18 წლის ასაკში ახალგაზრდების უმეტესობა უნივერსიტეტში სწავლას იწყებს, თუმცა ფლორიდელმა ნეითან თომასმა ამ ასაკში სტუდენტის ნაცვლად პროფესორის ადგილი დაიკავა. მისი მიღწევა Guinness World Records-მა ოფიციალურად აღიარა — თომასი 18 წლისა და 346 დღის ასაკში გახდა ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მამაკაცი პროფესორი. ამით მან რეკორდი მოხსნა, რომელიც სამ საუკუნეზე მეტხანს, 1717 წლიდან არსებობდა.
საინტერესოა, რომ რეკორდი სინამდვილეში 2023 წლის 21 აგვისტოს დამყარდა, როდესაც თომასმა Miami Dade College-ში მუშაობა დაიწყო. თუმცა Guinness World Records-მა მისი ისტორია და რეკორდის დეტალები 2026 წლის ივლისში გაასაჯაროვა, რის შემდეგაც ამბავი მსოფლიოს მედიაში გავრცელდა. დღეს ნეითან თომასი უკვე 21 წლისაა.
ნეითან თომასის უჩვეულო აკადემიური გზა გაცილებით ადრე დაიწყო. მისი განსაკუთრებული შესაძლებლობები ჯერ კიდევ ბავშვობაში შეამჩნიეს — საბავშვო ბაღისთვის მზაობის შეფასების ტესტში მან მაქსიმალური შედეგი აჩვენა. ხუთი წლის ასაკიდან კი სახლში სწავლობდა.
ოჯახი განათლებას მხოლოდ სახელმძღვანელოებით არ აძლევდა. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ოჯახმა 20-ზე მეტ ქვეყანაში იმოგზაურა და მშობლები მოგზაურობასაც სასწავლო პროცესად აქცევდნენ — ბავშვები ისტორიას, მეცნიერებასა და კულტურას მუზეუმებში, ისტორიულ ადგილებსა და რეალურ გარემოში ეცნობოდნენ. თავად ნეითანი ამბობს, რომ განსაკუთრებით მათემატიკა იზიდავდა და სწორედ ეს საგანი გახდა მისი STEM მეცნიერებებით დაინტერესების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.
უკვე 10 წლის ასაკში ის ბაკალავრიატში სწავლობდა. 14 წლისამ მათემატიკაში ბაკავრის ხარისხი მიიღო და იმ დროისთვის კოლეჯის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა კურსდამთავრებული გახდა. საინტერესოა, რომ წლების შემდეგ ეს ოჯახური რეკორდიც მოიხსნა — 2025 წელს ნეითანის უმცროსმა ძმამ, ნოამ, კოლეჯი მასზე სამი თვით უფრო ახალგაზრდა ასაკში დაამთავრა.
14 წლის შემდეგ ნეითანმა სწავლა Florida International University-ში განაგრძო და ელექტროინჟინერია აირჩია.
ტემპი აქაც შთამბეჭდავი იყო: 16 წლის ასაკში ელექტროინჟინერიის ბაკალავრის ხარისხი მიიღო, 18 წლისთვის კი იმავე სფეროში მაგისტრის ხარისხიც ჰქონდა. ორივე საფეხური წარჩინებით დაასრულა.
ამის შემდეგ მან გადაწყვიტა სამუშაოდ იმავე კოლეჯში დაბრუნებულიყო, სადაც 10 წლის ასაკში დაიწყო სწავლა. თომასი ამბობს, რომ Miami Dade College-ში მომავალში მასწავლებლად დაბრუნებაზე ადრეც უფიქრია, თუმცა წარმოედგინა, რომ ეს გაცილებით გვიან მოხდებოდა.

2023 წლის აგვისტოში ნეითან თომასი Miami Dade College-ში ინჟინერიის პედაგოგად მუშაობას შეუდგა. ერთ-ერთი პირველი კურსი, რომელსაც ასწავლიდა, იყო C პროგრამირების კურსი ინჟინრებისთვის. აუდიტორიაში მყოფი სტუდენტების ნაწილი პრაქტიკულად მისი თანატოლი იყო.
ასაკობრივი განსხვავების არარსებობა თავიდან ბუნებრივად იწვევდა გაოცებას. ახალგაზრდა სტუდენტებისთვის უჩვეულო იყო, რომ მათ წინ თითქმის მათი ასაკის პროფესორი იდგა, უფროსი სტუდენტები კი ხუმრობდნენ, რომ ლექტორი მათი შვილის ასაკის შეიძლებოდა ყოფილიყო. თავად თომასი ამბობს, რომ გაკვეთილის დაწყების შემდეგ ასაკს მნიშვნელობა პრაქტიკულად აღარ აქვს — აუდიტორიაში ყველა ერთი მიზნით, სასწავლად არის მისული.
მისი სწავლების მეთოდიც გარკვეულწილად განსხვავებულია. თომასი ცდილობს, სწავლება მხოლოდ ლექციებსა და საშინაო დავალებებზე არ ააგოს და სტუდენტებს მეტი პრაქტიკული, პროექტებზე დაფუძნებული და ერთობლივი მუშაობა შესთავაზოს. მისი თქმით, ყველაზე სასიამოვნო მომენტია, როდესაც ხედავს, როგორ იგებს სტუდენტი საკითხს, რომელიც მანამდე რთულად ეჩვენებოდა.
ნეითან თომასამდე ყველაზე ახალგაზრდა მამაკაცი პროფესორის რეკორდი ცნობილ შოტლანდიელ მათემატიკოსს კოლინ მაკლორენს ეკუთვნოდა. ის XVIII საუკუნეში ცხოვრობდა და პროფესორი 19 წლის ასაკში გახდა. მაკლორენის რეკორდი 306 წლის განმავლობაში შენარჩუნდა.
თომასის გეგმები მხოლოდ ინჟინერიითა და უნივერსიტეტში სწავლებით არ შემოიფარგლება. ამჟამად 21 წლის ნეითანი კვლავ ასწავლის ინჟინერიის კურსებს ონლაინ რეჟიმში და პარალელურად University of Miami School of Law-ში იურიდიულზე სწავლობს.
მისი სამომავლო მიმართულება ინტელექტუალური საკუთრების სამართალია, განსაკუთრებით მეცნიერებასა და ტექნოლოგიებთან დაკავშირებული საკითხები. ამგვარად, ელექტროინჟინერიის ცოდნისა და სამართლის გაერთიანებას გეგმავს. მისი თქმით, ინჟინერიაში ჩამოყალიბებული პრობლემების ეტაპობრივად გადაჭრის უნარი სამართლის სწავლაშიც ეხმარება.
სწავლისა და მუშაობის მიუხედავად, თომასს ჩვეულებრივი ახალგაზრდული ინტერესებიც აქვს — თამაშობს კალათბურთს, ჩოგბურთსა და გოლფს, ასევე უკრავს ფორტეპიანოზე.
თავის განსაკუთრებულ აკადემიურ გზას კი სხვებისთვის სავალდებულო მაგალითად არ მიიჩნევს. მისი მთავარი გზავნილია, რომ ადამიანებმა საკუთარი შესაძლებლობებისა და ტემპის მიხედვით უნდა იმოქმედონ და სხვებს არ შეადარონ თავი. თომასის შემთხვევა მართლაც უკიდურესად იშვიათია: ასაკში, როდესაც მისი თანატოლების დიდი ნაწილი უნივერსიტეტში პირველ ნაბიჯებს დგამდა, მას უკვე ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხები ჰქონდა მიღებული და უნივერსიტეტის სტუდენტებს თავად ასწავლიდა.