60 წლის ასაკში, როდესაც ბევრი პროფესიულ გზას უკვე გავლილად მიიჩნევს, ინგა ბაგრატიონმა სრულიად ახალი ეტაპის დაწყება გადაწყვიტა. მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილების მქონე მასწავლებელმა წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში თურქოლოგიის მიმართულებით სწავლის გაგრძელებას გეგმავს.
პარალელურად, სოციალურ ქსელებშიც აქტიურია და საკუთარ გამოცდილებასა და ყოველდღიურობას ათასობით ადამიანს უზიარებს. ასევე, იგი განათლებისა და თვითგანვითარების მნიშვნელობაზე ხშირად საუბრობს.
რატომ გადაწყვიტა სტუდენტის ამპლუაში დაბრუნება სწორედ ახლა, როგორ ჩაიარა საგამოცდო პროცესმა, რას ფიქრობს თანამედროვე სისტემაზე და რატომ მიაჩნია, რომ სწავლის დაწყებას ასაკი ვერ შეზღუდავს - ამის შესახებ ინგა ბაგრატიონი Mshoblebi.ge-თან ინტერვიუში საუბრობს:
- ჩაქვის ქართული საჯარო სკოლის დასრულების შემდეგ, სწავლა მინსკის პედაგოგიურ ინსტიტუტში, რუსული ფილოლოგიის მიმართულებით გავაგრძელე. პროფესიით რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ვარ.
20 წლის განმავლობაში ჩაქვის რუსულ სკოლაში პედაგოგად და ასევე, დირექტორის მოადგილედ ვმუშაობდი, აღმზრდელობით დარგში. 2000-იანი წლების დასაწყისში, როდესაც რუსულ სექტორზე მოსწავლეთა ნაკადი შემცირდა, ჩაქვის პირველი (ქართული) და მეორე (რუსული) სკოლები გაერთიანდა. გარკვეული პერიოდი ამ გაერთიანებული სკოლის დირექტორის პოზიციასაც ვიკავებდი.
ამასობაში ჩემი შვილები გაიზარდნენ. როდესაც ისინი სტუდენტები გახდნენ და ფინანსური საჭიროებები გაიზარდა, 2010 წელს, სერტიფიცირების პროცესის დაწყებისთანავე, პროფესიული უნარების გამოცდა ჩავაბარე. მომდევნო წელს ინგლისური ენისა და კომპიუტერული უნარების გამოცდაც წარმატებით დავძლიე და პედაგოგთა საუკეთესო 20%-ში მოვხვდი, რაც ხელფასზე დანამატსაც გულისხმობდა.
გარდა ამისა, შეიქმნა სახელმწიფო პროგრამა, რომელიც არაქართულენოვან რეგიონებში ქართული ენის სწავლებას ითვალისწინებდა. 2011 წელს ამ ინიციატივას შევუერთდი და ჯავახეთში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალასტანის არაქართულენოვან სკოლაში გავემგზავრე.
სანამ წავიდოდი, ამ სოფლის შესახებ არაფერი ვიცოდი. ინფორმაცია რომ მოვიძიე, აღმოვაჩინე, რომ ალასტანი ბაგრატიონთა საუფლისწულო მამული ყოფილა. ჩემთვის ეს დამთხვევა ძალიან ემოციური აღმოჩნდა. საბოლოოდ, ჯავახეთში 10 წელი ვიმუშავე.
ამ წლების განმავლობაში, პარალელურად მიმდინარეობდა პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“, რომელშიც ბაკალავრები მონაწილეობდნენ. მე რამდენიმე ახალგაზრდა სპეციალისტის მენტორი გახლდით. დღეს, როდესაც მათ წარმატებებს თვალყურს ვადევნებ, ვამაყობ, რომ მათ პროფესიულ ფორმირებაში მცირედი წვლილი მეც მიმიძღვის.
თვითონ ალასტანი ზღვის დონიდან 1676 მეტრზე მდებარეობს და იქ ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა, ფაქტობრივად, არ ცხოვრობს (ახალქალაქის მოსახლეობის უმრავლესობას ეთნიკური სომხები შეადგენენ). შესაბამისად, ადგილობრივ თემში ქართული ენის ცოდნის მოთხოვნილება დაბალი იყო, რადგან ახალგაზრდები სწავლის გაგრძელებას ძირითადად სომხეთსა თუ რუსეთში გეგმავდნენ.
დღეს ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემმა ბევრმა მოსწავლემ სწავლა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელა, ქვეყანაში წარმატებულ ექიმებად, იურისტებად თუ სხვა სფეროს სპეციალისტებად მუშაობენ და ქართულ ენას ბრწყინვალედ ფლობენ.
10 წლის შემდეგ, როდესაც ჩემი შვილები ფეხზე დადგნენ და ოჯახები შექმნეს, ფინანსური საჭიროება შემცირდა. ჩავთვალე, რომ ჩემი ვალი ოჯახის, პროფესიისა და იმ ბავშვების წინაშე პირნათლად შევასრულე და სახლში დავბრუნდი.
ახლა ბათუმში, კერძო სკოლაში, რუსულენოვან სექტორში ქართულ ენას ვასწავლი. გარდა ამისა, წლების განმავლობაში ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ტრენერი ვიყავი და ქართულ ენას თემის წარმომადგენლებს, პედაგოგებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებს ვასწავლიდი. მიმაჩნია, რომ ჩემი პროფესიული ვალი ქართული ენის წინაშე ღირსეულად მოვიხადე.
- აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდებისთვის წლებია, ვამზადებ. გამოცდების ჩაბარების პროცესი ყოველთვის ძალიან მიყვარდა. თურქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლა გადავწყვიტე. ეს დიდი ხანია, მინდა, თუმცა ადგილის დაკავება რომელიმე ახალგაზრდისთვის არ მინდოდა და ამის გამო პროცესს ვაყოვნებდი.
წელს, 60 წლის იუბილეს შესრულებასთან დაკავშირებით, მივხვდი, რომ ეს სწორედ ის ასაკია, როდესაც ცხოვრებაში სიახლეები უნდა შემოვიტანო.
თურქოლოგიით ჯავახეთში მუშაობისას დავინტერესდი, როდესაც ორჰან ფამუქისა და ელიფ შაფაქის შემოქმედებას გავეცანი. აღმოსავლური ლიტერატურა სრულიად განსხვავებული ლექსიკით, სიმბოლოებითა და სინტაქსით გამოირჩევა, რაც დასავლური კლასიკისგან მკვეთრად მიჯნავს მას.
გარდა ამისა, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სტამბოლს რამდენჯერმე ვეწვიე. ამ ქალაქის სიდიადემ, თურქეთის ისტორიამ და კულტურამ განსაკუთრებით მომხიბლა.
არანაკლებ მნიშვნელოვანია კიდევ ერთი გარემოება: ჩვენ თურქეთთან მიმართებით გარკვეული ისტორიული მეხსიერება გვაქვს. მაინტერესებს, როგორია მეორე მხარის პერსპექტივა - როგორ ჩანს საქართველო თურქულ ისტორიოგრაფიაში, რა ინტერესები არსებობდა მაშინ, როდესაც ისინი თავს გვესხმოდნენ და რა ადგილი უკავია ჩვენს ქვეყანას მათ ისტორიაში.
თურქოლოგიის შესწავლას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვაპირებ, ის ჩვენს სკოლასთან ფიზიკურად ახლოს მდებარეობს, ამიტომ იმედი მაქვს, სკოლის ადმინისტრაციაც შემიწყობს ხელს, რომ შევძლო ღირსეული სტუდენტობა
თანამედროვე საუნივერსიტეტო ადმინისტრირების სისტემას კარგად არ ვიცნობ, თუმცა ჩემი ყოფილი მოსწავლეები, რომლებიც ახლა სტუდენტები არიან, საკითხის გარკვევაში დამეხმარებიან. ლექციებს მაქსიმალურად რომ დავესწრო, შესაძლოა, სკოლაში საათობრივი დატვირთვის შემცირებაც დამჭირდეს.
- ორი შვილი და ექვსი შვილიშვილი მყავს. ჩემი ქალიშვილისთვის ეს გადაწყვეტილება საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა, ხოლო ვაჟმა ხუმრობით მითხრა: „დედა, ექვსი შვილიშვილი გყავს, სტუდენტობის დროა?“.
შვილიშვილებთან მიმართებით პატარა, ჯანსაღი ეგოისტური სურვილიც მაქვს: მინდა, მომავალში ამაყად თქვან, რომ მათმა ბებიამ 60 წლის ასაკში უმაღლეს სასწავლებელში მეორედ ჩააბარა.
- პირველ დღეს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე, გარკვეულ უხერხულობას ვგრძნობდი, რადგან აბიტურიენტთა მშობლებიც კი ჩემზე გაცილებით უმცროსები იყვნენ. შემდგომ გამოცდებზე ეს განცდა გაქრა, რადგან პარალელურად პედაგოგთა სერტიფიცირებაც მიმდინარეობდა და გარშემომყოფები ვერ არჩევდნენ, მასწავლებლის გამოცდაზე შევდიოდი თუ აბიტურიენტის. საგამოცდო სექტორში შესვლისას, რეგისტრაციაზე ჩემი ყოფილი მოსწავლეც კი დამხვდა.
თავად საგამოცდო პროცესს მშვიდად შევხვდი. ერთადერთი, რისი ემოციური რესურსიც არ მეყო, ნაწერის გადამოწმება იყო. შედეგად, პუნქტუაციური შეცდომები გამეპარა, რასაც, როგორც პედაგოგი, ყოველთვის დიდ ყურადღებას ვუთმობ. მიუხედავად ამისა, საკმაოდ კარგი ქულები მივიღე.
საგამოცდო პროგრამის გაცნობისას ვნახე, რომ თურქოლოგიის მიმართულება არაბული ენისა და შორეული აღმოსავლეთის (ჩინური, იაპონური) კულტურის შესწავლასაც მოიცავს. ეს კიდევ ერთი დამატებითი მოტივაციაა, რომ სწავლა სწორედ ამ მიმართულებით გავაგრძელო.
მთლიანობაში, პროცესით კმაყოფილი ვარ. საგამოცდო ოთახში დამკვირვებლები გაოცებასა და პატივისცემას გამოხატავდნენ, ხოლო სოციალურ ქსელში აბიტურიენტები მწერდნენ, რომ საგამოცდო აუდიტორიაში შემამჩნიეს. ეს ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო.
- ეს ორი სისტემა ერთმანეთს საერთოდ არ ჰგავს. მიმაჩნია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების შემოღება განათლების რეფორმის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევაა.
ჩემი ახალგაზრდობის პერიოდში უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად მხოლოდ ცოდნა საკმარისი არ იყო. გარდა ამისა, შეფასების კრიტერიუმებიც მკაცრი და ხშირად სუბიექტური გახლდათ - მაგალითად, რუსულ ფილოლოგიაზე თავისუფალ თემაში 6 შეცდომის დაშვების შემთხვევაში, აბიტურიენტი უარყოფით შეფასებას იღებდა. დღევანდელი სისტემა კი გაცილებით ობიექტური და სამართლიანია.
ახლა პროცესი გაცილებით მშვიდი და მობილიზებულია. მაშინ გაურკვეველი იყო, თუ რა დონის ცოდნას ითხოვდნენ, თემები ზეპირად უნდა გვცოდნოდა თუ კონკრეტულად რა დავალება უნდა შეგვესრულებინა.
მახსოვს, როდესაც ისტორიის გამოცდას პირველად ვაბარებდი, გამომცდელმა ჩემი პასუხები გადაშალა, გვარი დაინახა და მკითხა, ბაგრატიონთა რომელი შტოდან ვიყავი - დიდი თუ მცირე ბაგრატიონებიდან. მე ვუპასუხე, რომ ამას არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა, მით უმეტეს, საბჭოთა პერიოდში, როდესაც ამგვარ აფიშირებას ერიდებოდნენ (მაგალითად, პეტრე ბაგრატიონმა გვარი შეიცვალა და გრუზინსკი გახდა). შედეგად, საკმაოდ უხერხული სიტუაცია შეიქმნა.
მაშინ, როდესაც პირველად ვაბარებდი გამოცდებს, ე.წ. „ლიმიტების პროგრამა“ მოქმედებდა. სკოლის წარჩინებით დასრულების შემდეგ, მინსკის პედაგოგიურ ინსტიტუტში, რუსული ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩასაბარებლად მიმართვა მივიღე.
ასევე, ძალიან მძიმე იყო მეორე დღეს საგამოცდო პასუხების გამოკვრის პროცესიც. გაურკვეველი რჩებოდა, თუ როგორ ახერხებდნენ წერითი ნამუშევრების ასე სწრაფად გასწორებასა და გამოქვეყნებას. ამიტომ, საგამოცდო პროცესი ძალიან სტრესული იყო. დღეს კი ყველაფერი გაცილებით მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. აბიტურიენტებზე დაკვირვებისას ჩანდა, რომ ისინი დავალებებს მშვიდად და მობილიზებულად ასრულებდნენ.
- მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელებაზე ჯერჯერობით არ ვფიქრობ. ვინაიდან პედაგოგი და რეპეტიტორი ვარ, ამ ეტაპზე ეს აუცილებლობას არ წარმოადგენს. ამჟამად მირჩევნია, ბაკალავრიატის პროგრამა სიღრმისეულად შევისწავლო. მომავალში, თუ სურვილი გამიჩნდება და დავინახავ, რომ მაგისტრატურა ცოდნის უფრო სიღრმისეულად ათვისების შესაძლებლობას მომცემს, გადაწყვეტილებას მაშინ მივიღებ.
- TikTok-ის პირად გვერდზე, სადაც ძირითადად მცენარეების მოვლასთან დაკავშირებულ ვიდეოებს ვაქვეყნებდი, დავწერე, რომ 60 წლის ასაკში აბიტურიენტი გავხდი. ამის შემდეგ არაერთმა ადამიანმა მომწერა, რომ სწავლის გაგრძელება სურდათ, თუმცა ამ ნაბიჯის გადადგმას ვერ ბედავდნენ.
ყველას ერთსა და იმავე პასუხს ვუბრუნებ: თუ შინაგანი სურვილი და მოთხოვნილება არსებობს, ასაკის მიუხედავად, საკუთარ თავს შანსი აუცილებლად უნდა მისცენ. საჭიროა დროის, ემოციური და ფსიქოლოგიური რესურსის გამოძებნა დასახული მიზნის განსახორციელებლად. სწავლა ადამიანს შინაგანად ამდიდრებს, უფრო საინტერესოს ხდის და ახალ თანამოაზრეებს აცნობს.
თავად რეგისტრაციის ბოლო დღეებში დავრეგისტრირდი და ისტორიის მასალა სკოლის დასრულების შემდეგ არ გადამიმეორებია. გამოცდამდე ოთხი დღით ადრე კოლეგამ დისტანციურად პატარა ტრენინგი ჩამიტარა.
შედეგებით კმაყოფილი ვარ, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ შარშან ჩემს სადამრიგებლო მე-12 კლასელებს გაცილებით მაღალი ქულები ჰქონდათ. ქართულ ენასა და ლიტერატურაში 60-დან 52 ქულა მივიღე, ისტორიაში - 35 ქულა, რუსულ ენაში - 70 ქულა, ხოლო ლიტერატურაში - 70-დან 60 ქულა.
ლიტერატურის შედეგი განსაკუთრებით გამიხარდა, რადგან უფრო დაბალ ქულას ველოდი. უკვე 15 წელზე მეტია, არაქართულენოვან მოსწავლეებს სალაპარაკო ქართულსა და გრამატიკას ვასწავლი, შესაბამისად, ქართულ ლიტერატურასთან სიღრმისეული შეხება დიდი ხანია, არ მქონია. ამ გარემოებებისა და ჩემი პროფესიის (რუსული ფილოლოგია) გათვალისწინებით, ეს საკმაოდ კარგი შედეგია.
აქვე, მინდა, მივმართო იმ აბიტურიენტებს, რომლებიც წელს უნივერსიტეტის მიღმა დარეჩებიან: ეს არ არის ცხოვრების დასასრული და თვითშეფასება არ უნდა დაიდაბლონ. პირიქით, ეს მათ ცხოვრებაში ახალი ეტაპია. ისინი, ვინც სტუდენტები ვერ ხდებიან, დამოუკიდებელ ცხოვრებას უფრო ადრე ეჩვევიან და საკუთარი გზების ძიებას იწყებენ. მთავარია, სწავლას თავი არ დაანებონ და მომავალ წელს სასურველ უნივერსიტეტებში უფრო მომზადებულები და მოტივირებულები ჩაირიცხონ.
თამარ იაკობაშვილი