ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნების პერიოდში აბიტურიენტების ნაწილს პირადი მონაცემების დაცვის საკითხი განსაკუთრებით აწუხებს. სოციალურ ქსელებში ხშირად ჩნდება კითხვები იმის შესახებ, აქვს თუ არა დამრიგებელს, სკოლას ან საგანმანათლებლო რესურსცენტრს უფლება, აბიტურიენტს მოსთხოვოს ის მონაცემები, რომლითაც მისი საგამოცდო შედეგის ნახვაა შესაძლებელი.
აბიტურიენტები წერენ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მათ სთხოვენ პირად მონაცემებს, რათა სკოლამ ან სხვა პირმა მიღებული ქულა ნახოს. თუმცა, მნიშვნელოვანია, თავად აბიტურიენტმა იცოდეს, რას ნიშნავს ასეთი მოთხოვნა და რა ხდება მაშინ, როდესაც ის საკუთარ მონაცემებს სხვას გადასცემს.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განგვიცხადეს, ცენტრი მესამე პირს აბიტურიენტის საგამოცდო შედეგებთან დაკავშირებულ ინფორმაციას არ აწვდის.
ეს ნიშნავს, რომ აბიტურიენტის შედეგის მისაღებად სხვა პირს ცენტრში დარეკვა ან მიმართვა და მხოლოდ სახელისა და გვარის დასახელება საკმარისი არ არის. საგამოცდო შედეგთან დაკავშირებული ინფორმაცია დაცულია და მისი მიღება თავად აბიტურიენტს შეუძლია შესაბამისი ავტორიზაციის საშუალებით.
აბიტურიენტის შედეგი არც სკოლაში იგზავნება. შეფასების ნახვა მხოლოდ აბიტურიენტსა და იმ ადამიანებს შეუძლიათ, ვისაც თავად, საკუთარი სურვილით, გადასცემს ინფორმაციას.
პირადი მონაცემების გაზიარებას მას ვერავინ დააძალებს. აბიტურიენტს შეუძლია, როგორც დამრიგებელს, ასევე სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელს უარი უთხრას პირადი მონაცემების გაზიარებაზე.
აბიტურიენტები ასევე წერენ, რომ ოქროს მედალოსნებს დამრიგებლები ავალდებულებენ ქულების ასესახებ ინფორმაციის მიწოდებას. რა თქმა უნდა, არც ამ შემთხვევაში აქვს აბიტურიენტს მსგავსი ვალდებულება და არ შეესაბამება სიმართლეს ის, თითქოს სკოლას "ისედაც მიეწოდება" მოსწავლეების საგამოცდო ქულების შესახებ მონაცემები.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა, რომ აბიტურიენტმა საკუთარი ანგარიშის პაროლი სხვა ადამიანს არ გაუზიაროს.
აბიტურიენტთა ცნობარშიც პირდაპირაა მითითებული, რომ აბიტურიენტმა პაროლი და პირადი მონაცემები სხვას არ უნდა გადასცეს და მონაცემები დაიცვას.
თუ აბიტურიენტს მიაჩნია, რომ მისი პაროლი სხვამ იცის ან უკვე გაუზიარა ის სხვა პირს, შესაძლებელია პაროლის შეცვლა. ამ გზით მას შეუძლია, საკუთარი ანგარიში მხოლოდ თავად გააკონტროლოს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, აბიტურიენტმა ერთმანეთისგან გაარჩიოს ორი საკითხი: საგამოცდო შედეგის ნახვის სურვილი და პირადი მონაცემების გაზიარების აუცილებლობა. ის ფაქტი, რომ დამრიგებელს, სკოლის წარმომადგენელს ან სხვა პირს შეიძლება აინტერესებდეს კონკრეტული აბიტურიენტის შედეგი, ავტომატურად არ ნიშნავს, რომ აბიტურიენტი ვალდებულია, საკუთარი ანგარიშის მონაცემები გადასცეს.
სკოლას ან დამრიგებელს შეიძლება ჰქონდეს ლეგიტიმური ინტერესი, იცოდეს მოსწავლეების შედეგები, მაგალითად, საერთო სტატისტიკის ან სასწავლო პროცესის შეფასების მიზნით. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კონკრეტული აბიტურიენტის ანგარიშზე შესასვლელი მონაცემების გადაცემაა საჭირო.
თუ სკოლას ან სხვა დაწესებულებას აბიტურიენტის შედეგის შესახებ ინფორმაციის მიღება სურს, მნიშვნელოვანია არსებობდეს ამის შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი და მონაცემების დამუშავება განხორციელდეს პირადი მონაცემების დაცვის წესების გათვალისწინებით.
ამიტომ, აბიტურიენტმა არ უნდა ჩათვალოს, რომ მხოლოდ იმიტომ, რომ მონაცემებს დამრიგებელი ან სხვა ავტორიტეტული პირი სთხოვს, მათი გადაცემა ავტომატურად უსაფრთხო ან სავალდებულოა.
თუ დამრიგებელი, სკოლა აბიტურიენტს აიძულებს, რომ პირადი მონაცემები გაუზიაროს, აბიტურიენტს უფლება აქვს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიმართოს.
პირველ რიგში, არ გაუზიაროს სხვას ის მონაცემები, რომლებიც მის პირად ანგარიშზე წვდომის საშუალებას იძლევა.
თუ უკვე გადასცა ვინმეს პაროლი ან სხვა ავტორიზაციის მონაცემი, შეუძლია მისი შეცვლა. თუ პაროლის შეცვლას გადაწყვეტს, რეკომენდებულია, წინასწარ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიმართოს ცხელ ხაზზე და რჩევა მიიღოს.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განმარტებით, მესამე პირებს აბიტურიენტის საგამოცდო შედეგებთან დაკავშირებული ინფორმაცია ცენტრიდან არ მიეწოდებათ. შესაბამისად, საკუთარი მონაცემების უსაფრთხოებაზე ზრუნვა თავად აბიტურიენტის პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი ნაწილია.
თამარ იაკობაშვილი