე აბიტურიენტს ჰქონდა მონიშნული. თუმცა, საბოლოო სურათი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გამოიკვეთება.