როდესაც 46 წლის ტორონტოელ ავტომექანიკოსს, პოლ ვოლშტი, 23-წლიანი ქორწინება, საკუთარი სახლი, ბიზნესი და 7 შვილი ჰყავდა, გარშემო მყოფებისთვის ის ჩვეულებრივი, ოჯახზე მზრუნველი მამაკაცი იყო. თუმცა, 2009 წელს მისმა განცხადებამ საკუთარი იდენტობის შესახებ არა მხოლოდ მისი ოჯახი დაანგრია, არამედ წლების შემდეგ მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო.
2009 წელს პოლმა ოჯახს განუცხადა, რომ ტრანსგენდერი ქალი იყო და სახელი შეიცვალა - სტეფონქნი ვოლშტი (Stefonknee Wolscht) დაირქვა. ამ აღიარებას ოჯახში მძიმე კრიზისი მოჰყვა. მეუღლემ მას მკაცრი ულტიმატუმი წაუყენა: ან შეეწყვიტა ქალის ტანსაცმლის ტარება და იდენტობის შეცვლა, ან სახლი დაეტოვებინა.
სტეფონქნიმ სახლი დატოვა, რასაც ხანგრძლივი დეპრესია და ჰოსპიტალიზაცია მოჰყვა.
ყველაზე მძიმე დარტყმა სტეფონქნისთვის 2012 წელს აღმოჩნდა. მისმა უფროსმა ქალიშვილმა ის ქორწილში დაპატიჟა, თუმცა მკაცრი პირობები წაუყენა: ცერემონიალს უნდა დასწრებოდა როგორც მამაკაცი, ჩაეცვა კოსტიუმი, დამჯდარიყო ეკლესიის ბოლო რიგში და არავის დალაპარაკებოდა.
ამ ფაქტმა ისე იმოქმედა მასზე, რომ იმავე დღეს სუიციდი სცადა. გადარჩენის შემდეგ უსახლკაროდ დარჩა, ცხოვრობდა თავშესაფრებში და ებრძოდა მძიმე ფსიქოლოგიურ ტრავმას...
რამდენიმეწლიანი ხეტიალის შემდეგ, სტეფონქნიმ იპოვა ხანდაზმული წყვილი, რომელმაც ის საკუთარ სახლში შეიფარა. თუმცა, მათი ურთიერთობა ჩვეულებრივ თანაცხოვრებას არ ჰგავდა. წყვილი დათანხმდა, სტეფონქნი თავის "ქალიშვილად" ეშვილებინა - 6 წლის გოგონად.
მან დაიწყო ბავშვის ტანსაცმლის ჩაცმა, სათამაშოებით თამაში, გასაფერადებელი ალბომების შევსება და "მშობლებისგან" მზრუნველობის მიღება. როგორც თავად განმარტავდა, მას აღარ სურდა ზრდასრული ადამიანის პასუხისმგებლობებისა და ტკივილის ზიდვა.
"არ ვფიქრობ, რომ უბრალოდ უარვყოფ ჩემს წარსულს. მე უბრალოდ არ მინდა ვიყო ზრდასრული. ახლა მინდა ვიყო 6 წლის გოგონა, ვისზეც ზრუნავენ" - აცხადებდა სტეფონქნი.
2015 წელს მედიაპლატფორმა The Daily Mail-მა და The Transgender Project-მა გამოაქვეყნეს დოკუმენტური სიუჟეტი მისი ცხოვრების შესახებ. ვიდეო მომენტალურად ვირუსული გახდა.
ამ ისტორიამ საზოგადოებაში დიდი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ფსიქოლოგთა ნაწილმა ეს შეაფასა როგორც ასაკობრივი რეგრესია - მექანიზმი, როდესაც ადამიანი მძიმე ტრავმისგან დასაცავად ქვეცნობიერად უბრუნდება ბავშვობის ასაკს, სადაც თავს უსაფრთხოდ გრძნობდა. ტრანსგენდერთა თემის ნაწილმა კი გააკრიტიკა ის იმის გამო, რომ მისი შემთხვევა ტრანსგენდერულ იდენტობასთან ასოცირდებოდა და შესაძლოა, საზოგადოებაში მცდარი წარმოდგენები შეექმნა.
დღეს სტეფონქნი 60 წელს გადაცილებულია, დაწერილი აქვს მემუარები და ცხოვრებას კვლავ საკუთარ ალტერნატიულ რეალობაში აგრძელებს. შვილებთან და ყოფილ მეუღლესთან კი ურთიერთობა სრულად გაწყვიტა.