რატომ შეიძლება გვქონდეს თავბრუხვევა, "გულის ფრიალი", უმიზეზოდ გაღიზიანება, დაღლილობა და რა კავშირშია დღის განმავლობაში წყლის სათანადოდ მიღება ამასთან - თემაზე გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" ექთანი თამარ დაუსი საუბრობს:
- გულს საკმარისი რაოდენობის სითხე სჭირდება, რათა მასში ჩაღვრილი ეს სითხე ორგანომ ეფექტიანად გადატყორცნოს. შედარებისთვის: ბუშტს კარგად რომ გაბერავთ და მერე ხელს გაუშვებთ, ის შორს გაფრინდება და შემდეგ დავარდება. დაახლოებით, ასეთი პროცესი სჭირდება გულსაც. როდესაც ისეთ გარემოში ვართ, სადაც ვორთქლდებით და წყალს არ ვიღებთ, გულში ნაკლები რაოდენობის სითხე ჩადის.
შესაბამისად, იგი საკმარისი რაოდენობით სითხეს ვერ გადატყორცნის, რაც იმას ნიშნავს, რომ უჯრედებამდე სისხლი და, შესაბამისად, ჟანგბადი ნაკლები რაოდენობით მივა. სწორედ ამის გამო გვაქვს ხოლმე თავბრუსხვევა, უმიზეზო გაღიზიანება, ცნობიერების ოდნავი ცვლილება, დაღლილობა თუ გულის ფრიალი.
ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომა ის არის, რომ ადამიანებს ერთ ჯერზე დალეული დიდი ყლუპი წყლით მთელი დღის განმავლობაში მიუღებელი სითხის ჩანაცვლება ჰგონიათ შესაძლებელი. მეგობართან გვქონდა ამაზე საუბარი - მან აღნიშნა, რომ ბოთლს გახსნის, დალევს, ყელს ოდნავ ჩაისველებს, იქვე ჩერდება და მხოლოდ საღამოს ახსენდება დიდი რაოდენობით წყლის მიღება. არადა, მთელი დღის განმავლობაში ორგანიზმი იმის გამო იტანჯებოდა, რომ მას წყალი არ ჰქონდა.