ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი გვესმის უმძიმეს დაავადებაზე -დიუშენის კუნთოვან დისტროფიაზე, რომელიც პროგრესირებადია და ფატალურად სრულდება. საქართველოში ეს დიაგნოზი ასამდე ადამიანს აქვს და რა ხანია, მძიმე დაავადების მქონე ბავშვების მშობლები იბრძვიან წამლებისთვის, რომლებიც არსებობს და რამდენიმე ქვეყანაში ბავშვებს აქვთ მისი მიღების საშუალება. მშობლები ჯერჯერობით უშედეგოდ იბრძვიან და სათანადო პასუხსაც ვერ იღებენ სამთავრობო უწყებებისგან, ჯანდაცვის სამინისტროსგან, არადა, მათი შვილებისთვის ყოველი დღე მნიშვნელოვანია....
ამ დიაგნოზის მქონე რამდენიმე ადამიანია, ვის შესახებაც მსოფლიომ გაიგო. სწორედ ერთ-ერთ მათგანზე გიამბობთ...
ეს სამწუხარო ამბავი 2019 წლის მაისში მოხდა და მსოფლიო მედია მოიცვა - 16 წლის გენიოსი, ბიჭი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით, თუმცა ძალიან დიდი მიზნებით, გამოცდების პერიოდში გარდაიცვალა. სამ გამოცდაში, რომლის ჩაბარებაც მოასწრო, მან უმაღლესი ქულები მიიღო...
ვინაიაკ სრიდჰარი, ინდოელი სტუდენტი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით, დაავადებას არ ეპუებოდა. მან ძალიან ბევრი ისწავლა, იშრომა, ადრეული ბავშვობიდან, რომ დიდ სიმაღლეებისთვის მიეღწია.

ბიჭი ცნობილი მეცნიერით,ფიზიკოსითა და კოსმოლოგით, სტივენ ჰოკინგით იყო შთაგონებული. ჰოკინგს ამიოტროფიული სკლეროზის ძალიან იშვიათი, ნელა პროგრესირებადი ფორმა ჰქონდა. მან თითქმის 50 წელი იცოცხლა ამ დაავადებით, რომელიც ნელ-ნელა სრულ პარალიზებას იწვევდა, და მნიშვნელოვანი სამეცნიერო მიღწევების გაკეთება შეძლო.
ჰოკინგის შესანიშნავი კარიერა ახალგაზრდა ვინაიაკს დაეხმარა იმის გააზრებაში, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ უნდა ზღუდავდეს იმას, რისი გაკეთებაც შეგიძლია.დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზი პირველად ორი წლის ასაკში დაუსვეს.
საბოლოოდ, მან კოსმოლოგიის შესწავლა დაიწყო და ასტრონავტად ქცევის იმედი ჰქონდა... ის ამბობდა, რომ თუ ჰოკინგმა მოახერხა ოქსფორდში ჩაბარება და კოსმოლოგობა, თავად კოსმოსში წასვლა შეეძლო.
გამოცდების დროს ვინაიაკს მხოლოდ მარცხენა ხელის ოდნავ ამოძრავებაღა შეეძლო და ინგლისურისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების გამოცდებზე პასუხების დასაწერად დამხმარე საშუალებას იყენებდა. თუმცა, ფიზიკური სისუსტის მიუხედავად, დაჟინებით მოითხოვდა სანსკრიტის გამოცდის დამოუკიდებლად დაწერას...

Amity International School-ის მოსწავლე 16 წლის ინდოელმა ბიჭმა, მხოლოდ სამ გამოცდაზე დასწრება მოასწრო. საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ინგლისური და სანსკრიტი, წარმატებით ჩააბარა, თითოეული შესაბამისად, უმაღლესი, 96, 100 და 97 ქულით... თუმცა სანვმ გამოცდები დასრულდებოდა და სანამ კომპიუტერული მეცნიერებებისა და სოციალური მეცნიერებების ორ დარჩენილ გამოცდაზე დასწრებას შეძლებდა, ბიჭი გარდაიცვალა.
აღსანიშნავია, რომ ვინაიაკმა გამოცდა ზოგადი კატეგორიის მიხედვით ჩააბარა და არა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების (CWSN) კატეგორიაში...