მშობელს ფორმის გადაცვლის შესაძლებლობა 14 კალენდარული დღის განმავლობაში ექნება, გადახდა კი უნაღდო ანგარიშსწორებას ითვალისწინებს - რა უნდა იცოდეთ სასკოლო ფორმების მიღებასთან დაკავშირებით
საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის უზრუნველყოფის წესები ოფიციალურად განისაზღვრა. შესაბამისი დოკუმენტი ადგენს როგორც ფორმის შეძენისა და უსასყიდლოდ გადაცემის, ისე მისი დაბრუნებისა და გადაცვლის პირობებს.
სასკოლო ფორმით მოსწავლეების უზრუნველყოფაში მონაწილეობს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, მათ შორის, სამინისტროს მიერ ამ მიზნით დაფუძნებული შპს "საგანმანათლებლო რესურსები".
უფასოდ სასკოლო ფორმა გადაეცემა იმ მოსწავლეებს, რომლებიც მთავრობის მიერ დამტკიცებული მიზნობრივი პროგრამის ბენეფიციარები არიან.
ერთი ბენეფიციარი მოსწავლისთვის ერთი სასწავლო წლის განმავლობაში განსაზღვრულია შემდეგი რაოდენობა:
ფორმის უსასყიდლოდ მიღება შესაძლებელი იქნება შპს "საგანმანათლებლო რესურსების" მიერ განსაზღვრული რეალიზების პუნქტებიდან ან გაცემის ცენტრებიდან. ასევე გათვალისწინებულია ონლაინ მოთხოვნის დაფიქსირების შესაძლებლობა.
ფორმის გადაცემამდე უნდა დადასტურდეს მოსწავლის ბენეფიციარის სტატუსი შესაბამის ერთიან ბაზაში.
თუ დაწყებითი საფეხურის მოსწავლე პროგრამის ბენეფიციარის სტატუსს სასწავლო წლის განმავლობაში მოიპოვებს, მისმა მშობელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა შპს "საგანმანათლებლო რესურსებს" დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნით უნდა მიმართოს.
კომპანია განცხადებას 10 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს და მიიღებს გადაწყვეტილებას - ფორმის უფასოდ გადაცემის ან გადაცემაზე უარის თქმის შესახებ.
უარის შემთხვევაში გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს და განმცხადებელს წერილობით ეცნობება. ასეთი გადაწყვეტილების გასაჩივრება სასამართლოშიც არის შესაძლებელი.
სასკოლო ფორმის შეძენა შესაძლებელი იქნება სპეციალურად განსაზღვრულ ფიზიკურ პუნქტებში/გაცემის ცენტრებში ან შპს "საგანმანათლებლო რესურსების" მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის საშუალებით.
ფორმის საფასურის გადახდა უნაღდო ანგარიშსწორებით განხორციელდება. რეალიზების თითოეულ პუნქტში უნდა იყოს მინიმუმ ერთი საბანკო გადახდის ტერმინალი.
თუ ტერმინალი არ მუშაობს ან პუნქტში მისი გამოყენება შეუძლებელია, თანხის გადახდა შესაძლებელი იქნება საბანკო გადარიცხვით ან შესაბამის სახაზინო კოდზე თანხის ჩარიცხვით და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენით.
მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს შეძენილი ან მიღებული სასკოლო ფორმის 14 კალენდარული დღის განმავლობაში გადაცვლის ან დაბრუნების უფლება ექნება.
თუმცა ამისთვის კონკრეტული პირობების დაცვაა საჭირო. გადაცვლა ან დაბრუნება შესაძლებელია:
თუ პრობლემა ზომას ეხება, მოთხოვნის წარდგენა ერთჯერადად არის შესაძლებელი. ეს შეზღუდვა არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ ფორმას ქარხნული დეფექტი აღმოაჩნდა.
ამასთან, დასაბრუნებელი ან გადასაცვლელი ტანსაცმელი უნდა იყოს დაუზიანებელი, შენარჩუნებული ჰქონდეს სასაქონლო სახე და სამომხმარებლო თვისებები, ეტიკეტი და არ უნდა აღენიშნებოდეს გამოყენების კვალი.
მოთხოვნით მშობელს შეუძლია მიმართოს როგორც შესაბამის რეალიზების პუნქტს, ისე შპს "საგანმანათლებლო რესურსებს".
თუ 14-დღიანი ვადა ან დადგენილი პირობები დაირღვა, კომპანიას ფორმის დაბრუნებაზე ან გადაცვლაზე უარის თქმის უფლება აქვს.
სასკოლო ფორმის სავალდებულო ტარების მოთხოვნის შესრულების უზრუნველსაყოფად საჯარო სკოლებს გარკვეული ვალდებულებებიც ეკისრებათ.
სკოლამ უნდა განახორციელოს შესაბამისი სამართლებრივი, ადმინისტრაციული და პრაქტიკული ღონისძიებები. მათ შორის, შინაგანაწესით უნდა განსაზღვროს ფორმის ტარების მოთხოვნის მონიტორინგის, პრევენციისა და პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომები.
კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში სკოლა ასევე ვალდებულია, მოსწავლის სასკოლო ფორმის ჩაცმის ვალდებულებისგან გათავისუფლების საკითხი სამინისტროსთან წერილობით შეათანხმოს.
შპს "საგანმანათლებლო რესურსები" ელექტრონულ სისტემაში აღრიცხავს როგორც გაყიდულ და უფასოდ გადაცემულ, ისე გადაცვლილ და დაბრუნებულ ფორმებს.
აღრიცხვასთან დაკავშირებული ინფორმაცია მოსწავლის მონაცემებსაც მოიცავს.
წესის მიხედვით, დამუშავდება მოსწავლის სახელი და გვარი, სქესი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, სკოლა, კლასი და სასკოლო ფორმის ზომა. ასევე შეიძლება დამუშავდეს საცხოვრებელი მისამართი, მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და საბანკო მონაცემები.
პერსონალური მონაცემების დამუშავება შესაბამისი კანონის მოთხოვნების დაცვით უნდა განხორციელდეს, ხოლო მონაცემების დამუშავებასა და დაცვაზე პასუხისმგებელი იქნება შპს "საგანმანათლებლო რესურსები".
წესში ფორმების შენახვისა და ტრანსპორტირების პირობებიცაა გაწერილი.
საწყობი, სადაც სასკოლო ფორმები განთავსდება, უნდა იყოს უსაფრთხო, მშრალი, სუფთა და ტენისგან დაცული. სასაწყობე ფართი დაცული უნდა იყოს, შენობის პერიმეტრი კი ვიდეომონიტორინგის სისტემით აღჭურვილი.
ფორმების რეალიზების პუნქტებსა და გაცემის ცენტრებში ტრანსპორტირება სპეციალურად გამოყოფილი სატრანსპორტო საშუალებებით განხორციელდება. ტანსაცმელი ისე უნდა განთავსდეს, რომ მისი დაზიანება არ მოხდეს.
ამრიგად, ახალი წესით დეტალურად არის განსაზღვრული სასკოლო ფორმის მთელი პროცესი – მისი დამზადებიდან და შენახვიდან დაწყებული, მოსწავლეებისთვის გაყიდვით ან უფასოდ გადაცემით დასრულებული. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის ბენეფიციარებისთვის უფასოდ გადაცემული ფორმის რაოდენობა წინასწარ არის განსაზღვრული, ხოლო ზომის შეუსაბამობის შემთხვევაში მშობელს ფორმის ერთჯერადად გადაცვლის შესაძლებლობა ექნება 14 კალენდარული დღის განმავლობაში.
ვრცლად ბრძანება საჯარო სკოლის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა სასკოლო ფორმის ტანსაცმლით უზრუნველყოფის ღონისძიებების, მათ შორის, მისი რეალიზებისა და გადაცემის წესის დამტკიცების თაობაზე შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე.