მშობლები სპეციალურად აშინებენ, ამცირებენ, ისტერიკაში აგდებენ ბავშვებს, რომ ამ ვიდეოებით სოციალურ ქსელში ნახვები დააგროვონ - როცა შვილის ემოციები კონტენტი ხდება - მშობლები

მშობლები სპეციალურად აშინებენ, ამცირებენ, ისტერიკაში აგდებენ ბავშვებს, რომ ამ ვიდეოებით სოციალურ ქსელში ნახვები დააგროვონ - როცა შვილის ემოციები კონტენტი ხდება

2026-08-12 10:22:24+04:00

როდის მთავრდება „მშობლური ხრიკი“ და იწყება ბავშვის ემოციის კონტენტად გამოყენება?

სულ ცოტა ხნის წინ ვისაუბრეთ მშობლების "ხრიკზე", როგორ გადაეჩვიათ შვილები ტკბილეულისა და მავნე საკვებისგან. მშობლები ბავშვებს მუცელზე გადაატარებენ მობილურს ან რაიმე სხვა ნივთს, ეკრანზე კი თითქოს ულტრაბგერითი გამოსახულება გადის და მუცელში ჭია ჩანს, რომელიც ტკბილეულს და მავნე საკვებს მიირთმევს...

ეს თითქოსდა პატარა "ილეთი", ვირუსულ ტრენდად იქცა და ნელ-ნელა - კონტენტად, რომლითაც მშობლები ატირებული ბავშვების და მათი რეაქციების მეშვეობით ნახვებს "აგროვებენ". თუ მშობელი ბავშვს სახლში რაღაცას ასწავლის, ეს ერთი საკითხია. მაგრამ როდესაც ბავშვის შიში, ტირილი ან გაოგნებული სახე კამერაზე იწერება და შემდეგ მილიონობით ადამიანისთვის გასართობ კონტენტად იქცევა, ბავშვისთვის გაკეთდა ეს ყველაფერი — თუ ვიდეოსთვისაც?

სოციალური ქსელების ეპოქაში ბევრ მშობლებს ახალი ცდუნება აქვს: ყველაფერი, რაც სახლში ხდება, შეიძლება კონტენტად გადაიქცეს. და კიდევ - რასაც სადმე მოჰკრავენ ყურს, უჩნდებათ სურვილი, გაიმეორონ, გადაიღონ და "ნახვები დააგროვონ". "პოპულარობა" და "ინფლუენსერობა" ლამის თვითმიზნად იქცა და ხშირად ბავშვების ემოციებს თუ მომავალსაც აყენებენ საფრთხეში ამის გამო.

ბავშვის პირველი სიტყვა — კონტენტია. მისი უცნაური რეაქცია — კონტენტია. ტანტრუმი — კონტენტია. ბავშვის მოტყუება და შემდეგ მისი რეაქციის გადაღებაც — კონტენტია. და რაც უფრო ემოციურია რეაქცია, მით უფრო კარგად მუშაობს ვიდეო.

სწორედ ამიტომ უნდა დავსვათ კითხვა:თუ ბავშვის ყველაზე ძლიერი ემოცია ვიდეოს მთავარი „ხიბლია“, სად გადის ზღვარი აღზრდასა და კონტენტის შექმნას შორის?

წლების განმავლობაში არაერთი მსგავსი "ტრენდი" ვიხილეთ, რომლებსაც ბევრი მშობელი აჰყვა და მთავარი სანახაობა ბავშვის რეაქცია იყო:

  • „I'm so hungry I could eat a kid“ — 2025 წლის TikTok-ტრენდი. მშობლები ბავშვებს ეუბნებოდნენ, თითქოს იმდენად მშივრები იყვნენ, რომ ბავშვის შეჭმაც კი შეეძლოთ, შემდეგ კი მათ რეაქციას იღებდნენ. ტრენდმა ათეულობით მილიონი ნახვა დააგროვა. ბავშვთა ფსიქოლოგიის სპეციალისტებმა გააფრთხილეს მშობლები, რომ განსაკუთრებით პატარა ბავშვებმა სარკაზმი შეიძლება პირდაპირ გაიგონ და ასეთი „ხუმრობა“ მათთვის რეალურად შემაშინებელი აღმოჩნდეს. ზოგადად, ამ ფრაზას "უნდა შეგჭამო", "იცოდე შეგჭამ" - ხანდახან მოფერებითაც ბევრი იყენებს და არა მხოლოდ მშობლები. ეს თითქოს ხუმრობით ნათქვამი სიტყვები ემოციურმა ბავშვმა შეიძლება პირდაპირ გაიგოს, ვერც გამოხატოს შიში და დაძაბულობა და დარჩეს ტრავმად.

images-1-1786439658.jfif

images-1786439658.jfif

  • Egg Crack Challenge — მშობლები შვილს თავზე კვერცხს უმტვრევდნენ, თითქოს საჭმლის მომზადების პროცესში შემთხვევით მოხდა, და რეაქციას იღებდნენ. ამერიკის პედიატრიის აკადემია დღესაც სწორედ ასეთ „prank-and-post“ ტრენდებს ასახელებს მაგალითად: შეიძლება ფიზიკური დაზიანება მძიმე არ იყოს, მაგრამ ბავშვის დამცირება, შიში ან ნდობის შერყევა რეალური შედეგია.

images-2-1786439786.jfif

maxresdefault-1786439786.jpg

  • „Jessica“ ტრენდი — 2026 წელი. TikTok-ზე გავრცელდა იდეა, რომ ბავშვის ტირილის დროს სახელის „Jessica“-ს განსაკუთრებული ტონით დაძახება თითქოს ბავშვს ტანტრუმიდან „გამოიყვანს“. 2026 წლის მარტში გავრცელებული ვიდეო რამდენიმე კვირაში 12 მილიონზე მეტ ნახვას მიაღწია და შემდეგ სხვა მშობლებმაც დაიწყეს მისი გამეორება.

images-3-1786439852.jfif

  • უფრო ძველი, მაგრამ ბევრად უფრო მძიმე მაგალითებია Momo, Tide Pod, Blackout/Choking Game, Benadryl Challenge და სხვა ვირუსული გამოწვევები. მათგან ზოგი რეალურად საშიში იყო, ზოგი კი, მაგალითად Momo, ძირითადად ინტერნეტში გავრცელებული მითისა და პანიკის შემთხვევა აღმოჩნდა. ამერიკის პედიატრიის აკადემია დღეს ამ მაგალითებს იყენებს იმის ასახსნელად, რატომ იზიდავს ბავშვებსა და მოზარდებს ვირუსული გამოწვევები.

მექანიზმი თითქმის ყოველთვის ერთია:

ემოცია → ვიდეო → ნახვები → გამეორება → ტრენდი.

და რაც უფრო ძლიერია ბავშვის რეაქცია, მით უფრო „ვირუსულია“ კონტენტი.

ბავშვისთვის ეს შეიძლება უბრალოდ ხუმრობა არ იყოს

ზრდასრულს შეუძლია გაიგოს, რომ „ჭია მუცელში“ მოგონილი ისტორია იყო და რომ ბავშვს სინამდვილეში არ შეჭამენ, მაგრამ პატარა ბავშვისთვის მშობლის ნათქვამი ხშირად რეალობაა. მშობლის მიერ გამოგონილი შიში შეიძლება ბავშვისთვის ბევრად უფრო რეალური იყოს, ვიდრე ზრდასრულს წარმოუდგენია.

ერთი ოჯახის შემთხვევაში ეს შეიძლება უბრალოდ ცუდი გადაწყვეტილება აღმოჩნდეს,მაგრამ როდესაც იდეა ვირუსულად ვრცელდება, მისი გამეორება იწყება იმ ადამიანების მიერაც, რომლებმაც არ იციან, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მას კონკრეტულ ბავშვზე.ერთ ბავშვს შეიძლება გაეცინოს, მეორეს შეიძლება რამდენიმე წუთში დაავიწყდეს, მესამე კი რეალურად შეშინდეს. და მშობელს არ აქვს საშუალება წინასწარ იცოდეს, რომელი რეაქცია ექნება მის შვილს.

ამიტომ ის, რაც სოციალურ ქსელში „კრეატიულ მშობლურ ხრიკად“ ან ხუმრობად ჩანს, რეალურ ცხოვრებაში შეიძლება არც ისე უნივერსალური იყოს.

იქნებ პრობლემა თავად „ვირუსულ აღზრდაშია“?

სოციალური ქსელები მშობლებს უცნაურ კონკურენციაში ამყოფებს.

ვიღაცამ მოიფიქრა ხრიკი, რომელმაც ბავშვი ხუთ წუთში დააძინა,მეორემ — როგორ შეაჩერა ტანტრუმი,მესამემ — როგორ გადააჩვია ტკბილეულს,მეოთხემ — როგორ „მოუგო“ ბავშვს კამათში.და თითოეული ასეთი ვიდეო გვთავაზობს მარტივ ფორმულას:გააკეთე ეს — და ბავშვიც ასე მოიქცევა.

მაგრამ ბავშვები ალგორითმის მიხედვით არ იზრდებიან. რაც ერთ ბავშვზე მუშაობს, მეორეზე შეიძლება საერთოდ არ იმუშაოს და რაზეც ერთ ბავშვს გაეცინება, მეორეს შეიძლება რეალურად შეეშინდეს.

რა თქმა უნდა, მშობლობა ზოგჯერ კრეატიულობასაც მოითხოვს, მაგრამ როდესაც ხრიკის მთავარი ინსტრუმენტი ბავშვის შიშია ან მისი დაცინვა, ხოლო მისი ყველაზე ღირებული ნაწილი ინტერნეტისთვის სწორედ ბავშვის ემოციური რეაქცია ხდება, უკვე დროა, შეჩერდეთ.

„მუცელში ჭია გყავს, კიდევ შეჭამ ტკბილეულს და მავნე საკვებს? — როგორ იქცა ბავშვის შეშინება მშობლების ახალ ვირუსულ მეთოდად
ბავშვის ჰაერში აგდება, აუზში ან ზღვაში ძალით ჩაგდება, მოძრავი მანქანის ფანჯრიდან თავის, ხელის გამოყოფა... - ერთი შეხედვით უწყინარი, თუმცა ძალიან სახიფათო ქცევები, რომლებზეც უნდა იცოდეთ
ტორტში თავის ჩაყოფის უაზრო ხუმრობა, რომელიც სავალალო შედეგებით სრულდება - დასახიჩრებული ადამიანები სხვებს აფრთხილებენ