საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, აგრარული მიმართულების საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადადის.
მინისტრმა აღნიშნული განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა და განმარტა, რომ ცვლილება მხოლოდ ახალ აბიტურიენტებს შეეხება. მისი თქმით, 2026 წლის მიღებიდან აგრარული მიმართულებით პირველკურსელებს უკვე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მიიღებს.
"აგრარული მიმართულება, საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები მთლიანად გადადის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. შესაბამისად, პირველკურსელებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაცვლად უკვე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მიიღებს", - განაცხადა გივი მიქანაძემ.
მინისტრის განმარტებით, ცვლილება არ შეეხება იმ სტუდენტებს, რომლებიც ამჟამად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აგრარული მიმართულების პროგრამებზე სწავლობენ. ისინი განათლებას იმავე უნივერსიტეტში დაასრულებენ.
"რაც შეეხება სტუდენტებს, რომლებიც დღეს სწავლობენ ამ მიმართულებებზე, რა თქმა უნდა, ისინი დაამთავრებენ სწავლას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში", – აღნიშნა მინისტრმა.
მისივე ინფორმაციით, პროგრამების გადატანისთვის საჭირო იყო, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში შესაბამისი აკრედიტაცია გაევლოთ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს პროცესი უკვე დასრულებულია, რის შემდეგაც ცვლილებების განხორციელება შესაძლებელი გახდა.
ამ დრომდე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აგრარული მიმართულებით მოქმედებდა შემდეგი აკრედიტებული საბაკალავრო პროგრამები:
ყველა ჩამოთვლილი პროგრამა პრიორიტეტული მიმართულების სტატუსს ატარებს.
აღსანიშნავია, რომ ცვლილება სამაგისტრო პროგრამებსაც ეხება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში mshoblebi.ge-ს განუცხადეს, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების ცნობარი უახლოეს პერიოდში განახლდება და აღნიშნული ცვლილებები ოფიციალურად მასშიც აისახება. შესაბამისად, 2026 წლის აბიტურიენტები აგრარული მიმართულების პროგრამებს უკვე განახლებულ ცნობარში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით იხილავენ. ჯერჯერობით, არსებულ ცნობარში, ზემოთ ჩამოთვლილი პროგრამები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტშია მითითებული.
თამარ იაკობაშვილი